„კავკასიური სახლი“ საკონსტიტუციო საზოგადოებრივი კომისიის გამო დასაჯეს

„კავკასიური სახლი“ საკონსტიტუციო საზოგადოებრივი კომისიის გამო დასაჯეს

[როზი ჯღამაია]
იუსტიციის სამინისტროში დაწერილი კონსტიტუცია, მრავალწლიანი მმართველობის სურვილით გამოწვეული ეიფორია და დაუგეგმავი პროცესები, რომელმაც შესაძლოა, „ნაციონალური“ ეიფორია ჩააცხროს, მოთხოვნა-მიწოდების კანონზომიერება ძირითადი პრინციპები და მათი გავლენა აქტიურ პოლიტიკაზე, მოლოდინები და მომლოდინეები... ეს არის ინტერვიუ, რომელიც ზოგადად ყველა ამ თემას მოიცავს და, რომელიც პრესა.გემ „ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტთან სოსო ცისკარიშვილთან ჩაწერა.

კონსტიტუციის ახალი პროექტი განსაკუთრებით აშფოებს ექსპერტებს, რადგან ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის თარგზეა მოჭრილი. მხოლოდ ეს არის ამ პროექტის პრობლემა, თუ ნებისმიერ შემთხვევაში იგი საფრთეს წარმოადგენს ნებისმიერი მმართველის ხელში?
-„ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი ხედვით, ძალაუფლების შესანარჩუნებლად მოსულია „აწ და მარადის, უკუნისით უკუნითამდე“.

ეს სურვილია, მაგრამ ამის რეალური შანსები თუ აქვთ?
-„ნაციონალების“ ხედვა წარმოშობილია, მუდმივი მმართველობის პრინციპით და ეს კონსტიტუციაც დაუფარავად ასახავას ამას. მართალია, არსებობს რამდენიმე ფრაზა მორიგი სიყალბის შენიღბისთვის, რომელიც საზღვარგარეთელი მიამიტი მეგობრებისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ საქართველოში მაცხოვრებელთათვის შესაძლებელია, მხოლოდ ორი ალბათობა, ერთი - იცი რა უბედურებაში ხარ, მაგრამ ეჩვევი და შეჩვეული ჭირის უკეთესობის პრინციპით დუმხარ. მეორე კი გახლავთ მიუღებლობა - მუდმივად ჭირში ყოფნით საკუთარი თავმოყვარეობა დათმო და ღირსებაც გათელო.

ასეთი კონსტიტუციის მიმართ სხვა დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს ჩვენი ქვეყნის რამდენიმე ასეულ მოქალაქეს, რომელიც ზღვარგადასულ ხეირშია და, რომლისთვისაც არც ქუდია ცა და არც დედამიწა - ქალამანი. ამიტომ, საუბარი მხოლოდ თეორიულ ჭრილში ამა თუ იმ მუხლის მიზანშეწონილებისა არის მცდელობა იმისა, რომ თავად მოვიყარო თავზე ნაცარი.

სრულიად მკაფიოა, რომ დემოკრატიისგან სრულიად შორს არის ვოვაკრატიაც და მიშაკრატიაც. აქამდე ვოვაკრატია უფრო შორს იდგა დემოკრატიისგან, ხოლო ამ კონსტიტუციით ვოვაკრატიას უნდა შურდეს მიშაკრატიის, რადგან მიშაკრატიაში მოიფიქრეს ის, რაც ვერ მოიფიქრეს, ან ვერ გაბედეს დაეფიქსირებინათ ვოვაკრატიში.

