"კლინტონის ვიზიტისას ხელისუფლება სერიოზულ შენიშვნებს მიიღებს, საიდანაც შეიძლება რაღაც გაითვალისწინონ კიდეც, თუმცა ძალიან მაფიქრებს მათი მდგომარეობა..."

"ეს იყო საქართველოს ისტორიაში პირველი აქცია, რომლის მონაწილეებიც ხელისუფლების სასწრაფოდ გადაყენებას არ ითხოვდნენ და თანაც, ხალხი აქციიდან კმაყოფილი წავიდა. მათ მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო ბრძოლა და რის იმედი უნდა ჰქონდეთ "ქართული ოცნების" გამარჯვების შემთხვევაში. ამ აქციამ აჩვენა, რომ საქართველომ პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადადგა... სააკაშვილის განცხადება - ყოველთვის მოიძებნება ათობით ათასი ადამიანი, ვინც რეფორმებით უკმაყოფილოაო - ტყუილია, ეს ხალხი რეფორმებით კი არ არის უკმაყოფილო, არამედ სააკაშვილის მმართველობით. საქართველოში ერთადერთი - პოლიციის რეფორმა ჰგავდა წარმატებულს და ისიც პოლიციის პოლიტიზებითა და ამ უწყების მეშვეობით ადამიანების დატერორებით დასრულდა. ან განათლების რეფორმა ჰგონია ვინმეს წარმატებული, მაშინ, როდესაც ჩვენმა ახალმა თაობამ შვიდის შვიდი პროცენტი რამდენია არ იცის?", - აცხადებს კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ვეჭვობ, კლინტონი საქართველოში ჩვენს ხელისუფლებაზე განაწყენებული ჩამოდის".

"უპირველესად ვთქვათ, რომ აქციაზე იყო თბილისის მოსახლეობა და რეგიონებიდან ხალხის მობილიზება არ მომხდარა. დედაქალაქში "ქართულ ოცნებას" ჰყავს ასი ათასი დარეგისტრირებული მხარდამჭერი, რაც ნიშნავს, რომ ეს ქალაქი ოპოზიციას, პრაქტიკულად, მოგებული აქვს. თუმცა ეს არ იქნება პირველი შემთხვევა. 2008 წელს თბილისში არჩევნები ოპოზიციამ ორჯერ მოიგო. მთავარი ისაა, რომ აქ არავის მოუყრია ხალხი ძალით და ავტობუსებით. ეს ადამიანები თავიანთი ნებით გამოვიდნენ ქუჩაში, თუ არ ჩავთვლით კუდის თანამშრომლებს, რომლებიც ხალხში გაერივნენ და ტაშსაც უკრავდნენ, მაგრამ აშკარად გამოირჩეოდნენ ყველასაგან - ვერ მოიშალეს შავი ტანსაცმლითა და სათვალით სიარული. ისე, ცოტა არ იყოს, დაძმარებული სახით კი იდგა რამდენიმე მათგანი... დიდი აქციის ქუთაისში გამართვა "ქართული ოცნებისთვის" პრობლემა არ არის. მითია, თითქოს რეგიონებში "ნაციონალური მოძრაობა" განსაკუთრებულად უყვართ. ეს ტყუილია და ამას მალე ყველას დავანახვებთ. იქ ინფორმაციის ნაკლებობაა, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, ეს პრობლემა დავძლიოთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილი. 

"ეს არ ყოფილა მხოლოდ დასავლეთისთვის გათვლილი აქტიურობა, იქ ისედაც იციან, ვინ გვიჭერს მხარს და ისიც იციან, თვითონ ვინ მოსწონთ და ვინ - არა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს პროცესები დასავლეთისთვის შეუმჩნეველი არ დარჩა და ეს აისახა მსოფლიოს წამყვან მედიასაშუალებებში. სხვათა შორის, ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ამ აქციაზე არ ილაპარაკა, იყო რუსეთი. თუმცა სახელისუფლებო პროპაგანდის მიხედვით, "ქართული ოცნების" აქცია ლამის პუტინის მიერ იყო ორგანიზებული. მხარდამჭერების სიმრავლე დასავლეთმა ნამდვილად აღიქვა მნიშვნელოვან ინფორმაციად, მაგრამ ეს არ იყო აქციის მთავარი მიზანი. ძირითადი მიზანი იყო შევხვედროდით ერთმანეთს, გვენახა, რამდენი ვართ და გაგვემხნევებინა ერთმანეთი", - განაგრძობს რესპონდენტი.

