შთამბეჭდავი სტარტი - თავისუფლების მოედანმა ივანიშვილის მხარდამჭერები ვერ დაიტია

შთამბეჭდავი სტარტი - თავისუფლების მოედანმა ივანიშვილის მხარდამჭერები ვერ დაიტია

"ეს როგორი დღეა, ლამის თავიდან დავიბადე კაცი!" - ამბობდა ასაკოვანი მამაკაცი და ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა. ის ბარათაშვილის ქუჩიდან ამომავალი ხალხის უზარმაზარ ნაკადს გაჰყურებდა და პუშკინის ქუჩისკენ დაძრულს თავადაც მიჰყვა.

დღის სამის ნახევარზე მომიტინგეები ორმხრივ - პუშკინის ქუჩიდან და რუსთაველიდან - თბილისის საკრებულოს წინ დამონტაჟებული სცენისკენ მიედინებოდნენ. ირგვლივ საქართველოს ეროვნული, "ქართული ოცნებისა" და ამათთან ერთად ნატოსა და ევროკავშირის დროშების ზღვა იყო. ალაგ-ალაგ ძველი სამფეროვანი ქართული დროშაც მოჩანდა.

უხეში გათვლებით, მიტინგზე მყოფთა რაოდენობა აშკარად აჭარბებდა 100 ათასს. აქციის მონაწილეებმა მთლიანად გაავსეს თავისუფლების მოედანი, მისი მიმდებარე ქუჩები, თითქმის მთლიანად დაიკავეს რუსთაველის გამზირი. სპორტსმენი კახა კალაძე, პოეტი დათო მაღრაძე, მომღერალი ნატო მეტონიძე და ბოლოს თავად ბიძინა ივანიშვილი.

"თითოეულის გამოსვლა მოკლე იყო და საქმიანი", - გვითხრა აქციაზე მყოფმა ერთმა სტუდენტმა გოგონამ", - რა საჭიროა ბევრი ლაპარაკი და ჯახირი?! ეს არის საარჩევნო კამპანიის დაწყება და რა გამოსვლებიც გაკეთდა, სრულიად საკმარისია."

საარჩევნო კამპანია ბერას სიმღერებით დასრულდა. მისმა გამოჩენამ სცენაზე უდიდესი ეფექტი გამოიწვია.თუმცა შეკრებილთა შორის მიტინგით, რომელმაც სულ 3 საათზე მეტი არ გასტანა, ზოგიერთი უკმაყოფილოც გამოერია.

"ეთქვა დაპირებები, რას გვპირდება - პენსიების მომატებაა ეს თუ ტრანსპორტის გაიაფება... რა არის, რა მალე მორჩნენ? ბოლოს და ბოლოს, ირაკლი ალასანია, რომლიც აგერ, უკან უდგას ბიძინას და რომელიც ალბათ საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება, არ უნდა გამოსულიყო?!" - ხელებს უკმაყოფილოდ შლიდა აქციის მონაწილე ქალბატონი და უკვე დაშლილ მიტინგს თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ ინსტინქტურად გაჰყვა.

ჩვენც მას გავყევით იმის დასადგენად, თუ სადამდეა გაშლილი მომიტინგეთა ნაკადი და სად მთავრდება აქციის კუდი.

რამდენი ადამიანი მივიდა აქციაზე

"არა, მართლა არ ველოდი ამდენ ხალხს. თან წარმოიდგინე, რეგიონებიდან ხალხი არ არის ჩამოყვანილი... 100 000 კი არა, 150 000 კაცი იქნება", - უმტკიცებდა ერთი მამაკაცი თანამოსაუბრეს.

პარლამენტის შენობასთან ჩამომჯდარ ასაკოვან მამაკაცს ვკითხეთ, რამდენი იყო 2 საათის წინ აქ, პარლამენტთან ხალხის რაოდენობა.

"უფ! ძალიან ბევრი! ტევა არ იყო!" - გვიპასუხა მან.

სულ რაღაც ორ ნაბიჯზე მზესუმზირის გამყიდველი ქალი დავინახეთ. მას მყიდველთა რიგი ედგა. ჩვენი რიგი მალე მოვიდა არა მზესუმზირისთვის, ერთი მოკლე შეკითხვისთვის.

"არა, არ იყო ბევრი ხალხი," - გვიპასუხა მემზესუმზირემ და თან თავი მზესუმზირებისკენ დახარა", - ბევრნი არ ყოფილან. თითო-ოროლა," - გვითხრა და შორს გაიხედა. ამით თითქოს დაამთავრა ჩვენთან საუბარი.

ჩვენ გზა გავაგრძელეთ.

აგერ, "თბილისი-მარიოტის" პირდაპირ ერთი მამაკაცი დგას და ყურადღებით აკვირდება მსვლელობაში გადასული მიტინგის ფინიშს. მან გვითხრა, რომ "მარიოტის" წინ და მას მერეც მაღლა ძალიან ბევრი ხალხი იყო მოსული.