კონკრეტულად რა?
-კერძოდ, თუ პარლამენტი უნდობლობას უცხადებს მთავრობას, შეიძლება ეს მთავრობა კი არ გადადგეს, შეიძლება ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი დაიშალოს. როცა ამ ბერკეტსაც აძლევს პრემიერ-მინისტრს, ბუნებრივია ეს გვაფიქრებინებს, რომ აღნიშნული მუხლი შეიქმნა არა საკონსტიტუციო კომისიაში, არამედ დღევანდელი იუსტიციის მინისტრის კაბინეტში, რომელიც ვერ გამოვიდა გენერალური პროკურორის აურიდან და ასრულებს რა ორივე მოვალეობას, რასაკვირველია კმაყოფილია უფრო საკუთარი პროკურირობით, ვიდრე რაიმე ტიპის მინისტრობით.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ ახალ რედაქციას უმრავლესობა დიდი მიღწევად აფასებს და ამბობს, რომ პრეზიდენტი არ უნდა ვაქციოთ პარლამენტის მძევლად. აქაც შეიძლება ფარულ ხრიკზე ვისაუბროთ?
-აქ ჩადებული გახლავთ ის რეალობა, რომ პრეზიდენტი და პრემიერი გახლავან ერთი ჩურჩხელის ძაფზე ჩამოკიდებული ნიგოზის მარცვლები. როცა ერთს მოქაჩავ, მეორეც შეირყევა და დაკარგავს მიმზიდველობას. პრეზიდენტი, რომელიც დიდი ალბათობით მოიქცევა ისე, რომ პარლამენტსაც გადარევს, პარლამენტის მხრიდან ნებისმიერი ზეწოლისგან დაცულია. ამიტომ, 15 დღეში, როგორც კანონშია გაწერილი (ეს 15 წუთია იმპიჩმენტის პროცესისთვის) არ მოხერხდა შედეგის მიღწევა, მაშინ საკითხი საერთოდ აღარ განიხილება.

თუ წინასარ ვუფრთხით ორ ცეცხლს შუა არ აღმოჩნდეს პრემიერი და პარლამენტს არ უნდა მივცეთ საშუალება პრემიერის ფავორიტი პრეზიდენტის გადააყენოს, მაშინ ამავე პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს უფლება წარუძღვეს ძალოვან და სამართალდამცველ ორგანოებს, როგორც ეს დღეს არის და პრემიერ მინისტრი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამართლადამცველი ორგანოების მამა და მარჩენალი.

საინტერესო ისაა, რომ ამ და სხვა თემებით არავინ დაინტერესებულა პრეზიდენტის ჩათვლით. ამ კომისიიდან პროექტი რომ წავიდა პრეზიდენტთან, ერთი ღამე მაინც ხომ უნდა გაეთია პრეზიდენტის სამსახურში, რომ ვიღაცას წაეკითხა. მეორე დღეს, რომ უმალ პარლამენტში აღმოჩნდა, ეს რას ნიშნავს? - რომ ამ კომისიის ხელმძღვანელი არ ყოფილა ავთო დემეტრაშვილი. კომისიის თავმჯდომარე იყო ზურაბ ადეიშვილი. თუ ვინმეს გული გაუსკდებოდა სააკაშვილის პრეზიდენტობიდან გადადგომით, სწორედ, ეს არის ზურაბ ადეიშვილი. ამიტომ, აქვს მას სრული ნდობა, რომ იციან, ნებისმიერ მძიმეს და წერტილს დასვამს იქ, სადაც არის სააკაშვილის ბედნიერი პერსპექტივა.

დღემდე გაუგებარია რა როლი ჰქონდა ლევან რამიშვილს კომისიის მუშაობაში. მისი საკონსტიტუციო ვარიანტი მიხეილ სააკაშვილზე მორგებული ალბათ, ნაკლებად იყო. თუმცა, ბევრი ფიქრობს, რომ რამიშვილი ანტურაჟისთვის იყო კომისიაში მიწვეული.

-არა მგონია, ლევან რამიშვილი არ არის ის ფიგურა, მხოლოდ ანტურაჟისთვის გაისარჯოს და ფონის შესაქმნელად დაედოს რაიმე პროცესს. მას საკუთარი ხედვა აქვს, ბევრისთვის მიუღებელი, მაგრამ თავისი განათლებით და პატიოსნებით, მაინც გამოირჩევა ბევრისგან, რაც არც თუ ისე გავრცელებული სენია „ნაციონალებში“.