"დიახ, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან შეიძლება მართლა გაიმართოს, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, ქალბატონი კლინტონის დრო როგორ არის გაწერილი და რას არჩევს ის - შეხვდეს ოპოზიციას, რომელიც რეალურად ოპოზიცია არ არის, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაჯილდოებულ გიორგი თარგამაძეს, თუ რეალურ ოპოზიციას, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს. ეს დამოკიდებული იქნება იმაზეც, როგორ იმუშავებენ ჩვენი ჯგუფები. ვფიქრობ, ქალბატონი კლინტონის დამოკიდებულება საქართველოსა და მისი ხელისუფლებისადმი კარგად გამოჩნდა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ ვითარებას აფასებს. ამ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გამოვარდა ზოგიერთი ვაიპარლამენტარი და იძახა, ამერიკელებმა არაფერი იციან და ამ ანგარიშშიც არაფერია საინტერესოო. ისე, თუ იცოდნენ კლინტონის ჩამოსვლის ამბავი, წესით, ეს სისულელეები არ უნდა ელაპარაკათ. ვეჭვობ, კლინტონი საქართველოში ჩვენს ხელისუფლებაზე განაწყენებული ჩამოდის. მიმაჩნია, რომ მისი ჩამოსვლა იქნება ძალიან სასარგებლო როგორც მთელი რეგიონის, ასევე საქართველოსთვის", - მიიჩნევს ლევან ბერძენიშვილი.

"სახელმწიფო დეპარტამენტის ახლანდელი ანგარიში წინა წლების ანგარიშებთან შედარებით ნამდვილად გაცილებით მკაცრია - ადრე დადებითად და უარყოფითად შეფასებულ საკითხთა შორის შეფარდება დაახლოებით ათი თხუთმეტთან იყო. დღეს ამ ანგარიშში მხოლოდ და მხოლოდ სამი საკითხია დადებითად შეფასებული. ესენია: კანონი რელიგიური უმცირესობების სტატუსის თაობაზე, მსოფლიო სტანდარტების ციხეების მშენებლობა და რიგ საქმეებზე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება. დამეთანხმებით, აქედან არც ერთი არ არის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი, თანაც ამ სამიდან ორის წარმატებულობა შემდეგ გაკეთებული შენიშვნებით ანგარიშშივე ეჭვქვეშაა დაყენებული. ერთი მხრივ, დოკუმენტში აღნიშნულია ციხეებში პატიმრების მძიმე მდგომარეობა, მეორე მხრივ კი - სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ძალიან დაბალი ხარისხი. ნათქვამია ასევე, რომ კვლავაც რთულია ვითარება მედიაში და რომ არსებობს პოლიტიკური ნიშნით დევნის შემთხვევები, და რომ ამ ყველაფერში მონაწილეობს სახელმწიფო", - დასძენს ლევან ბერძენიშვილი. 

"ცალკე საკითხია საარჩევნო გარემო და იქ არსებული პრობლემები. ამდენი შენიშვნა აქამდე არც ერთ ანგარიშში არ ყოფილა. ტონი აშკარად მკაცრია, თუმცა დიპლომატიური ეთიკა დაცულია. გარდა ამისა, შეიცვალა დოკუმენტის ფორმაც, წინა წლებში ის იყო უფრო დიდი და ამორფული, ახლა არის მოკლე და ძალიან კონკრეტული. უშუალოდ გვარები, სახელები და თარიღებია მითითებული. ერთ-ერთმა პარლამენტარმა თქვა, კონკრეტულად გველაპარაკონო, ამაზე მეტი რა უნდა ქნან? თუმცა კაკო ბობოხიძემ ხომ თქვა ერთხელ, ამერიკას და მის ელჩს ვინ ჰკითხავსო. არადა, ხომ ცხადია, რომ ბობოხიძე იბრძვის თავისი ადგილისთვის "მზის ქვეშ" და მას ქვეყანა სულაც არ აინტერესებს. უნდა როგორმე მომავალ პარლამენტში მოხვდეს და რადგან ინტელექტით ამდენს ვერ გასწვდა, ახლა მუშტი-კრივით, დედის გინებით, ამერიკის ლანძღვით ცდილობს სააკაშვილისთვის თავის მოწონებას. არადა, ამით ქვეყნის ინტერესებს რომ აზარალებს, ვერც კი ხვდება", აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "როგორ ფიქრობთ, როგორ წარიმართება წინასაარჩევნო პროცესი და რა კონტრნაბიჯებს ელით ხელისუფლებისგან?" - პასუხობს:

"ვფიქრობ, კლინტონის ვიზიტისას ხელისუფლება სერიოზულ შენიშვნებს მიიღებს, საიდანაც შეიძლება რაღაც გაითვალისწინონ კიდეც, თუმცა ძალიან მაფიქრებს მათი მდგომარეობა, რაც 27 მაისსაც გამოჩნდა. ვგულისხმობ იმას, რომ თბილისის ქუჩებიდან საერთოდ გააქრეს პატრული, აშკარად იმედი ჰქონდათ, რომ რაღაც პროვოკაცია მოხდებოდა და წესრიგის დაცვას ვერ შევძლებდით. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება პანიკაშია, ვეჭვობ, ასობით ათასი მხარდამჭერის დაჭერა შეძლონ, საამისოდ, უბრალოდ, რესურსი არ ეყოფათ, თუმცა პანიკაში ჩავარდნილი ადამიანისგან კარგს რომ არაფერს უნდა ველოდოთ, ცხადია".