. . . ახლა მგონი, პოლიტიკაში ის დრო დაიწყო, როცა პოლიტიკოსები ერთმანეთს ეთამაშებიან და არა - ერთმანეთის თამაშით თამაშობენ.
აბა, ბიძინა ივანიშვილს თავიდანვე რომ "ეპატაკა", არაფერში მჭირდება თქვენი კონსტიტუციაო, გუშინდელ დღეს რა ფასი ექნებოდა.
კარგია, პოლიტიკოსებიც გამოფხიზლდებიან, ჟურნალისტებიც და ხალხიც. ახლა ყველაფერი ძველებურად ნამდვილად აღარ არის და სიახლეს შეგუება და ალღო უნდა.
ყველაფერი რომ ისე აღარ არის, როგორც ძველად, ამის შეგუება და აღქმა ყველაზე მეტად ხელისუფლებას უჭირს. ყოველდღე "ცხვება" ახალი მესიჯები, რომელიც ერთნაირად ჟღერს პარლამენტის ტრიბუნიდან, ტელევიზორიდან პოლიტიკოსის თუ ჩემი კოლეგის ავტორობით. ყოველდღე ვცდილობთ, დავრწმუნდეთ, რომ მთელ სამყაროში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ფულს აქვს სუნი. ყოველდღე ვისმენთ ჩვენი ყოჩაღი ხელისუფლების შეხვედრების "ნიუსებს", ვხედავთ მოსახლეობის გასაჭირით დამწუხრებულ სახეებს, ვისმენთ სოფლის მოსახლეობისთვის მიცემულ დაპირებაზე ინფორმაციებს ისეთივე მახვილებით, როგორც ჩიკაგოს სამიტის დაპირებაზე, რომ ნატო-ში შევალთ. ყველაფერი ისე აღარ არის, როგორც ძველად, მაგრამ ისეთივე მოწყენილობაა, როგორც საბჭოეთში...
. . . კონსტიტუცია ისე მიატრიალ-მოატრიალეს, რომ ბოლოს თვითონ გაიჭრა პოლიტიკური სცენზე და აურ-დაურია ყველაფერი. ჯერ იყო და, ბიძინა ივანიშვილს, ადრე მეცენატს და ახლა ოლიგარქს, მოქალაქეობა არ მისცეს. იმავე დღესვე ხელისუფლების წარმომადგენლები გვაიმედებდნენ, რომ მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილის ყველაფრის უფლება ექნებოდა და ხელს არავინ შეუშლიდა. უპასუხოდ დაგვრჩა იმ დღეს კითხვა - "როგორ?", როცა ასეთი რამის უფლება მას კანონით არ ჰქონდა.
თუმცა, პასუხი მეორე დღესვე მოიძებნა და კითხვას - "როგორ" "ქრისტიან-დემოკრტაბმა" უპასუხეს. შემოგვთავაზეს საკონსტიტუციო ინიციატივა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში ჩართვის უფლებას მოქალაქეობის გარეშე მისცემდა. ამის უფლება თავიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნის იმ მოქალაქეს ექნებოდა, რომელიც საქართველოში დაიბადა და ბოლო 10 წელი ცხოვრობდა საქართველოში.
პირველად მოვისმინეთ, რომ ეს ინიციატივა შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს განმუხტავდა და ივანიშვილს კონსტიტუცია მისცემდა იმას, რასაც პრეზიდენტი არ აძლევდა. მერე ამ ინიციატვიდან "ბოლო" ამოვარდა – პირს ზოგადად, 10 წელი მაინც უნდა ეცხოვრა საქართველოში, თუნდაც ბავშვობაში და ისე ექნებოდა უფლება არჩევნებში მონაწილეობის. ისიც მოვისმინეთ, რომ ეს ინიციტივა ივანიშვილსაც ეხებოდა, მაგრამ არც მაინდამაინც. ის ჩვენს "გადახვეწილ" დიასპორას ეხებოდა, ეს იყო გზავნილი სამშობლოში დარჩენილი თანამემამულეების და ხმა მათდამი სამშობლოში დასაბრუნებლად.
შემდეგ ეს "სამშობლოდან ხმა თანამემამულეებისდამი" უცებ შეწყდა და პარლამენტმა საკონსტიტუციო პროექტში "ბოლო" დააბრუნა. . .
ალბათ ვიღაც გაბრაზდა, ვიღაცას შეეშინდა, ვიღაცა დაიტუქსა და, რაც უნდა ყოფილიყო, კარგად ნაწვალები კონსტიტუცია პარლამენტმა უწვალებლად მიიღო, გაბრაზებული ინიციატორების ფონზე.
