"არ გაქვთ გადაღების უფლება", "გაეთრიეთ აქედან" - ამ სიტყვებით გამოყარეს ისტორიული ჰერეთიდან ტელეკომპანია "პირველი კავკასიურის" ქართველი ჟურნალისტები ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა. გადაცემა "უცნობი კავკასიის" ავტორი, ჟურნალისტი ზურაბ დვალი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მათი გადამღები ჯგუფის მიმართ ადგილობრივი ჩინოვნიკების აგრესიაზე წერს.
"ტელეკომპანია "პიკი" ახორციელებს პროექტს "უცნობი კავკასია", სადაც არის შემეცნებითი ფილმების ციკლი კავკასიაში ნაკლებად ცნობილი ადგილებისა და უნიკალური არქიტექტურული ძეგლების შესახებ. გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ფილმი კავკასიის დიდ კედელზე, რომლის მცირე ფრაგმენტები არის საქართველოს მხარესაც ლაგოდეხის ტერიტორიაზე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი შემონახულია ბელაქანის რაიონის სოფელ კატეხში," - ასე იწყებს ბელაქნურ ექსპედიციაზე წერას ზურაბ დვალი.
როგორც ჟურნალისტი ყვება, ტელეკომპანიის 7-კაციანი ჯგუფი 3 მაისს ბელაქანში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრედიტაციით ჩავიდა, სადაც გადაცემისთვის უნდა მოენახულებინათ მუზეუმი, ჩაეწერათ მეცნიერები და სოფლის ძველი მკვიდრნი, და სწორედ აქედან იწყება მათი ექსპედიციის ყველაზე სამწუხარო ამბებიც.
"აკრედიტაციას ვადა 3-დან 5 მაისამდე ჰქონდა. 3 მაისს ჩავედით ბელაქანში და მივედით ადგილობრივ საბჭოში, სადაც შემოგვეგება ბელაქანის საბჭოს პარტიული მუშაკი რაგიმ აბასოვი, რომელსაც დავუდასტურეთ, რომ "პიკ"-იდან ვიყავით.
მან გვითხრა, რომ ჩვენ გაგვიძღვებოდა. შევთანხმდით, რომ იმ დღეს სასტუმროში დავისვენებდით და მეორე დღეს გაგვაცნობდა მეცნიერებს, რომლებიც ზაქათალის კედლის შესახებ მოგვიყვებოდნენ. ყველაფერი ეს განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე ითქვა, ხოლო ჩვენ ირგვლივ თავმოყრილი ადამიანების პირქუში გამომეტყველება მიუთითებდა იმას, რომ ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩვენი ჩასვლა სიხარულს არ გვრიდა," - ყველაფერს დეტალურად წერს დვალი: "4 მაისს დილით გავემგზავრეთ სოფელ კატეხში. მივედით კედელთან, დავიწყეთ დათვალიერება, რომელი მხრიდან სჯობდა გადაღება, დავაყენეთ სატელევიზიო ამწე. პირველი უსიამოვნება იმ დროს დაიწყო, როცა გადაღებისთვის კედლის სიმაღლის გაზომვა დავიწყეთ. რატომ ზომავთ კედელს? ჩვენ ვერ მოგვატყუებთ, თქვენ აქ სხვა რაღაცის გადასაღებად ჩამოხვედით - გვითხრა პარტკომმა აბასოვმა. შემდეგ ექსპედიციის წევრ, გეოგრაფ კახა ჯელიას ჰკითხა, ეს რა წიგნი გიჭირავთ ხელშიო?
"წიგნი საქართველოს ძველი ხუროთმოძღვრების შესახებაა, სადაც მოთხრობილია კედელზე, რომელიც არის ლაგოდეხში და რომლის მსგავსიცაა აქ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. წიგნი 1979 წელსაა გამოშვებული ცნობილი მეცნიერის ილია ადამიას მიერ.
