ბორდელში ხანძარი გაჩნდა. «მამაშა», მეძავები, კლიენტები _ ყველა დარბის და ყვირის: «წყალი! წყალი!», ერთ-ერთი ნომრიდან პორუჩიკი რჟევსკი გამოდის და ამბობს: «მე-5 ნომერში კი – შამპანური!». პორუჩიკი არა და ეფრეიტორი სააკაშვილიც ბორდელში ხანძარს არ იმჩნევს და წყალდიდობასაც ღვთის წყალობად მიიჩნევს. ხანძარია ბორდელში და იქნებ მოვარდნილმა წყალმა მაინც ჩააქროს! რომელმა ბოზმა მოწია სიგარეტი ლოგინში?!
პარლამენტის მოქალაქეთა მისაღებში შუახნის მამაკაცმა, გიორგი ჩიხლაძემ, დოკუმენტებს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. თვეების განმავლობაში მკურნალობის დაფინანსებას ითხოვდა და ყველამ დაიკიდა. «უნდა დაიწვათ და ამოიბუგოთ»! _ იძახდა ჩიხლაძე. რამდენიმე წუთში კი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოჩნდა და ჩიხლაძე «შესაბამის ადგილას გადაიყვანეს». იმ «შსსბამის ადგილას» იგი 7 წელი იჯდა და დაავადებებიც იქ «იშოვა».
ჯანმრთელი ეფრეიტორი კი ნატოს სამიტზე ერთი კვირით ადრე წაბრძანდა და ამერიკაში მომუშავე ექიმებს სამედიცინო ტურიზმზე ელაპარაკა. «საქართველოში იქმნება სამედიცინო სექტორი, რომელიც გათვლილია არა მხოლოდ პატარა ქვეყნისთვის 5-მილიონიანი მოსახლეობით; საქართველო ხდება სამედიცინო ცენტრი მთელი რეგიონისთვის, რაც, ტურიზმის მსგავსად, დიდ შემოსავალს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას», _ თვალი არ დაუხამხამებია, ისე იცრუა პაციენტმა საქართველოდან.
მერე ისიც დაიბრალა, რომ «საქართველოში ბევრი პროფესიონალი დაბრუნდა და წარმატებული პრაქტიკა შექმნა». ექიმებს თვალი ჩაუკრა და «დაუნამიოკა», რომ საქართველოში ბევრი რამ შეუძლიათ გაბედულად გააკეთონ, რადგან ევროპასა და ამერიკაში ბევრად მეტი რეგულაცია და უფრო დიდი ბიუროკრატიული პროცესია. ერთი სიტყვით, საქართველოში ექსპერიმენტები ნებადართულია!
ეფრეიტორი უფრო შორსაც წავიდა: «აქამდე არც პაციენტები იყვნენ და არც აპარატურა გვქონდა, მაგრამ საბოლოოდ, მთავარი ექიმია და არა აპარატურა». აპარატურა გასაგებია, მაგრამ პაციენტის მეტი რა გვყავდა, ოღონდ ეგ არის _ საავადმყოფოებში ვერ მიდიოდნენ უფულობის გამო. ვერც ახლა მივლენ და, როგორც ჩანს, აპარატურასთან ერთად ჩვენი ეფრეიტორი პაციენტების იმპორტსაც გეგმავს!
თავად ნომერ პირველი პაციენტი ექიმებს დაჰპირდა, რომ ქვას აღარ ესვრის: «ჩვენ გვქონდა დრო ქვების გაბნევის და დადგა ჟამი ქვების შეგროვების. საქართველოს მასშტაბით, ახლა იხსნება 150 პატარა და დიდი კლინიკა. მაქვს პრეტენზია, რომ აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე თანამედროვე სამედიცინო სისტემას ვქმნით. თბილისში უკვე გვაქვს რამდენიმე დიდი საავადმყოფო და კორეელები ახლა კიდევ ერთი 200-საწოლიანი დიდი სამედიცინო ცენტრის მშენებლობას იწყებენ, რაც დაახლოებით 250-300 მილიონი დოლარი დაჯდება. ვფიქრობ, ახლადშექმნილ ცენტრებს შორის ის ყველაზე დიდი იქნება აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში».
