კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ „გლობალ TV" 5000 ლარით დააჯარიმა. გლობალ TV-ის მხრიდან სამართალდარღვევის ფაქტზე ეროვნულმა კომისიამ გუშინ გამართულ სხდომაზე იმსჯელა.
ვიდრე კომისია გლობალ TV -ის სანქცირებას გადაწყვეტდა, გლობალ ტვ-ის წარმომადგენლებმა, გარემოებების სათანადო გამოკვლევის მიზნით, კანონით დადგენილ ფარგლებში განმეორებით შემოწმება მოითხოვეს. მათ მიაჩნიათ, რომ სამართალდაღვევის ფაქტი "არაუფლებამოსილმა პირმა, არასწორად შეამოწმა" მოპასუხე მხარის არგუმენტების მიუხედავად, კომისიამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„ყველფერი ცხადია, სამართალდარღვევა სახეზეა, განმეორებითი შემოწმება საჭირო არ არის" - აღნიშნა კომისიის ერთ-ერთმა წევრმა.
„სამართალდარღვევა ტაბახმელის სათაო ოფისიდან მახათას მთის სადგურამდე გამოყენებული რადიოსიხშირული დიაპაზონის არამართლზომიერად დაკავებაში მდგომარეობს, აღნიშნული კი ადმინისტრაციულ სამრთალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დარღვევაა და სანქცირებას ექვემდებარება " - განაცხადა მარეგულირებელი კომისიის იურისტმა კახი ყურაშვილმა.
როგორ შემოწმდა მიმღები მოწობილობები და რით დასტურდება, რომ მართლაც გლობალ TV -ის საკუთრებაში არსებული მიმღები აპარატურა შეამოწმეს? - ეს კითხვები სხდომაზე გლობალ ტვ-ის ხელმძღვანელმა დასვა.
გლობალ TV -ის ხელმძღვანელის ზურაბ ბაზღაძის თქმით მიმღები აპარატურის შემოწმებას ვინმე გია კობახიძე ესწრებოდა, რომელიც დიანტერესებულ მხარეს წარმოადგენდა; ამიტომაც მისი აპარატურით ჩატარებულ გაზომვებს არ ენდობა.
რადიოსიხშირის დეპრატამენტმა სიცხადისთვის სხდომაზე ვიდეო და ფოტო მასალა წარმოადგინა. ვიდეოში გაზომვითი სამუშაოების მიმდინრეობა იყო ასახული, თუმცა როგორც ზურაბ ბაზღაძე ამბობს, ეს კადრები არაფერს ამტკიცებს.
„შეიძლება ეს სპექტრი სხვაგან არის გადაღებული. აღნიშნულ მოწყობილობას, „პრომაქს", მეხსიერება გააჩნია და შემიძლია, ერთი თვის წინ თუ ორი დღის წინ გადაღებული ინფორმაცია ნებისმიერ დროს ამოვწიო. აქ არ ჩანს, რომ ეს ინფორმაცია გადაღებულია იმ დღეს როცა შემოწმება მოხდა " - თქვა ზურაბ ბაზღაძემ.
„არანაირი შუამდგომლობის დაყენებას არ აქვს აზრი, თქვენ არ ხართ მარეგულირებელი, თქვენ ხართ დამსჯელი ორგანო" - მიმართა კომისიის წევრებს გლობალ TV -ის დირექტორმა.
გლობალ TV -ის მიერ სიხშირის არამართლზომიერად დაკავების ფაქტი მარეგულირებელმა კომისიამ მონიტორინგის შემდეგ დაადგინა.
„აღნიშნული მონიტორინგი იმის გამო ჩატარდა, რომ ერთ-ერთ ორგანიზაციას „რეალკომს"თავისი ლიცენზიით გათვალისწინებულ სიხშირეებს ხარვეზები ჰქონდა" - აღნიშნა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურისტმა კახი ყურაშვილმა.
კახი ყურაშვილის თქმით, ადრე თუ გვიან სამართალდარღვევის ეს ფაქტი კომისიისთვის ცნობილი გახდებოდა, რადგან რადიოსიხშირის დეპარტამენტი გეგმიურ მონიტორინგს რეგულარულად ატარებს. თუმცა „ლიბერალის" კითხვაზე, ბოლოს როდის მოხდა აღნიშნული სიხშირის გეგმიური შემოწმება, კახი ყურაშვილმა, ვერ გვიპასუხა. როგორც მან აღნიშნა, გეგმიური მონიტორინგის გრაფიკი არ იცის და რადიოსიხშირის დეპარტამენტის მიერ აღნიშნული სიხშირის შემოწმება ბოლოს როდის მოხდა, ზუსტად ვერ გვეტყვის.
სხდომას "ლევან მიქელაძის ფონდის" დირექტორიც ესწრებოდა. ლევან დოლიძეს აზრის გამოხატვა იქამდე სურდა, ვიდრე კომისია საქნციების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა, თუმცა, ამის შესაძლებლობა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მიეცა.
„კომისიაში აღმოფხვრილი კანონდარღვევებთან დაკავშირებით გარკვეული პრაქტიკა არსებობს. მინდოდა შემომეთავაზებინა კომიისთვის, რომ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე კომისიას სანქცირებისგან თავი შეეკავებინა, ისევ როგოროც ეს არაერთხელ მომხდარა. " - მიმართა ლევან დოლიძემ კომისიის წევრებს.
კახი ყურაშვილმა მსგავსი პრაქტიკის არსებობის ფაქტი არ დაადასტურა, რის შემდეგაც მიქელაძის ფონდის დირექტორი ლევან დოლიძე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომიის წევრებს და იურიდული დეპრატამენტის ხელძღვანელს აღნიშნული გადაწყვეტილებების ასლების გაგზავნას საჯაროდ დაჰპირდა.