გზადაგზა სპეციალურად დამონტაჟებული მონიტორები და მოსასმენი დინამიკები გვხვდება. ეს მათთვის, ვინც ვერ მიაღწია თავისუფლების მოედნამდე და "მარიოტთან", ან ქაშუეთთან იდგა.

მაღაზია "ნექსტის" დაცვის წევრი, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უნებურად თვალს ადევნებდა მაღაზიის მინის მიღმა არსებულ პროცესებს, დაფიქრების გარეშე ამბლბს, რომ მის პირდაპირ ურიცხვი რაოდენობის ადამიანი დროშებითა და პალაკატებით იდგა.

სუვენირების მაღაზიაშიც შევიარეთ. ჩვენს შეკითხვაზე, რა რაოდენობის იყვნენ მომიტინგეები, რატომღაც თითქოს შეშინდა და მობილური ტელეფონი აიღო იმის ნიშნად, რომ ჩვენთან ლაპარაკი ამ თემაზე არ სურდა.

ჩვენი "ბოლო გაჩერება" "რუსთაველის" მეტროსთან იყო.

"ამდენი ხნის ქალი ვარ, რამდენნაირი მიტინგი მინახავს, მაგრამ ცხოვრებაში ამდენი ხალხი აქ, ჩემ თვალწინ - არასდროს", - გვითხრა მიწისქვეშა გადასასვლელთან მზესუმზირის შავოსანმა გამყიდველმა.

დასაწყისი

აქციის მონაწილეებმა შეკრება სამ ადგილას: ვაკის პარკში, ეროვნულ სტადიონთან და მეტრო "ავლაბართან" დაიწყეს. მოვლენებზე დაკვირვება ჩვენ ვაკის პარკიდან დავიწყეთ. შეკრება შუადღის 1 საათზე იყო დანიშნული, თუმცა ნახევარი საათით ადრე ვაკის პარკთან მდებარე მოედანი პრაქტიკულად სავსე იყო. 13 საათიდან კი გეზი ჭავჭავაძისა და რუსთაველის გავლით თავისუფლების მოედნისკენ აიღეს.

გზაში მათ ხალხი უფრო და უფრო ემატებოდა. მსვლელობის დროს გზა გადაიკეტა. ისინი თან სხვადასხვა შეძახილებით მოდიოდნენ. ხელში "ქართული ოცნებისა" და საქართველოს დროშები ეკავათ.

დედაქალაქის სამი სხვადასხვა ადგილიდან წამოსულები საბოლოოდ ერთმანეთს თავისუფლების მოედანზე შეხვდნენ. მეიდანი მთლიანად სავსე იყო. წმინდა გიორგის მონუმენტის გარშემო ჟურნალისტები იყვნენ კონცენტრირებული. რამდენიმე მათგანი იქვე მდებარე ერთ-ერთი მშენებარე შენობის სახურავზეც იყო ასული.

"აქციაზე იმიტომ მოვედი, რომ ქვეყნის გადარჩენის იმედი გამიჩნდა. ბოლო რამდენიმე საუკუნის მანძილზე გადარჩენის ამხელა იმედი ჩვენს ქვეყანას არასოდეს არ ჰქონია. მსოფლიოში გლობალური პროცესებია დაწყებული. საჭიროა, რომ ისეთ პატარა ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, ამ პროცესებში თავისი როლი ჰქონდეს. პატარა ერების ენებს გაქრობა ემუქრება, მათ შორის ქართულსაც... ჩვენმა ენამ საუკუნეებს გაუძლო და მისი შენარჩუნება ახლაც უნდა მოვახერხოთ. ბიძინა ივანიშვილს ეს ნამდვილად შეუძლია და ამიტომ ვუჭერ მას მხარს", - განუცხადა "მთელ კვირას" 60-იოდე წლის იმედა არაბულმა.

"ივანიშვილი დიდი ადამიანია, მან ეს თავისი ცხოვრებით არაერთხელ დაამტკიცა. ივანიშვილი იმის გარანტია, რომ დაწყებულ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს. მჯერა, რომ ყველა სფეროს განვითარებას შეძლებს, თუმცა, მისგან ყველაზე მეტად ველოდები, რომ სოფლის მეურნეობას და მრეწველობას განავითარებს", - ამბობს 35-40 წლის ნინო ფანჯიკიძე.

აქცია

საზოგადოების წინაშე პირველი ყოფილი ფეხბურთელი, "ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი კახა კალაძე წარდგა, რომლის გამოსვლაც ყველაზე ემოციური გამოდგა. ხალხმა მას ტაშით და ოვაციებით სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა.

მან პრეზიდენტს მოუწოდა, რომ ისწავლოს წასვლა და არა გაქცევა, "როგორც ის გარბოდა ბრძოლის ველიდან და პარლამენტიდან. "მე ჩემი ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ვარ და არ მინდა, მყავდეს კასტრირების შიშის ქვეშ მყოფი მთავარსარდალი", - განაცხადა კალაძემ. 