ამერიკაში მოღვაწე ქართველ ექიმებს პაციენტისთვის სიტყვა არ შეუბრუნებიათ – მისი ისედაც მწვავე მდგომარეობის კიდევ უფრო გამწვავებას მოერიდნენ. სამაგიეროდ, გამწვავებას ქართველი ასპირანტი გიორგი სიგუა არ მოერიდა და ვუდრო ვილსონის სკოლაში ეფრეიტორს კითხვები დააყარა, თან იმდენი და ისეთი, რომ პირდაპირ ტყუილებში ამხილა.
გაღიზიანებულმა პაციენტმა უპასუხა: «ყველა შეკითხვაზე პასუხს არ გაგცემთ... არსებობს ხალხი, რომელიც მთავრობაში აპირებს მოსვლას და შეკითხვების დასმისთვის ზოგიერთებს ფულს უხდის».
ეფრეიტორი კიდევ უფრო შორს წავიდა და რუსეთის დაფინანსების კვალს შუაგულ ევროპაში _ ბრიუსელში მიაგნო: «რუსეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური ძალები საქართველოდან დარბიან ბრიუსელსა და სხვა ქალაქებში, რათა ყოველმხრივ შეუშალონ ხელი იმას, რომ არათუ არ აღინიშნოს ჩვენი ქვეყნის პროგრესი, არამედ ითქვას, რომ საქართველოში ვითარება გაუარესდა კიდეც».
ხანძარია ბორდელში!
მართალია, ნატოს გენერალურ მდივანს დაუდასტურებია, რომ საქართველოს უდიდესი წინსვლა აქვს ინტეგრაციის პროცესში, მაგრამ ჩვენ ისევ დიდი მოთმინება გვჭირდება, ვიდრე ნატოს სრულფასოვანი წევრი გავხდებით, იმდენად დიდი, რომ მასთან წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები მოსატანიც არ არის! პაციენტმა ჟურნალისტებს «საიდუმლოდ» გაანდო, რომ ნატოს მორიგ სამიტზე 2014 წელს, უბრალოდ, ძალიან ძნელი იქნება ახსნა იმისა, რატომ აღარ იღებენ საქართველოს ნატოში!
ერთი სიტყვით, 2014-შიც ხელისუფლებაში აპირებს დარჩენას ჩვენი ეფრეიტორი. რატომაც არა! კაცმა გეოგრაფიული ფოკუსი ჩაატარა და საქართველოს მდებარეობა შეუცვალა: «საქართველო ჩვენი რეგიონიდან ამოვიყვანეთ და გადავსვით ბალკანეთის რეგიონში. სამი ბალკანური ქვეყანა, რომელიც ჩამოთვლილია საქართველოსთან ერთად, ყველა შემთხვევაში გახდება ნატოს წევრი». პაციენტმა დაამატა, რომ არასდროს ყოფილა ამაში ისე დარწმუნებული, როგორც ახლა.
ხანძარია-მეთქი ბორდელში!
ეფრეიტორი იმდენად კარგად ერკვევა სამხედრო საკითხებში, რომ ნაღმსაწინააღმდეგო ტაქტიკის სრულყოფილი ცოდნის დემონსტრირებას ახდენს: «გასულ წლებში კარგი გაკვეთილი მივიღეთ. ქართველი ხალხი უკვე ძალიან გამოცდილი და გამობრძმედილია და კარგად იცის, რომ ერთსა და იმავე ნაღმს ორჯერ ფეხი არ უნდა დააბიჯოს»!
ერთი ის გამნაღმველი მანახა, ერთსა და იმავე ნაღმს მეორეჯერ რომ დააბიჯებს ფეხს და მერე თუგინდ სულაც ნატოში მიკრას თავი ამ ჩვენმა ეფრეიტორმა! სად იარა და ფეხი რას დააბიჯა, უცნობია, მაგრამ ჩვენმა პაციენტმა სტუდენტების წინაშე ამაყად განაცხადა: «მე ჯერ ისევ პოპულარული პრეზიდენტი ვარ, მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტი უფრო საპატიოა, ვიდრე ჩემი პიროვნება. ეს ეხება პარლამენტსაც. ის გაცილებით უფრო პოპულარულია, ვიდრე კონკრეტული პარლამენტარი. იგივე ხდება არმიის, მთავრობის შემთხვევაშიც». პოლიციის რეიტინგი 5-დან 90%-მდე გაზრდილა, სასამართლოსი _ 10-დან 70%-მდე და საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ევროპაში!
ხანძარია-მეთქი ბორდელში!
