ფსევდოოპოზიციას უწოდებენ ნათელაშვილს, მემარჯვენეებს, ქრისტიან-დემოკრატებს...

ფსევდოოპოზიციას უწოდებენ ნათელაშვილს, მემარჯვენეებს, ქრისტიან-დემოკრატებს...

"27 მაისის აქციას ყველა ასპექტით დადებითად ვაფასებ. ორგანიზებული იყო კარგად, პოლიტიკურად აბსოლუტურად გამართული, რაც იშვიათად ხდება. აქციას მიზნად არ დაუსახავს გადატრიალება, რადიკალური ცვლილებები, არც აქციის მსვლელობის დროს წამოჭრილა რადიკალიზმი. სიტყვაძუნწი იყო აქცია და ესეც დიდი პლუსია, ხალხიც შესანიშნავი პარტნიორი აღმოჩნდა პოლიტიკოსებისა. არ ყოფილა უკმაყოფილო ჩურჩული, ტყუილად მოგვიყვანესო. ძალიან ნორმალურად მიმდინარეობდა ყველაფერი და ასევე მშვიდად დაიშალნენ", - აცხადებს პოლიტილოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ახალი ბლოკი ფსევდოოპოზიციას ხმებს წაართმევს.

"სახალხო კრებასთან თანამშრომლობის პერსპექტივები ალბათ არის, გაერთიანების პერსპექტივები ალბათ არა. თანამშრომლობა გულისხმობს იმას, რომ კოორდინირებული მოქმედებები ჰქონდეს ოპოზიციას, ერთმანეთს გაუწიონ ანგარიში, ეს არ არის სიითი ერთიანობა, ეს არც არის საჭირო. არ არის გამორიცხული, შედეგიანი ბრძოლისთვის საკოორდინაციო საბჭოც შეიქმნას - საბჭო სათათბირო ორგანოა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე და შეკითხვას - "ახალი ბლოკი იქმნება ბურჯანაძის, შაშიაშვილის, ასათიანის, კუკავას შემადგენლობით. როგორია ამ ბლოკის შესახებ თქვენი აზრი?" - პასუხობს:

"ჯერჯერობით ისეთი ვითარებაა, რომ ივანიშვილის გავლებული ხაზი რეალური ჩანს. ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მან ფსევდოოპოზიციად მონათლა, ხშირად დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ხელისუფლების ინტერესებში შედის. ივანიშვილთან მიმართებაში ეს განსაკუთრებით გახშირდა. ნახევრად დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლებას ხშირად ჰყავს სათავისო ოპოზიცია. ასეთი ბლოკის შექმნას აზრი აქვს, ფსევდოოპოზიციამ რომ არ მიიღოს ხმები და ნამდვილმა ოპოზიციამ გაიმარჯვოს და პარლამენტში ადგილები აიღოს. ფსევდო- და რეალური ოპოზიცია მრავალფეროვანია. ფსევდოოპოზიციას უწოდებენ ნათელაშვილს, მემერჯვენეებს, ქრისტიან-დემოკრატებს. ამ ბლოკშიც, თქვენ რომ მეკითხებით, განსხვავებული ორიენტაციაა, კუკავა სულ სხვა ორიენტაციაზეა, ბურჯანაძე - სხვაზე".