ამ შემთხვევაში ვარიანტის ამორჩევა ხდებოდა სრულიად მკაფიოდ, რითაც დაიწყო ეს ფარსი, რომელსაც საფუძვლად ედო ხელისუფლების სურვილი, რომ დამთავრებულიყო საუბარი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგზე და მიეჩინათ ოპოზიციისთვის სარბიელი, რათა გამოემჟღავნებინათ საკუთარი ცოდნა და სურვილები. ალბათ, გახსოვთ პირველი შეხვედრა პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის, რომელიც კრახით დასრულდა, ეს იყო საწყისი ეტაპი საკონსტიტუციო მიღების პროცესისა.

უკაცრავად მაგრამ სად ეჩქარება ამ იდეის ავტორს თუ ეს კონსტიტუცია ძალაში უნდა შევიდეს 2013 წლის ნოემბერ-დეკემბერში? მიზეზი ისევ დაისევ ისაა, რომ ეს არის მორგებული ერთ ადამიანზე. სხვა ნაფიქრალი, რასაც შეიძლება უფრო დიდი სიამოვნებით ახმოვანებენ კომისიის თავმჯდომარე და მისი მოადგილე, საინტერესოა იურისტებისთვის, მაგრამ საზოგადოებისთვის სულ რამდენიმე მუხლია საკმარისი საკმარისია დასამახსოვრებლად, სად არის შავი და თეთრი ფერი.

ეს მუხლები რომ საჯაროდ ცხადდება ამასაც კი ვერ იტანს ხელისუფლება. სხვა მიზეზსს ვერ ვხედავ, რატომ აღმოჩნდა ის შენობა საფრთხეში, სადაც იკრიბებოდა საზოგადოებრივ საკონსტიტუციო კომისია.

კავკასიურ სახლს გაყიდვას ხომ არ უპირებენ?
-დიახ, გადასცეს კულტურის სამინისტროს. იქ სხვა დაწესებულებას ქმნიან. ქალბატონი ნაირა გელაშვილი რაც თავი მახსოვს, სულ ერთი და იგივე პოზიციაზეა და არასოდეს ხელისუფლების მაამებელი აგიტატორი არ ყოფილა. შეიძლება სხვადასხვა ხელისუფლებას ნერვები ეშლებოდა, მაგრამ იგი შესანიშნავად უძღვებდა „კავკასიურ სახლს“.

მას უზარმაზარი ავტორიტეტი აქვს ზოგადად კავკასიაში, მაგრამ ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, ვერ აიტანა, რომ მან თავშესაფარი მისცა საზოგადოებრივ კომისიას. როგორ უნდა შეფასდეს, ის, როცა ასეთი პრიმიტიული შურისძიებისთვის იცლის პრეზიდენტი? ყოველივე ამის შემდეგ, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ხელისუფლება შეეცდება იმის მტკიცებას, რომ ასეთი დემოკრატიული კონსტიტუცია ჯერ არსად ყოფილა.

საქართველოში ყველა იმ მაღალი დონის ვიზიტების შემდეგ, რომელმაც მცირედენი იმედი ჩაუსახა ოპოზიციას, რომ დასავლეთი შესანისნავად ხედავდა საქართველოში მიმდინარე პროცესებს, გამოდის, რომ ფუჭი იმედებია? ფიქრობთ რომ დასავლეთი ისევ ბრმა და ყრუ აღმოჩნდება და კვლავ ამ ხელისუფლებას დაუკრავს ტაშს?
-ისეთი გრძნობა მაქვს, რომ დღეს სააკაშვილის ყოფილი მეგობრები ბედნიერები იქნებიან მიეცეთ მიზეზი კვლავ ტაშის კვრისა. თანაც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი ხელისუფლება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ატარებს გაუმჭვირვალე პოლიტიკას, არამედ საკმაოდ აქტიურია საზღვარგარეთ საკუთარი ლობისტური კომპანიების დახმარებით და ამავე დროს, არ ვიცი რა ძალაა, მაგრამ ჩვენს პრეზიდენტს არც უცხოელი მრჩევლები აკლია, რომელიც მუდმივად არწმუნებენ იმაში, რომ იგი შეუცვლელია. რომ არა იგი, საქართველო მსოფლიო რუკიდან დიდი ხნის წინ წაიშლებოდა. დღეს ასეთ როლს ასრულებს ბატონი გლუკსმანი.