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ქართველ ხალხს ერთიანობისკენ და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერისკენ: "თუ საჭიროა, შიშველი მუშტებითაც უნდა დავდგეთ და ასე უნდა დავიცვათ მამული, ენა და სარწმუნოება".

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი ადამიანია, რომელიც შეძლებს ქართველ ხალხთან ერთად გამარჯვებას. კალაძემ ისიც აღნიშნა, რომ ხელისუფლება საკუთარ ხალხს პარავს ფულებს, მაგრამ მათ არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ ხალხს ღირსებაც მოპარონ.

აქციის წევრებს რამდენჯერმე გაუმეორეს, რომ ივანიშვილი მათთან შესახვედრად კოლონით მოემართებოდა. ხალხმრავლობის გამო კოლონას სცენასთან მიახლოება გაუჭირდა, აქციის ორგანიზატორებმა ხალხს რამდენჯერმე მოუწოდეს, რომ გზა გაეთავისუფლებინათ. "ოცნების" ლიდერი როგორც კი სცენაზე ავიდა, ხალხის ყიჟინაც გაისმა და იგი აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს. ასევე იყო შეძახილები "ბიძინა... ბიძინა...", რის შემდეგაც უკვე საქართველოს ეროვნული ჰიმნი ჩართეს.

ივანიშვილის გამოსვლა

"მე უკვე საქართველოს მოქალაქე ვარ და ეს მოქალაქეობა თქვენ მომანიჭეთ, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა ბიძინა ივანიშვილმა.

"ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, საქართველოს მოქალაქეა იმიტომ, რომ ისე არავინ უყვარს, როგორც საკუთარი ხალხი.

"ბედნიერი ვარ, რომ ერთად ვიწყებთ ბრძოლას საქართველოს გაერთიანებისთვის. გავიხსენოთ 9 აპრილის მოვლენები, რომელიც ამ ადგილთან ახლოს განვითარდა. გავიხსენოთ ისინი, ვინც ერთი წლის წინ 26 მაისს ხელისუფლების გაუგონარი ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და შეკრებილებს სთხოვა, წუთიერი დუმილით დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივი მიეგოთ.

ივანიშვილის განმარტებით, მისი ოცნება ყოველთვის იყო თავისუფალი და სამართლიანი საქართველო, სადაც ადამიანს ყველაფრის საკუთარი ნიჭით მიღწევა შეეძლება და ეს დღესაც მის ოცნებად რჩება.

"ყოველთვის ვცდილობდი, ვყოფილიყავი არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ქვეყნის სამსახურში და ბოლო წლებია ვხედავ, რომ ეს გარდამავალი პერიოდი ქვეყნის ცხოვრებაში არ დასრულდა. სამწუხაროდ, დღეს გვყავს უგუნური მმართველი და ამას ყველა კარგად ვხედავთ. ვიცით, რასთან გვაქვს საქმე. 

"ხელისუფლების უგუნურობა უკვე იქამდე მივიდა, რომ ის ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ ჩემი პოლიტიკაში ყოფნა არა ჩემი სურვილი, არამედ ჩემი მოვალეობაა, ისევე, როგორც თითოეული მოქალაქის", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, კოალიციამ წინასაარჩევნო კამპანია გუშინდელი აქციით დაიწყო.

აქციის მონაწილეები მცირე რაოდენობით რეგიონებიდანაც იყვნენ ჩამოსულები, თუმცა, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ აქციებს დედაქალაქის გარდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც გამართავენ. მისი თქმით, 7 ივნისს ქუთაისში გეგმავენ მიტინგს, შემდეგ კი სხვა ქალაქებშიც შეიკრიბებიან.

აქციაზე ცნობილი ქართველი მსახიობი გივი ბერიკაშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც "მთელ კვირას" განუცხადა, რომ დღეს საქართველოს ბედი წყდება და ამიტომ მისი ვალი იყო, რომ აქციაზე გამოსულიყო.

"როცა საქართველოს ბედი წყდება, მაშინ არც ერთ ქართველს არ აქვს უფლება, რომ სახლში დაჯდეს და აქციას არ შეუერთდეს. ვფიქრობ, რომ ქვეყნის ბედი სწორედ ახლა წყდება. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უკვე დავკარგეთ, ახლა მესხეთ-ჯავახეთსაც ვკარგავთ. თუ ასე გაგრძელდა, აღმოჩნდება, რომ საქართველო მხოლოდ თბილისი იქნება და თბილისშიც მარტო მე, შენ დავრჩებით და ამით დასრულდება ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორია.

"მთავარია, ჩვენი ჯიში და ჯილაგი შევინარჩუნოთ. მიმაჩნია, რომ ამ ყოველივეზე ივანიშვილს დადებითი ზემოქმედება შეუძლია, ამიტომ გამოვედი "ოცნების" აქციაზე", - უთხრა "მთელ კვირას" გივი ბერიკაშვილმა.