"ადამიას ხსენებამ აბასოვზე როგორც აფეთქებულმა ყუმბარამ, ისე იმოქმედა. მან დაიწყო რეკვა და აქტიური ჟესტიკულაციით რაღაცის ახსნა. შემდეგ მოგვიბრუნდა და განაცხადა, რომ აქ "სომხური ხელი" ერია. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პარტიულმა ავტორიტეტებმა (ცხადია, იგულისხმება აზერბაიჯანის მმართველი პარტია "იენი /ახალი/ აზერბაიჯანი") ადამია რატომღაც სომხურ გვარად მიიჩნიეს. თუმცა ამის გარკვევამდე ექსპედიციის მონაწილეები სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული 10-მდე ადამიანის მიერ გარშემორტყმული აღმოვჩნდით."
"გრუზია ონლაინის" ინტე-რნეტსაიტზე გამოქვეყნებულ წერილში დვალი ყვება, რომ ექსპედიციას გადაღებისას თუ სოფელში გადაადგილებისას მუდმივად სამი მანქანის დაჰყვებოდა. ყოველ 15 წუთში მათთან ხან აბასოვი, ხან ადგილობრივი მუზეუმის დირექტორი ხალიფ მირალიევი მიდიოდნენ კითხვით - "რას იღებთ?!"
როცა ექსპედიციის წევრებს ადგილობრივმა მცხოვრებმა, რამაზან ხაზბახოვმა საკუთარ ეზოში კედლის ფრაგმენტები აჩვენა და მათ კედლის შესახებ მისი მამის მიერ მონათხრობი ლეგენდის მოყოლასაც შეპირდა, ჩინოვნიკმა აბასოვმა მოხუცს თვალები დაუბრიალა და ქართულ ჯგუფს ეზოში არსებული კედლის ფრაგმენტის გადაღებაც მკაცრად აუკრძალა.
ქართულ ექსპედიციას მეზობელ, ზაქათალის რაიონში უკვე პოლიციის მანქანა და შავი ჯიპი აედევნა საყარაულოდ. აქაც იგივე კითხვები - "რას იღებთ?!"
დვალი წერს, რომ ზაქათალის რაიონის მუზეუმის დირექტორი ჯახანგირ სულტანოვი ქართველ ჟურნალისტებს ფილმისთვის ინტერვიუს მიცემას დაპირდა, თუმცა ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელმა ნებართვის გარეშე ინტერვიუ არ შედგებაო.
"ფილმის ჩავარდნის საფრთხე იყო, ამიტომაც გადავწყვიტეთ სოფელ კატეხში არსებული წმინდა ხე გადაგვეღო, მაგრამ აქაც იგივე დაბრკოლება დაგვხვდა. არ გაქვთ ნებართვა - აბასოვი გადამღებ ჯგუფს უყვიროდა.
"სიტუაცია უარესდებოდა, ამიტომაც დავუკავშირდით საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენელ ვუსალ მამედოვს. ეს პიროვნება დაგვეხმარა აზერბაიჯანის საგარეო უწყებიდან აკრედიტაციის მოპოვებაში და მან კარგად იცოდა, რა მიზნით ჩამოვედით ბელაქანში. გვინდოდა დაგვემშვიდებინა ბელაქანის ჩინოვნიკი აბასოვი და მისთვის აეხსნათ, რომ ჩვენ აბსოლუტურად ლეგალურად ვიღებდით კადრებს. თუმცა არ ვიცი რა ელაპარაკა ტელეფონით აბასოვი მამედოვს, მაგრამ მასთან საუბრის შემდეგ დიპლომატის ტონი რადიკალურად შეიცვალა. რომ მცოდნოდა თქვენ იქ წყლის ასამღვრევად ჩადიოდით, აკრედიტაციას არ მოგცემდითო - გვიპასუხა ტელეფონზე დიპლომატმა...
"როცა ვკითხე, აცნობიერებდა თუ არა რას ამბობდა და რომ თბილისში ჩასვლის შემდეგ მასთან ახსნა-განმარტებას მოვითხოვდი, პასუხად მითხრა, რომ თქვენთვის თავისუფალი დრო არ მექნებაო...
"ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ ბელაქანის ადმინისტრაცია უფრო მეტად აგრესიული და არამეგობრული გახდა ჩვენი გადამღები ჯგუფის მიმართ. უკან წამოსვლის გარდა სხვა არაფერი დაგვრჩენოდა," - წერს ჟურნალისტი.
ქართული გადამღები ჯგუფის აზერბაიჯანული ექსპედიცია ასე მთავრდება:
"ბელაქანის გამოსასვლელთან გზა უშიშროების სამსახურის მანქანამ გადაგვიღობა და ესკორტის თანხლებით ბელაქანის აღმასრულებელი კომიტეტის საბჭოს უფროსის ისლამ რზაევის კაბინეტში მიგვიყვანეს. ჩინოვნიკმა ადამიას წიგნზე მიგვითითა - ვინ არის ადამია? ავუხსენით, რომ ის ქართველი მეცნიერი იყო. "ქართველია და არა სომეხი?" "რას იღებდით ბელაქანში?" - გამოკითხვა დაიწყო. ავუხსენით, რომ ვიღებდით ბელაქნის კედელს. შეამოწმეს კადრებიც. რზაევის კაბინეტში მრავალჯერადი თათბირის შემდეგ განგვიცხადეს, რომ წიგნთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვთ, მაგრამ ძალაუფლება მათ აქვთ და თავად წყვეტენ, ვის მისცენ გადაღების უფლება. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროდან თქვენ ჩამოსვლაზე მე არ მომსვლია ცნობა, მარტო თქვენი ფაქსი მივიღეო. როცა მივხვდით, რომ მოლაპარაკებას აზრი არ ჰქონდა, ვუთხარით, როგორც კი ტექნიკას დაგვიბრუნებთ, აზერბაიჯანის ტერიტორიას დავტოვებდით. ფოტოაპარატი მეხსიერების ბარათის გარეშე დააბრუნეს და ოპერატორს პარტკომმა აბასოვმა 50 აზერბაიჯანული მანეთი შესთავაზა, ჩიპის სანაცვლოდ. დიდი კამათის შემდეგ ჩიპი დააბრუნეს, თუმცა ისე, რომ ყველა კადრი წაშლილი იყო. ბოლოს კი, როცა გაოგნებისაგან რა გვექნა არ ვიცოდით, აბასოვმა დაგვიყვირა - "რას ზიხართ - გაეთრიეთ აქედან!" - წერს დვალი.
"რეზონანსი": თქვენ წერთ, რომ ბელაქნის ადგილობრივი ადმინისტრაციის ჩინოვნიკები ქართულ გადამღებ ჯგუფს თავიდანვე არამეგობრულად დახვდნენ. რა იყო ამის მიზეზი?
ზურაბ დვალი:ეს ის რეგიონია, სადაც ჩვენი თანამემამულეები, ინგილოები ცხოვრობენ და აქედან გამომდინარე ცოტა ეჭვის თვალით უყურებენ ნებისმიერ იქ ჩასულ ქართველ ჟურნალისტს.
რადგან ვიცოდი, რომ ტერიტორია სენსიტიურია, მივმართე აზერბაიჯანის საელჩოს, დაწვრილებით ავუხსენით სად მივდივართ და რატომ. აზერბაიჯანის მხარე თვენახევარი მოუნდა აკრედიტაციის გაცემას, რაც საკმაოდ არ გვესიამოვნა, რადგანაც ჩვენი საელჩო მსგავს აკრედიტაციებს აზერბაიჯანელებისთვის 2-3 დღეში გასცემს. გარდა ამისა, საქმის კურსში ჩავაყენე ბელაქნისა და ზაქათალის ადმინისტრაციებიც, მიუხედავად იმისა, რომ ბაქოდან საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალური ნებართვა მიღებული მქონდა და შემეძლო ეს არ გამეკეთებინა, მაგრამ თავი დავიზღვიე. ყველანაირი უფლება გვქონდა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გვემუშავა.
"რ": "ადამიას ინციდენტის" მერე გართულდა სიტუაცია თუ თავიდანვე არ იძლეოდნენ ბელაქნის კედლის გადაღების საშუალებას?
