_ ეს ინციდენტი იმის კლასიკური მაგალითია, თუ როგორ არღვევს კანონს სახელმწიფო მოხელე. მეტიც, როცა გამგებლის მოადგილე განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს, ეს, რასაკვირველია, დანაშაული! ბატონ გაზდელიანს წარმოდგენა არ აქვს, თუ რას ნიშნავს მოხელის თმენის ვალდებულება, ან ჰგონია, რომ მისი თმენის ვალდებულება პატარაა და შეუძლია, მისი პარტიის, ან პრეზიდენტისადმი გამოთქმული სამდურავის გამო, კუნთები გამოიყენოს და ოპონენტს ფიზიკურად გაუსწორდეს. საერთოდ, ის, რაც მოხდა, ძალიან სახიფათოა, რადგან “ნაცმოძრაობა” ძალის დემონსტრირებას ახდენს. მეტიც, იმის ნაცვლად, რომ გამგებლის მოადგილე თანამდებობიდან სასწრაფოდ გაეთავისუფლებინა და მისი პასუხისგების საკითხი დაესვა, მერიამ გაავრცელა განცხადება და მოგვიწოდა, რომ გამგებლებს და მათ მოადგილეებს ნერვები არ ავუშალოთ. აი, სწორედ ესაა დაუსჯელობის სინდრომი და შერჩევითი მართლმსაჯულება.
_ ქალბატონო ეკა, მერიის განცხადება იმის მანიშნებელია, რომ გაზდელიანის ქმედებას სამართალდამცავთა მხრიდან რეაგირება არ მოჰყვება?
_ დიახ, ზუსტად ამას ნიშნავს. განცხადების მიხედვით, მაღალჩინოსანმა არ უნდა მოითმინოს კრიტიკა, მას ნერვერბი არ უნდა ავუშალოთ და გამომწვევად არ უნდა მოვიქცეთ. მერიის ეს განცხადება ძალიან ცინიკურია! გაზდელიანმა დანაშაული ჩაიდინა _ ფიზიკურად გაუსწორდა პოლიტიკურ ოპონენტს და თავის უფლება-მოსილებას გადაამეტა, რაც საქართველოს კანონმდებლობით, დასჯადი ქმედებაა! ისე, თუკი სოსო მანჯავიძე იმიტომ დააკავეს და ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების აქციასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა, გაზდელიანის მხოლოდ სიტყვიერი, ფორმალური დატუქსვაა საკმარისი და მეტი არაფერი? გამგებლის მოადგილემ ადამიანს მუშტი მხოლოდ იმიტომ უთავაზა, რომ ოპოზიციონერი იყო და ეს იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ ახდენს ხელისუფლება ძალის დემონსტრირებას! საერთოდ, საქართველოში პოლიტიკური დევნა დიდი ხანია, მიმდინარეობს!
_ ჩვენში დარჩეს, ქალბატონო ეკა და, ამ ინციდენტს დიდი აჟიოტაჟი არც ოპოზიციის მხრიდან მოჰყოლია...
_ შეფასება უფლებადამცველებმა გააკეთეს, თუმცა მათ განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია. ნუთუ, ფიქრობთ, ოპოზიციას განცხადება რომ გაეკეთებინა, “ნაცმოძრაობას” შერცხვებოდა?
_ რა თქმა უნდა, არ შერცხვებოდა, მაგრამ გამგებლის მოადგილეები ოპოზიციონერებს, მგონი, ყოველ დღე არ სცემენ... ისე, იმასაც ამბობენ, რომ ოპოზიციამ გაზდელიანს პროვოკაცია მოუწყო...
_ პროვოკაციაც რომ ყოფილიყო, ხელისუფლის მოვალეობაა, ამ პროვოკაციას არ წამოეგოს და მუშტი-კრივი არ გამართოს, თუმცა არანაირი პროვოკაცია არ ყოფილა. უბრალოდ, კრიტიკული შენიშვნა გამოითქვა და თუკი ნებისმიერი კრიტიკული პოზიცია პროვოკაცია, მაშინ ყველას, ვინც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი, მუშტი უნდა ვუთავაზოთ!
ბესო გაზდელიანმა თქვა, სვანი ვარ, ტრადიციულად გაზრდილი ვარ და შეურაცყოფას ვერ ვითმენო. ამაზე გამეცინა.
_ რატომ?
_ ჯერ ერთი, პარტიის გაკრიტიკებისას უნდა გაახსენდეს, რომ ტრადიციებზეა გაზრდილი? მეორეც, თუკი მართლა ტრადიციებზეა გაზრდილია, მაშინ ის უნდა აწუხებდეს, რომ ასეთ ხელისუფლებას ემსახურება. თუ კრიტიკას ვერ ითმენს და თავს ვერ იკავებს, რა უნდა გამგებლის მოადგილედ?
_ ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს, რომ ამ ინციდენტს პატრულის თანამშრომლებიც შეესწრნენ. სხვა დროს, ანუ გამგებლის მოადგილე რომ არ ყოფილიყო, გაზდელიანს, ცხადია, დააკავებდნენ. გამოდის, რომ თავისი მოვალეობა არც პატრულმა შეასრულა, არა?
_ პატრული “ნაცმოძრაობის” დამცველი რაზმია! პატრული ხალხს კი არა, ხელისუფლებას ემსახურება!
_ ქალბატონო ეკა, როგორც იურისტი, როგორ ფიქრობთ, იმის გამო, რაც ჩაიდინა, გამგებლის მოადგილეს რა სახის პასუხისგება უნდა დაეკისროს?
_ პირველ რიგში, უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს! თუ პოლიტიკურ ოპონენტთან დასაპირისპირებლად არგუმენტები არ აქვს, არც ნერვები ჰყოფნის, თავს ვერ იკავებს და ხელებს იქნევს, მაშინ მისი ადგილი თავისუფლების აღკვეთის ადგილასაა და არა _ ხელისუფლებაში.
_ სხვათა შორის, ეს ინციდენტი ხელისუფლების მიერ წარმოებულ ე.წ. ანტიძველბიჭურ პილიტიკას ეწინააღმდეგება...
_ დიახ, ასეა! ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც 7 ნოემბერი, 26 მაისი, 15 ივნისი მოაწყო, ქუჩაში ცემს ადამიანებს, ხოცავს ახალგაზრდებს და გაზდელიანის საქციელი რატომ გაუკვირდებოდა? მოსახლეობას რეზინის ტყვიებს ესვრის და თვალებს თხრის _ აი, ესაა “ნაცმოძრაობის” ხელწერა!
_ ხელისუფლებას გამგებლის მოძალადე მოადგილე რომ დაესაჯა, ეს ხომ ქულებს მოუტანდა?
_ ამას გონიერება სჭირდება, მაგრამ ხელისუფლება გონიერი რომ იყოს, ამდენ შეცდომას არ დაუშვებდა.
რედაქციისაგან: საერთოდ, მუშტი-კრივი და ოპონენტების “წიხლქვეშ წაგდება” “ვარდოსნების” ერთგვარი მოწოდებაა. ამ მხრივ თავის დროზე, ანუ “ვარდების რევოლუციამდე” სახელგანთქმული პეტრე ცისკარიშვილი გახლდათ, რომელმაც რევილუციამდელ პარლამენტში “ახლების” ერთ-ერთ წარნმომადგენელს მხოლოდ მუშტი კი არა, ბასრი იარაღიც “უთავაზა”...
ასე იყო თუ ისე, ცისკარიშვილი დაღვინდა და “კუნთებზე აღარ იყურება”. სამაგიეროდ, “მუსკულებს” აკაკი ბობოხიძე “ათამაშებს”, რომელმაც პირველი “საჯარო რინგი” იმერეთის გუბერნატორბისას გამართა _ ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილის, რომელიც ახლა “ბი-ბი-სი”-ზე მუშაობს, ქუთაისის ტელევზიაში მიუვარდა და ცხვირ-პირი დაუნაყა. ჟურნალისტი რომელიმე ოპოზიციონერს რომე ეცემა, “ნაციონალები”, ცხადია, არ შეარჩენდნენ და რამდენიმე წლით “ვირის აბანოს” გამოუწერდნენ, მაგრამ იმნაიშვილის ცემა ბობოხიძეს, როგორც იტყვიან, ხახვივით შერჩა და მხოლოდ იმით “დასაჯეს”, რომ იმერეთის გუბერნატორობიდან მოხსნეს და თავდაცვის სამინისტროში დიდი განყოფილების ხელმძღვანელად დანიშნეს...
აკაკი ბობოხიძემ, ალბათ, დაიჯერა, რომ “ნაციონალების” რემბოა. ჰოდა, “კუნთების თამაში” პარლამენტშიც გააგრძელა, სადაც 2008 წლის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დროს, საარჩევნო სიით “მოხვდა”. საკანონმდებლო ორგანოში ბობოხიძის მუშტი ერთ-ერთმა პირველმა პეტრე მამრაძემ “დააგემოვნა”...
ამბობენ, შეუცვლელი არავინააო. ჰოდა, როგორც ჩანს, რემბო-ბობოხიძესაც ყავლი გასდის _ თუკი ისანი-სამგორის გამგებლის მოადგილე გაზდელიანი “ივაჟკაცებს” და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო ერთი-ორ მოქალაქეს კიდევ “გატყეპავს”, თან _ საჯაროდ და ვიდეოკამერების თანდასწრებით, მხოლოდ “ნაციონალების” ახალი რემბოს ტიტული კი არა, საპარლამენტო სიაში “ჩასმაც” გარანტირებული ექნება!..