ამას უსმინეთ: დამნაშავეობა საქართველოში 60-70%-ით ნაკლებია, ვიდრე საფრანგეთსა და გერმანიაში, ხოლო რუსეთთან შედარებით 4-ჯერ ნაკლები ყოფილა! ამ უცნაური გამოცანის პასუხს ერთი შემთხვევა გვაძლევს, რომელიც სწორედ მაშინ მოხდა, როცა სააკაშვილმა წყალდიდობის და 5 ადამიანის დაღუპვის დარდი მილანში შოპინგით გაიქარვა: იტალიელმა სამართალდამცელებმა რეჯიო-კალაბრიაში ქურდობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიასაშუალებების ცნობით, დაკავებული სავაჭრო ცენტრ «ბოლაროდან» ძვირადღირებული ფეხსაცმლის მოპარვას ცდილობდა. როგორც ჩანს, ევროპაში დამნაშავეობა 60-70%-ით ისევ ჩვენი პაციენტისგან გაქცეული ქართველების ხარჯზე გაიზარდა. ისინი ამგვარად ემსახურებიან სამშობლოს – დანაშაულს საკუთარი ქვეყნის ნაცვლად სხვა სახელმწიფოებში სჩადიან!
ხომ გითხარით, ხანძარია-მეთქი ბორდელში!
პაციენტი ამტკიცებს, რომ საქართველოს აქვს საუკეთესო ლოჯისტიკური ბაზები, საუკეთესო აეროპორტები. შენდება რეგიონში საუკეთესო ავტომაგისტრალები და რკინიგზა. ეფრეიტორის გეოგრაფიულ კრეტინიზმზე (შეურაცხყოფა არ გეგონოთ – სამეცნიერო ტერმინია) ზემოთ უკვე მოგახსენეთ, მაგრამ ამჯერად იგი კვლავ ჩვეულ ადგილზე აბრუნებს საქართველოს და მოგვიწოდებს: «დახედეთ რუკას: თუ საქართველო დაეცემა, თუკი საქართველოს დემოკრატია დაეცემა (იგულისხმე – თუ ეფრეიტორი აღარ იქნება მისი მმართველი! _ თ.დ.), ყველა სატრანზიტო გზა ევროპასა და აზიას შორის, ჩინეთზე, კასპიის ზღვასა და ავღანეთზე, რომელთანაც ეს ეკონომიკური მარშრუტი ესოდენ მნიშვნელოვანია, უბრალოდ, აღარ იქნება»!
პაციენტს არა გეოგრაფიული, არამედ მენტალური აღმოჩენა აქვს: მისი მტკიცებით, საქართველო არ არის მხოლოდ ქვეყანა – იგი იდეაა. იდეას კი ვერავინ შეაჩერებს – ხან კავკასიაში იქნება, ხან – ბალკანეთში, თითქმის ისე, როგორც ამერიკა, რომელიც ხან ერაყშია და ხან ავღანეთში: «ამერიკა იდეაა, მაგრამ ჩვენი პატარა რეგიონისთვის საქართველოც არის იდეა».
ხანძარია-მეთქი ბორდელში!
თუ საქართველო იდეაა, ნატო ისტორიის მამოძრავებელი ძალაა და ნათელი მომავალი აქვს. «ნატო დღეს უფრო რელევანტურია, ვიდრე ოდესმე ყოფილა და ის მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენთვის, ვინც ჯერ კიდევ უმცირესობას წარმოვადგენთ, არამედ იმ დიდი ქვეყნებისთვისაც, რომლებიც ამ ალიანსის ბირთვს შეადგენს და მისი ფასეულობების მატარებელია», – აცხადებს პაციენტი. თავად მისი რელევანტურობა, როგორც ყოველთვის, ეჭვს იწვევს, რადგან იგი გამჭვირვალობასა და ნათელ ფერებს ერთმანეთისგან ვერ არჩევს: «თუ შეადარებთ ქართული ტელევიზიის კადრებს 10 წლის წინ, ნახავთ, რომ ფერებიც კი სხვანაირია, როგორ მოძრაობს და ურთიერთობს ხალხი, შენობებიც სხვანაირია. მათი უმრავლესობა გამჭვირვალეა. გამჭვირვალე პოლიციის შენობები, გამჭვირვალე პრეზიდენტის სასახლე, სამინისტროები – ეს ყველაფერი გარკვეული სიმბოლოა. ჩვენ შემოვიტანეთ ნათელი ფერები ქვეყანაში».
