"მე ვიცი, რომ წელს თქვენი შვილი სამაგისტრო გამოცდას აბარებდა და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. მესმის, რომ დედისთვის ეს არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ მე ამ ფაქტით ვამაყობ. თქვენ შეგეძლოთ, საკუთარი შვილისთვის ტესტები გეჩვენებინათ, მაგრამ ეს არ გააკეთეთ, რაც ნიშნავს, რომ დღეს ვისი შვილიც არ უნდა იყო, თუ ცოდნა არ გაქვს, უმაღლესში ვერ მოხვდები. ვერც რუსეთმა და ვერც უკრაინამ მსგავსი სისტემის შექმნა ვერ შეძლეს. მათ ამის ნება არ ეყოთ," - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2009 წელს ეროვნული გამოცდების შემდეგ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელთან მაია მიმინოშვილთან შეხვედრისას.
თუმცა ეს იყო 2009 წელს. ამის შემდეგ კი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს ხოლმე ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში, დიდი დრო გავიდა, რეზიდენციის წინ მტკვარმა ბევრი წყალი ჩაატარა და მიხეილ სააკაშვილი და მის გუნდი, კერძოდ კი განათლების მინისტრი დიმა შაშკინი მაია მიმინოშვილით არ ამაყობენ.
ოფიციალურად ეს "ვერსიამაყე" ასე ჟღერს, "საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარეობს არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.
სამწუხაროდ, რეფორმების განხორციელების პროცესში შეიქმნა პრინციპული შეუთავსებლობა განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის.
გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში და უზრუნველყოფს საატესტატო გამოცდების შეუფერხებლად მიმდინარეობასა და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას".
უკაცრავად მაგრამ რომელი კანონით რეგულირდება პრინციპული შეუთავსებლობა? სამოქალაქო, შრომის კანონთა, მანდატურების, სასჯელაღსრულების, პოლიტიკური არასანდოობის (ასეთი დაუწერელი კანონიც არსებობს), თუ უვიცი და სფეროში ჩაუხედავი მაღალჩინოსანისთვის საკუთარი კონცეპტუალური ხედვის მიწოდებით? ან იქნებ იმ კანონითა თუ ნორმით, რომელსაც "შაშკინიადა" ჰქვია. ანუ მე ვარ და ჩემი ნაბადის პრინციპით? იქნებ სულაც რომელიმე მანდატურის დასაწინაურებლად გაკეთდა ყოველივე, რომელმაც, რომელიღაც სკოლაში, ტერორისტული აქტი აღკვეთა?
მიმინოშვილის სიძლიერეზე თავად განათლების სამინისტროს განცხადება მეტყველებს. ადამიანს, რომელსაც პრინციპული შეუთავსებლობა ჰქონდა განათლების სამინისტროს პოლიტიკასათან და ეს საკითხი საჯარო არასოდეს გაუხდია. რამდენი ასეთი კადრი "დაიქნია" 2003 წლის მერე ხელისუფლებამ და რამდენი მათგანი იდგა და თანაუგრძნობდა გუშინ "ქართულ ოცნებას".
როგორც ირკვევა, პრინციპული შეუთავსებლობა 27 მაისს, მაია მიმონიშილის ვაჟის "ქართული ოცნების" აქციზე მისვლა ყოფილა. ეს ალბათ შაშკინისეული დემოკრატიაა, რომელის საფუძველი კომუნისტურ იდოლოგიას უფრო ეყრდნობა. ცხადია ეს შაშკინმაც იცის და ისიც იცის, რომ პავლიკა მოროზოვები ვერ ააშენებენ ამ ქვეყანას. რა მოითხოვეთ "შაჰ-აბასივით"მიმინოშვილიგან, შვილის თავი? 2003 წლის შემდეგ რაც ცოდვა დატრიალდა ამ ქვეყანაზე აღარ ჩამოვთვლი, მაგრამ განა ეს ერთი ფაქტი არ მეტყველებს იმაზე, რომ მზად ხართ შვილებს უთხრათ მშობლები დახვრიტეთო და მშობლეს კი შვილების თავები მოსთხოვოთ?
ისიც კი არ იკადრეთ ღიად გეთქვათ ადამიანისთვის სიმართლე - რატომ და რისთვის გაათავისუფლეთ.
"თანამდებობიდან გათავისუფების შესახებ პირადად მინისტრისგან დღეს გავიგე, რაც სრულიად მოულოდნელი იყო . არ მესმის, რას ნიშნავს პრინციპული შეუთავსებლობა. ახლა მთლიანად ორიენტირებულები ვიყავით გამოცდებზე და მთელი ამ ხნის განმავლობაში ამ საქმეს არც თუ ცუდად ვაკეთებდით. მე ჩემი მოსაზრება მქონდა განათლების სისტემასა და გამოცდების შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა და ამის უფლება ყველას აქვს. თუ ამას გულისხმობდა მინისტრი პრიციპულ შეუთავსებლობაში, ეს მისი პირადი პრობლემაა", - განუცხადა ჯი-ეიჩ-ენს" მაია მიმინოშვილმა.
და ბოლოს, ბატონო პრეზიდენტო, რა ვუყოთ ახლა, დიმა შაშკინის ბოღმანარევ ქმედების შემდეგ, თქვენს ნათქვამ სიტყვებს, რომლითაც მაია მიმინიშვილს მიმართეთ ავლაბრის რეზიდენციაში მთელი ქვეყნის გასაგონად: "თქვენზე და თქვენნაირ ადამიანებზე დგას ეს ქვეყანა. მადლობას გიხდით იმისთვის, რასაც ასე წარმატებით ახორციელებთ".
ერთადერთი მორალს და ზნეობას არ აქვს ორმაგი სტადარტი. ან იქნებ აქვს და ამის განმარტება დემოკრატმა ლუციფერმა - დიმიტრი ნიკოლოძის-ძემ გააკეთოს, რომელმაც დედას დედობა არ აპატია, შვილს კი დამოუკიდებელი და თავისუფალი არჩევანი.