"ჩვენ ვიწყებთ" - ამ სლოგანით "ქართული ოცნება" კვირას წინასაარჩევნო მარათონს თავისუფლების მოედანზე გახსნის. "მიხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყველანაირად უშლის ხელს რეგიონებიდან ადამიანები აქციაზე ჩამოვიდნენ, ამის მიუხედავად მათ ჩვენ ძალიან მრავალრიცხოვან, 100 ათასიან აქციას ვაჩვენებთ. ვისაც ჰგონია, რომ 27 მაისს ჩვენ ხელისუფლებას გადავაყენებთ, მათ ვეტყვი, რომ 27-ში კოალიცია "ქართულ ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას ხსნის. იქნება კონკრეტული საპროგრამო დაპირებები, ბევრი ახალი სახე და ძალიან ბევრი ადამიანი", - აცხადებს პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრი ელისო ჩაფიძე.
27 მაისის აქცია 1 საათზე დაიწყება. თავისუფლების მოედნის მიმართულებით მსვლელობა სამი ადგილიდან - ვაკის პარკიდან, ეროვნული სტადიონიდან და ავლაბრიდან გაიმართება. 3 საათზე დასკვნითი ღონისძიება იქნება, კოალიციის ლიდერები შეკრებილ ხალს წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილს და სამოქმედო გეგმას გააცნობენ, ხოლო დაახლოებით 6 საათისთვის აქცია ბერა ივანიშვილის კონცერტით დასრულდება.
"ეს არ არის საპროტესტო აქცია, ეს არის პოლიტიკური კოალიცია "ქართულ ოცნების" საარჩევნო კამპანიის დაწყება და ეს არის მხოლოდ თბილისის ღონისძიება. რეგონებიდან ხალხის ორგანზებული ჩამოყვანა არ იგეგმება. ჩვენი აქციის სლოგანია - "ჩვენ ვიწყებთ".
"27-ში გამოვაცხადებთ, რომელ რეგიონში იქნება შემდეგი შეკრებები. თბილისის შემდეგ ჩვენ ყველა რეგიონს მოვივლით. მინდა ხაზი გავუსვა, რომ უპრეცედენტო, მაღალი დასწრებით და ორგანიზებულობით გამორჩეული ღონისძიება იქნება", - აცხადებს კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, კონსერვატორი ზვიად ძიძიგური.
მისი თქმით, 27 მაისის ღონისძიება საორგანიზაციო თვალსაზრისით დილის 5 საათზე იწყება. ამ დროს "თავისუფლების მოედანზე" სცენის დამონტაჟება დაიწყება. რამდენიმე ასეულ მეტრზე განხორციელდება გახმოვანების აპარატურის დამონტაჟება. იმის გამო, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" ღონისძიებაზე 100 ათას ადამიანზე მეტს ელოდება, ხალხი თავისუფლების მოედანზე ვერ დაეტევა და ამის გამო მთელ პერიმეტრზე დიდი ეკრანები დამონტაჟდება.
ელისო ჩაფიძე ამბობს, რომ ყოველდღიურად ძალიან ბევრი ადამიანი უერთდებათ და აქედან გამომდინარე, კვირას ღონისძიებაზე ბევრი ახალი და ნაცნობი სახეც იქნება.
"მაგალითად, იქნებიან მოჭიდავე ნესტორ ხერგიანი და ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავა... აქცია 6 სათისთვის დასრულდება. აქციაზე ბერა ივანიშვილი გამოჩნდება, მაგრამ როგორი ფორმით, ამას ჯერჯერობით, საიდუმლოდ დავტოვებ", - ამბობს ჩაფიძე.
ძიძიგური აცხადებს, რომ მერია გაფრთხილებულია, ასევე საპატრულო პოლიციაშიც აქვთ წერილი გაგზავნილი, რომ კვირას აქციაზე წესრიგი დაიცვან. თუმცა, რადგანაც კოალიციას მარტო პატრულის ნდობა არ აქვს, აქციაზე წესრიგის დაცვას საკუთარი ძალებითაც შეეცდებიან. მათი მხრიდან წესრიგის დამცველები განსხვავებულ ტანსაცმელში შემოსილები იქნებიან და ექნებათ წარწერა "საორგანიზაციო ჯგუფი".
"კარვებს, რომლებიც ახლა რუსთაველის გამზირზე "მრეწველობის აღლუმთან" დაკავშირებით დგას, 26 მაისს საღამოს აიღებენ და ამის პირობა მერიაში მოგვცეს. აქციაზე იქნება მერიის წარმომადგენელი მალხაზ კუნელაური", - აღნიშნავს ძიძიგური და დასძენს, რომ ხელისუფლებას აქციაზე პროვოკაციის მოწყობის სურვილი ექნება, მაგრამ მთელი მსოფლიო ამ ღონისძიებას გამადიდებელი შუშით აკვირდება.
უცხოური მედია და დიპლომატიური კორპუსი იმ დღის ამბებს დიდი ყურადღებით დააკვირდებიან და ამ ფაქტორებიდან გამომდინარე პროვოკაციების ალბათობა მინიმალიზებულია.
"როგორც წესი, პროვოკაციები მოსალოდნელია მაშინ, როდესაც აქციაზე ხალხი ცოტაა. 27 მაის კი გარწმუნებთ, რომ ძალიან ხალხმრავალი აქცია იქნება და თავისუფლების მოედანსა და მისი მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ალბათობით ვერ დავეტევით. წარმოიდგინეთ მთელი თავისუფლების მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვა ხალხი იქნება და ამ დროს რომ პოლიციამ ვინმეს დაპატიმრება დაიწყოს, არ წარმომიდგენია თუნდაც ისეთი უგუნური ხელისუფლების პირობებშიც კი, რაშიც ვიმყოფებით", - აცხადებს ძიძიგური.
მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, 27 მაისს თავისუფლების მოდანი "მრეწველობის აღლუმის" დღისათვის გაშლილი კარვებისგან თავისუფალი იქნება და "ქართული ოცნების" აქციის ჩატარებას ხელი არ შეეშლება.
"როდესაც 26 მაისის ღონისძიება დამთავრდება, შესაბამისად, ის ტერიტორია გათავისუფლდება და აღნიშნულ აქციაზე შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონით განსაზღვრული ნორმების ფარგლებში რაც განსაზღვრულია, ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება დაცული.
"როგორც წესი, აქციის გამართვასა თუ შეკრებაზე სუბიექტებს მერიაში შეაქვთ განცხადება. შესაბამისად, კვირისთვის აქციის მოწყობის ინიციატორებმა მერიაში განცხადება შემოიტანეს და ამავდროულად მოითხოვეს მერიის წარმომადგენლის გაგზავნა აღნიშნულ აქციაზე. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის შესაბამისად იქნება მერიის წარმომადგენელი მალხაზ კუმელაური აღნიშნულ აქციაზე, რომელიც შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის სრული უფლებით", - აცხადებენ მერიის პრეს-სამსახურში.
შეგახსენებთ, "შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" 1 მაისს მერიას წარუდგინა გაფრთხილება და, ამავე კანონის მე-10 მუხლის მიხედვით, 27 მაისის აქციასთან დაკავშირებით უფლებამოსილი წარმომადგენლის გამოყოფა მოსთხოვა.
"წარმომადგენელი საჭიროა იმისთვის, თუ რამეში დასჭირდებათ დახმარება, ეს დახმარება აღმოვუჩინოთ, ასევე აქციის მიმდინარეობის დროს წესრიგის დასაცავად. ანუ ყველაფერში ორგანიზატორებთან ერთად ჩართული იქნება მერიის წარმომადგენელი, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი - ის მათთან ერთად იქნება აქციაზე, რაც ორგანიზატორებს გაუადვილებს ადგილობრივ თვითმმართველობასთან კავშირს.
"ასევე ჩვენი მხრიდან ვიქნებით პროცესში ჩართული და გვეცოდინება, როგორ წარიმართება აქცია. ასევე, თუკი რამე ინციდენტს ექნება ადგილი, დაუყოვნებლივ ვიმოქმედებთ და კანონის დაცვას მოვთხოვთ ყველას", - რამდენიმე დღის წინ "რეზონანსს" განუცხადა მერიის იურიდიული სამსახურს წარმომადგენელმა ირაკლი აბესაძემ.
ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ ვინაიდან ძალიან დიდი მასშტაბის მსვლელობა იქნება, ეს მთელ ქალაქში გადაადგილების შეფერხებას გამოიწვევს და "ქართული ოცნება" მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად თავი შეიკავონ გადაადგილებისაგან, თუ ამის აუცილებლობა არ იქნება.
მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" არც ერთი პოლიტიკური პარტიისთვის 27 მაისს დაგეგმილ მანიფესტაციაზე მოსაწვევი არ გაუგზავნიათ. თუმცა, ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც კოალიციის მიერ ორგანიზებულ მანიფესტაციას შეუერთდებიან, ნიშნავს იმას, რომ ისინი "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან.
"მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - ეს ღონისძიება არის კოალიცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება და ორგანიზება გავუკეთეთ იმას, რომ 27-ში ჩვენი მხარდამჭერები მოსულიყვნენ. მოსაწვევები არც ერთი პარტიისთვის არ გაგვიგზავნია. თუკი რომელიმე პარტია აქ მოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ჩვენი კოალიციის მხარდამჭერები არიან და ამას მხოლოდ მივესალმებით," - განმარტავს ძიძიგური.
წინასწარი ცნობით, 27 მაისის აქციას პოლიტიკურმა პარტიებმა "საქართველოს გზა - სალომე ზურაბიშვილი" და "მწვანეთა პარტია" განაცხადეს, რომ ისინი "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ მანიფესტაციას უერთდებიან. ჯერჯერობით გაერკვეველია, შეუერთდება თუ არა აქციას სახალხო კრება და ნინო ბურჯანაძის პარტია "დემოკრატიული მოძრაობა".
ზვიად ძიძიგური: "საარჩევნო კამპანიას ვხსნით თბილისიდან. ჩვენ 80 ათას ადამიანთან პირდაპირი კონტანტაქტი შტაბების საშუალებით დავამყარეთ, მაგრამ აქციაზე მინიმუმ 100 ათას ადამიანს ველოდებით. თბილისიდან მუხტი რეგიონებში უნდა გადავიტანოთ, ამიტომაც არ ვაპირებთ რეგიონებიდან ხალხი ორგანიზებულად ჩამოვიყვანოთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რეგიონებიდან არავინ ჩამოვა. ძალიან ღიმილის მომგვრელია ხელისუფლების უსუსური მცდელობა, რომ 27 მაისის აქციაზე რეგიონებიდან ხალხი არ გამოუშვას, აშინებენ სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს და ამით თითქოს აქციის რიცხოვნობის დასუსტება სურთ. ხელისუფლებას 27-ში დავანახებთ, რომ სულ ტყუილად ეცადა ხალხის დაბლოკვას, როცა აქციაზე 100 ათას ადამიანს იხილავს".