10 წლის შემდეგ 100 წელი შესრულდება «ნათელი ფერების» კიდევ ერთი შემომტანის დაღუპვიდან. თბილისში, ელბაქიძის დაღმართზე, ველოსიპედით მოსეირნე ამხანაგ კამოს ქალაქში ერთადერთი ავტომობილი დაეჯახა. ჩვენს ეფრეიტორს კი მანქანებით სავსე ჩიკაგოში არაფერი ეჯახება. მიჩიგანის ტბას ველოსიპედით უვლის გარს და ირწმუნება, რომ 2 წელიწადში ბათუმის სანაპირო ზოლი ზუსტად ჩიკაგოს ბულვარის პრინციპით მოეწყობა.
«ჩიკაგოში მსოფლიოს ყველაზე გრძელი და საინტერესო ბულვარია», – აცხადებს პაციენტი. სინამდვილეში ყველაზე გრძელი ბულვარი ლოს ანჟელესშია. სანსეტ-ბულვარის სიგრძე 42 კილომეტრია, მაგრამ, სადაც ჩვენი პაციენტი ჩადის, იქ ყველაფერი ყველაზე გრძელი და დიდი უნდა იყოს!
მიმდინარე წლის თებერვალში პაციენტი ამტკიცებდა, რომ ბათუმში მსოფლიოში ყველაზე გრძელ ბულვარს აშენებს, მაგრამ ახლა ამბიციები მოთოკა და უკან დაიხია: «მიმაჩნია, რომ ბათუმის სანაპირო, რეალურად, მეორეა. თუ დააკვირდებით, ეს ადგილი ძალიან ჰგავს ბათუმს _ აქაც არის ცათამბჯენები და დიდი ტბა. ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, ხელოვნურად არის გაკეთებული _ პირსების სისტემა და ოქროს ქვიშიანი სანაპირო ცათამბჯენების წინ. ბათუმში, იმ ადგილზე, სადაც სასტუმროები აშენდა და ახლა უნივერსიტეტი შენდება, ზუსტად ასეთ სანაპიროს ვაკეთებთ. ასეთივე პირსების სისტემას ვაკეთებთ, შემოვღობავთ კიდეც და მომავალი წლის ზაფხულს ბევრად ლამაზი და კეთილმოწყობილი ბულვარი გვექნება, რომელიც ჩვენი შავიზღვისპირეთის სავიზიტო ბარათი გახდება. ეს ადგილი იმდენად მაგონებს ბათუმს, რომ ჩემთვის შთაგონების წყაროა», _ განაცხადა ქვეყნის პირველმა პაციენტმა.
შემოღობვა, შემოღობვაა მთავარი!
ხომ გეუბნებოდით, ხანძარია-მეთქი ბორდელში!
ხანძრის მიზეზი ყველაზე ხშირად ასანთთან ან ელექტრომოწყობილობებთან უმეთვალყუროდ მიტოვებული ბავშვები, ლოგინში თამბაქოს მოწევა (მით უფრო _ არაფხიზელ მდგომარეობაში), ერთ შტეფსელში რამდენიმე ელექტროხელსაწყოს ჩართვა ან ელექტროსადენების მოკლე ჩართვა ხდება ხოლმე. ჩვენი პაციენტის შემთხვევაში ყველა კომპონენტი ერთდროულად არის წარმოდგენილი, თამბაქოს ლოგინში მოწევის გარდა.
ხანძარია ბორდელში!
მაინც რომელმა ბოზმა მოწია სიგარეტი ლოგინში?!
P.S. ბორდელში ხანძრის შემთხვევისთვის საგანგებო პლაკატია გაკრული: თუ ხანძარი გაჩნდება, მიხედეთ საკუთარ კვერცხებს – დანარჩენის ყიდვა ან მოპარვა შეგიძლიათ!
ასე რომ, ხანძარია ბორდელში და ჩვენს გადახურებულ «ეფრეიტორ რჟევსკის» «თელ საქართველოში, თელ კავკასიაში, თელ ევროპაში, თელ სოფლიოში» ყველაზე დიდი, ყველაზე გრძელი ბრანდსპოიტი თუ დააშოშმინებს... არა, მაინც რომელმა ბოზმა მოწია სიგარეტი ლოგინში?!