ინიციატორებს საქმე სათავისოდ აღარ გამოუვიდათ და ორი კურდღლის მადევრებმა მხოლოდ ერთის დაჭერა შეძლეს, ისიც დროებით. დიასპორა რომ არ გაენაწყენებინათ, მართალია, კონსტიტუცია ვერ მოარგეს, მაგრამ ცალკე კანონს, ცალკე პარლამენტს, ცალკე სპიკერს, მოკლედ, ცალკე სამშობლოს დაპირდნენ და დიასპორების ხმების "მოსყიდვაც" ამით დაასრულეს.
ამის მერე 9 მაისი იყო, ბიძინა ივანიშვილი კი - კარგად ხელმიწსავდომი და შეფასების თხოვნას კონსტიტუციაზე განმარტება მოჰყვა - ივანიშვილს ბოლო 10 წელია არ უცხოვრია საქართველოში და ეს კონსტიტუცია აშკარად ვერ მოერგო მიზანს.
შემდეგ იყო მზადება მეორე მოსმენისთვის, იყო დაპირებები ალტერნატიულ წინადადებაზე, შუალედურ ვარიანტზე. დასახელდა ზედა ზღვარიც, ქვედა ზღვარიც, რომ როგორმე შუალედური გამოეყვანათ და, როგორც იქნა, კონსტიტუციაც მოერგო მიზანს - ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც პოლიტიკური თანმდებობების დაკავების უფლებაც მისცეს.
. . . მესამე მოსმენაც იყო ერთ ჩვეულბრივ და მშვიდ დღეს. დილიდან დავიწყეთ ჟურნალისტებმა სიურპრიზის ძებნა. ჯერ კომიტეტის სხდომაზე მივედით, სადაც მესამე მოსმენის რედაქციის პროექტი დაარიგეს, მაგრამ არაჩვეულებრივი ვერაფერი ვიპოვეთ. შემდეგ კენჭისყრაზე დეპუტატები დავითვალეთ და ისე იყო მოწადინებული ხელისუფლება, რომ სხვისი პულტების გამოყენებაც არ დასჭირდათ. აქაც ვერაფერი ვიპოვეთ. შემდეგ ვიფიქრეთ, იქნებ უმრავლესობის რომელიმე წევრმა ხმა წინააღმდეგი მისცეს-თქო და, აქაც არ გაგვიმართლა, … კონსტიტუციაში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ცვლილება ერთხმად მიიღეს.
იყო ვიშ-ვიში. ერთი კაცის გულისთვის კონსტიტუცია როგორ შეცვალესო, ბარემ სახელი და გვარი ჩაეწერათო, ეს რა უპატივცემულობაოო და ამ დროს მგონი, მხოლო კონსტიტუციას ახსოვდა, რომ სულ რაღაც ერთი-ორი წლის წინ კონსტანტინე (კოკო) გამსახურდიასაც მოარგეს. კონსტიტუციას მაშინ ჩამორთმეული მოქალაქეობის არა, მაგრამ გადაჭრილი სადეპუტატო მანდატის შეწებების ფუნქცია ერგო. თუმცა, კონსტიტუციამ კონსტანტინე ვეღარ გადაარჩინა - კონსტიტუციამორგებული კაცი არარსებულ ორგანიზაციაში, არარსებულ თანამდებობაზე, არარსებული უფლებით დანიშნეს და შეწებებული მანდატი საგარეო უწყების უბრალო საშვში გაუცვალეს.
ვიდრე ვინმეს გადაარჩენდა, თუ დაღუპავდა უკვე მეორე კაცზე მორგებული კონსტიტუცია და სანამ მასზე მიწებებული ახალი მუხლი პრეზიდენტის ფაქსიმილიას ძალას იგრძნობს, ბიძინა ივანიშვილმა ყველას ერთად მონდომობა დაუწუნა და წყალში ჩაუყარა. მთავარმა ოპოზიციონერმა პარლამენტს ან ხაფანგზე უთხრა უარი ან - ძალისხმევაზე.
ერთი კი არის, გუშინ მართლა არავინ იცოდა, ივანიშვილის ამ სიურპრიზის შემდეგ, რას იტყოდა ხელისულება და არც მათ იცოდნენ, მგონი. შემდეგ კი თქვეს, მაგრამ დიდი ვერაფერი. არაფერი ისეთი, რაც ადრე არ უთქვამთ – ულტიმატუმის ენით ნუ ლაპარაკობსო, ჰა ბურთი და ჰა მოედანი, გვანახოს რა ბიჭიც არისო.
ბურთი მოედანზე ვინ გაიტანა და ვინ ვის კარში შეაგდო, ამაზე დასკვნა ნაადრევია. დროულად მოსაკითხი მხოლოდ კონსტიტუციაა, რომელზეც და, რომელშიც იმდენი ბურთი გაიტანეს უკვე, რომ მოედანიც გაუფუჭეს. . .