ზ.დ: როცა ჩვენს ხელში ქართულენოვანი წიგნი დაინახეს, ეჭვის თვალით შემოგვხედეს. ჩვენ ავუხსენით, რომ ილია ადამია არის მეცნიერი, რომელიც ამ უნიკალურ არქიტექტურულ ნაგებობას აღწერს და მსგავსი კედელი საქართველოს ტერიტორიაზეც არის. ილია ადამია წერს, რომ ეს კედელი მოიცავდა დაახლოებით 150 კილომეტრს, კედლის ერთი მხარე იყო საქართველოს ტერიტორიაზე, ყვარლის რაიონის სოფელ საბუემდე, მეორე მხარე კი მთავრდებოდა ნუხთან. ეს კედელი საინტერესო საფორტიფიკაციო ნაგებობაა, თუმცა საქართველოს ტერიტორიაზე ნაგებობის მხოლოდ 2-3 ფრაგმენტია დარჩენილი, ძირითადი ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა.
უნდა ითქვას, რომ ცალსახად როდის ან ვის მიერ არის აგებული კედელი, ამის თქმა მეცნიერებსაც კი უჭირთ და ადამიაც ამაზე წერს.
ჩინოვნიკებს ავუხსენით, რომ ჩვენი ინტერესის სფერო მხოლოდ კედლის გადაღება იყო ფილმისთვის, რომელსაც დიდი კავკასიური კედელი ჰქვია და აზერბაიჯანში გადაღებული კადრებიც ფილმის მხოლოდ ერთი ფრაგმენტი იქნებოდა. მსგავსი კედლები არის დაღესტანშიც, აფხაზეთშიც. მეცნიერთა ნაწილი აცხადებს, რომ ეს კედლები ერთმანეთს უერთდებოდა, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე უზარმაზარ საფორთიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა და თავისი ფუნქციით ჩინეთის დიდ კედელსაც უახლოვდებოდა.
ავუხსენით, რომ გვაინტერესებდა ფაქტი, რომ ამხელა სიგრძის კედელი არსებობს კავკასიის რეგიონში და არ გვაინტერესებს ვის მიერ არის აშენებული კედელი. ეს კედელი ეხება მთელ კავკასიას და რაც საინტერესოა ჩვენს რეგიონში, ამას ვუწევთ პროპაგანდირებას-მეთქი, ავუხსენი, მაგრამ ბელაქანის ადმინისტრაციამ სამწუხაროდ ვერ გაიგო რისთვის ვიყავით ჩასულები და პირველივე წუთებიდანვე ეჭვის თვალით შეხედა ყველაფერს.
"რ": თავად რიგით მოქალაქეებშიც არის მსგავსი მტრული განწყობა?
ზ.დ: ადგილობრივ მოსახლეობის მხრიდან არაფერი ყოფილა, ჩინოვნიკები იყვნენ გაღიზიანებულები და ვერ გავიგეთ, რატომ. მე დავურეკე ჩემს ბაქოელ მეგობრებს, ისინი ძალიან აღშფოთდნენ და ერთი ამბავიც ატყდა. ჩემი სტატია გადაბეჭდილია უამრავ აზერბაიჯანულ საიტზე და ვისაც საკუთარ ქვეყანაზე გული შესტკივა, ის აზერბაიჯანელები საკუთარ ბლოგებზე წერენ, რატომ ხდება, რომ ადგილობრივი ადმინისტრაცია სახელს უტეხს სახელმწიფოს. თუმცა მთელი უბედურება იმაშია, რომ ეს ფაქტი არავის გაკვირვებია. ბევრმა გვითხრა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ასე ექცევიან საქართველოდან ჩასულ ჟურნალისტებს და უფრო მეტიც, სახელმწიფო მოხელეებსაც კი აჩერებენო. ვფიქრობ, რომ ბაქო ვერ მართავს სიტუაციას იმ რაიონში ან რაღაც სხვა მცდარი ინფორმაცია და წარმოდგენა აქვთ. ასეა თუ ისე, ფაქტი ფაქტად რჩება და სამწუხაროდ, არც აზერბაიჯანის საელჩომ გამოთქვა სურვილი, დაგვხმარებოდა.