ამავე დროს არის მუდმივი მცდელობა აზროვნების პოლარიზებისა - თუ არა სააკაშვილი, მაშინ - პუტინი. აზროვნების ასეთმა პოლარიზებამ, საკმაოდ ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი იმსხვერპლა. თუ ვინმეს სააკაშვილი არ მოსწონს, ე.ი. ის პუტინის ფანია. სხვათა შორის, ეს მოდელი რუსეთშიც მუშობს. სწორედ სააკაშვილის ფანები არიან ის ადამიანები, რომლებიც ვერ იტანენ პუტინს, მაგრამ რუსეთში ვითარება ბევრად უფრო პრიმიტიულია, ვიდრე საქართველოში.

ძნელი მოსაძიებელია თემა ან სფერო, რომ სააკაშვილი მართლა ჯობია პუტინს, ერთადერთი ის გახლავთ, რომ რუსეთში შეიძლება პარლამენტმა დაიწუნოს მთავრობა და ის მთავრობა მართლა გადადგეს.

და მეორე, პუტინის რუსეთს ხულიგნობისთვის სასჯელად აქვს 15 დღე-ღამე. საქართველოში კი ეს ციფრი 6-ჯერ მეტია, ანუ, ჩვენი ხელისუფლება იმდენად გაუთამამდა საკუთარ ხალხს, რომ შეიძლება პუტინსაც უპოვო რაიმე უკეთესი.

ამ მოჯადოებული წრიდან გამოსავალს თუ ხედავთ?
-როგორ არა, გამოჩნდება ვინმე, რომელიც თუნდაც კოჭლობით, მაგრამ გაივლის ამ ქვეყანაზე და იტყვის „აღსდექ საქართველოვ!“ ამ ფრაზის ქვეშ თუ შემოივლიან ქვეყანას, რაც ძალიან ეზარება ჩვენს ოპოზიციას, ყველაფერი გამოვა. ის, რომ სატელევიზიო სივრცეს არ ფლობს ოპოზიცია, ეს მისი უუნარობის ბრალია და არა მხოლოდ ხელისუფლების მზაკვრობის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ხელისუფლების ცვლილებამდე ჩვენ მოწმენი გავხდებით სერიოზული ცვლილების.

ეს მოლოდინები არჩევნების შემდეგაც იყო. მართალია, არჩევნებიდან დიდი დრო არ გასულა, მაგრამ იმისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ ოპოზიცია კიდევ უფრო დაქსაქსულიყო, ხოლო ზოგიერთი საერთოდ გამქრალიყო.
-ჩვენ 90-ანი წლებიდან გვახსოვს პოლიტიკოსები, რომლებიც გავიდნენ პოლიტიკიდან და დღეს შემოდგომის ბუზის ნაკბენივით, ინტერვიუებით თუ შეგვახსენებენ თავს. ყოველ შემთხვევაში, რაღაცა ტიპის წარსული შევიქმენით ოპოზიციური ტიპის აზროვნებისა და თუკი რამეზე მწყდება გული დღეს - გია ჭანტურია აღარაა ცოცხალი. დღემდე ვერავინ შეძლო ვერც მისი ნიშის დაკავება პოლიტიკაში და მასავით ვერავინ შეძლო მკაფიო და გამჭვირვალე პრინციპებზე დგომა საკუთარი პოლიტიკური საქმიანობისთვის.

როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება ოპოზიციის ლიდერების ვიზიტები დასავლეთში?
-აბა რა გითხრათ, ჩვენც ავყევით ცუდ მაგალითს, რომელიც აირეკლა დასავლური რეცეპტით დანიშნულმა ხელისუფლებამ და ფანტაზიაც არ გვყოფნის, რომ რაიმე რეალურს დაველოდოთ. შემოვიდა ფორმა ხელისუფლების დასმენისა ჩამოსულ სტუმრებთან, რაც ნაკლებად შედგიანია პოლიტიკურად.

უცხოელისთვის, რომელიც ჩამოდის სხვა ქვეყანაში და ჩამოდის ქვეყნიდან, რომელსაც საკუთარი პრობლემები თავზე საყრელი აქვს, რასაკვირველია, მისთვის ქვეცნობიერად უფრო სასიამოვნოა იმ სინარნარის წარმოდგენა, რასაც მას ხელისუფლების წევრები სთავაზობენ, ვიდრე ის, დილას უზმოზე, 4 თუ 5 გაბრაზებული ადამიანი წარმოუჩენს. ადამიანი იბნევა და ჰიჩკოკის სცენარში ვეღარ ებმევა, ხოლო, როგორც კი ნახევარ საათში რომელიმე ოფიციოზი ეტყვის, რომ ეგ მართლა ეგრე კი არ არის, რგორც ესენი გეუბნებიან, ისიც სიამოვნებით იჯერებს.

თქვენ ახსენეთ, რომ ვიღაცა აუცილებლად გამოჩნდება და საინტერესო პროცესების მომსწრე გავხდებითო. საიდან ელით ამ ვიღაცას, ვინც არის ყველა თვალწინ გვყავს. ციდან არავინ ჩამოვარდება, ამიტომ, არსებულ სპექტრში თუ შეინიშნება ის რესურსი, რომ რაიმე შეცვალონ.
-ასეთი ჯერ არავინ და არაფერი იგრძნობა, მაგრამ იგრძნობა მოთხოვნილება. დღეს ბუნების კანონად იქცა ეკონომიკის ძირითადი პრინციპი. არის მოთხოვნა და არის მოწოდება. არ არის მოთხოვნა, არ არის მოწოდება. მე ეს ფორმულა მასშტაბური პრობლემებისთვის გამოვიყენე საერთაშორისო კონფერენციებზე და დამაჯერებელი აღმოჩნდა. მიმაჩნია, რომ რუსეთის დღევანდელი საჯარო პოლიტიკა გააჩენს მოთხოვნას მსოფლიო საზოგადოებაში.

რონალდ რეიგანმა კი დაანგრია ბოროტების იმპერია, მაგრამ ვერ წარმოიდგინა, რომ მის ნამსხვრევებს შეეძლოთ რეგენერაცია ახალ იმპერიად ჩამოყალიბებისკენ ლტოლვა. მსოფლიოში ამას ზოგი გამოთქვამს, ზოგი -ვერა. იყო მოლოდინი, რომ ობამა იქნებოდა რონალდ რეიგან მეორე, მაგრამ ჯერ საქმეს ასე არ ეტყობა. შესაძლოა, ობამას ამის გასაკეთებლად უფრო სხვა სურვილები ჰქონდეს, მაგრამ მეთოდები აშკარად განსხვავებულია. შესაძლოა, ახალი რეცეპტიც სჯობდეს, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანას მოთმინება სჭირდება.

ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს საზოგადოებაში ჩნდება მოთხვნილება ახალი ტიპის ხედვაში და ისეთ ძალაში, რომელიც არ იქნება წარმოჩენილი არც პრორუსულად, არც პროამერკულად, რომელიც ცხადია, იქნება თავდასხმის საგანი, მაგრამ თუ საზოგადოება არ იქნა წარმმართველი პოლიტიკური პროცესების, თუ საკუთარ თავზე შეყვარებული ერთეულები გადაწყვეტენ ქვეყნის ბედს, მე ვფიქრობ, შესაძლოა, პერსპექტივა იყოს საერთოდ დამრთგუნველი და საქართველოდან მიგრაციის ნაკადი ვეღარ შევაჩეროთ.