"რ": საქართველოში დაბრუნების შემდეგ თუ მიმართეთ აზერბაიჯანის საელჩოს და არადიპლომატიურ განცხადებაზე მათგან ახსნა-განმარტება თუ მოითხოვეთ?
ზ.დ:როცა პრობლემები არ ილეოდა, დავურეკე აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომელ მამედოვს, რომ ბელაქანის პარტკომისთვის აეხსნა ჩემი ჩასვლის ლეგალურობა. არ ვიცი აბასოვმა რა კოშმარები მოუყვა, რადგან მათი სატელეფონო საუბრის შემდეგ მამედოვმა გვითხრა - რომ მცოდნოდა წყლის ასამღვრევად ჩადიოდით, აკრედიტაციას არ მოგცემდითო. ამ სიტყვებით მან ფაქტობრივად გაგვწირა. აზერბაიჯანელებს შეეძლით ჩავექოლეთ, მან კი ხელები დაიბანა. დიპლომატს ასეთი პასუხი არ უნდა გაეცა. თანაც მას ვუთხარი, თბილისში რომ დავბრუნდები, მზად ვარ შეგხვდეთ და ყველაფერი მოგიყვეთ მეთქი. ამაზე საშინელი პასუხი გამცა - ბატონო ზურაბ, მე თქვენთვის თავისუფალი დრო არ მექნებაო. რას ნიშნავს თავისუფალი დრო ჩემთვის არ ექნება?! ეს დიპლომატის პასუხი არ არის!
"რ": თბილისში ჩამოსვლის შემდეგ რეაგირება არ ყოფილა თუნდაც ჩვენი საგარეო უწყების მხრიდან?
ზ.დ:ჩვენი გადამღები ჯგუფის ბელაქანის ადმინისტრაციაში დაკავებისას დავრეკე აზერბაიჯანში არსებულ ჩვენს საელჩოში და ისინი საქმის კურსში ჩავაყენე. ვფიქრობ, რომ ჩვენმა საელჩომ ინფორმაცია მიაწოდა ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ამ ინციდენტის შესახებ საგარეო უწყებას წერილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ, გია ჭანტურიამაც მისწერა და რეაგირებაც ითხოვა. ამდენი დღე გავიდა და როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ ფაქტზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის და როგორც ჟურნალისტისთვის საწყენია ის ფაქტი, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროდან არავინ დაინტერესებულა ამ ფაქტით და არანაირი განცხადება არ გაკეთებულა. არც აზერბაიჯანის ელჩი დაუბარებიათ ამ საკითხის გამო და არც ნოტა გადაცემულა.
"რ": წაეთრიეთ აქედანო, ეს ჩინოვნიკმა გითხრათ?
ზ.დ:როცა მასალაწაშლილი "ფლეშკა" დაგვიბრუნეს, პარტკომმა აბასოვმა მოგვაძახა, რატომ ზიხართ კაბინეტში, წაეთრიეთ აქედანო. შემდეგ თავისი მანქანით გამოგვყვა და სანამ საზღვრამდე არ მივედით და მესაზღვრეებს არ ჩაგვაბარა, თავი არ დაგვანება.
მართალია ყველაფერი წაგვიშალეს, მაგრამ შევძელით და ყველაფერი ხელახლა აღვადგინეთ. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება და ბელაქანის ადმინისტრაციამ მასალა წაგვიშლა. ეს არის თავდასხმა ქართველ ჟურნალისტებზე. ვერ წარმომიდგენია, რომ მარნეულში ჩასულ აზერბაიჯანული ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს რაიმე მსგავსი გადაეტანოს. ეს წარმოუდგენელი რაღაცაა.
მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გამოძევების შემდეგ ორ დღეში დავით გარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების გადმოსვლაც მოხდა. არ გამოვრიცხავ იმას, რომ დავით გარეჯის აურზაურით იყო გადაფარული ჩვენს გადამღებ ჯგუფზე თავსგადახდენილი არასასიამოვნი ინციდენტიც.