ივანიშვილი შეცვლილი კონსტიტუციით სარგებლობაზე უარს ამბობს

ივანიშვილი შეცვლილი კონსტიტუციით სარგებლობაზე უარს ამბობს

როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლებამ კონსტიტუციის ივანიშვილისთვის მორგებაზე სულ ტყუილად იწვალა. ცვლილების მიღების შემდეგ ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის ამ კანონით არ ისარგებლებს და პრეზიდენტს მოუწოდებს, ვეტო დაადოს.

"ამით თქვენ გადაარჩენთ ქვეყნის პრესტიჟს და მის კონსტიტუციურ ფუნდამენტს, რომელიც შეუდარებლად მაღალი ღირებულებაა, ვიდრე თქვენი, ჩემი და ყველა პოლიტიკური ძალის აწმყო თუ მომავალი, ერთად აღებული," - ნათქვამია წერილში.

ამასთან, ივანიშვილი სააკაშვილს იმასაც სთავაზობს, რომ ის მას ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად იმ წესით ისარგებლებს, რაც ხელისუფლებამ შესთავაზა.

"თუ არ გაითვალისწინებთ ჩემს რჩევას და უარს არ იტყვით კონსტიტუციურ ცვლილებებზე, მაშინ მე არ გავხდები ანტისახელმწიფოებრივი ქმედების თანამონაწილე, არ ვისარგებლებ აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილებებით და არ მივიღებ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში," - ამობს ივანიშვილი.

წერილში ისიც არის ნათქვამი, რომ ის გააგრძელებს აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას იმ ფარგლებში, რასაც საქართველოს კონსტიტუცია ადგენს საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის.

პარლამენტმა ივანიშვილისთვის მორგებული საკონსტიტუციო ცვლილებები გუშინ 111 ხმით ერთხმად დაამტკიცა. უფრო მეტიც, კონსტიტუციაში ისიც კი ჩაიწერა, რომ მას მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის კი არა, იმ ყველა საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება ექნება, რაც აქამდე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისთვის აკრძალული იყო.

ცვლილებების მიხედვით, 2014 წლის პირველ იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან ასევე ექნებათ პირებს, რომლებიც დაბადებულნი არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.

აღნიშნულ პირებზე არ გავრცელდება კონსტიტუციიის ის შეზღუდვები, რომლის მიხედვით, მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა, არ შეუძლია გახდეს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ ამ ფორმულირების ჩამოყალიბებამდე პროექტი ძალიან ბევრჯერ შეიცვალა, რადგან ივანიშვილი ხან საქართველოში ცხოვრების ცენზს ვერ აკმაყოფილებდა, ხან ნორმა მოდიოდა სხვა ნორმებთან წინააღმდეგობაში და საკმაოდ კურიოზული ვითარებები იქმნებოდა.

იმის გამო, რომ სააკაშვილი ახლა ლოს-ანჯელესში იმყოფება და, ოფიციალური ვერსიით, შეხვედრებს მართავს, მისი პასუხი არ გაჟღერებულა. სამაგიეროდ, ივანიშვილის ამ განცხადებამ ხელისუფლება ისე დააბნია, რომ რამდენიმე საათი კომენტარსაც კი ვერ აკეთებდნენ. შემდეგ კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა და სახელისუფლებო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, განაცხადეს, რომ ივანიშვილმა ეს ყველაფერი არჩევნებში დამარცხების შიშით თქვა, ეს არის ულტიმატუმი, რომელსაც სახელმწიფო ვერ მიიღებს და პრეზიდენტი კანონს ვეტოს არ დაადებს.

"კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს აქვს სრული და სრულფასოვანი უფლება, ყველა პოლიტიკურ პროცესში მიიღოს მონაწილეობა. მას არ აქვს არანაირი საშუალება იმისა, რომ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს ზიანი მიაყენოს. წერტილი ესმევა ყველანაირ სპეკულაციას იმის შესახებ, თითქოს ვიღაცას საარჩევნო უფლებები ეზღუდება. თუკი ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება სურს, მას ამის საშუალება გააჩნია, ხოლო თუკი იცის, რომ არჩევნებში ფიასკოსთვის არის განწირული და ახლა რაღაც მიზეზებსა და საბაბებს ეძებს, საარჩევნო პროცესში ჩართვას მას არავინ აიძულებს," - აცხადებენ უმრავლესობაში.

სამაგიეროდ ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ივანიშვილმა ამ გადაწყვეტილებით "სააკაშვილს ქიში გამოუცხადა" და "ანგარიში ამ ეტაპზე მის სასარგებლოდ არის".

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ "ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტისადმი მიმართვით მიხეილ სააკაშვილს უკვე პირობებს კარნახობს".

"ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი. ივანიშვილი ამ ნაბიჯით ამ ელემენტს ცვლის. შედეგში შეიძლება დიდი განსხვავება არ იყოს, მაგრამ დამოკიდებულებასა და საზოგადოებრივ სტატუსში შესაძლოა განსხვავება აღმოჩნდეს," - განაცხადა საყვარელიძემ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ამ ნაბიჯით უკვე სირთულეებს უქმნის ხელისუფლებას, კონკრეტულად პრეზიდენტს და უნდა, სააკაშვილი მიიყვანოს იმ კონდიციამდე, რომ უარი ათქმევინოს საკონსტიტუციო ცვლილებაზეც კი.

როგორც ის აღნიშნავს, თუ ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ეს მისი პარტიისთვის და კოალიციისთვის სიტუაციას არსებითად არ შეცვლის, რადგან კოალიცია "ქართული ოცნება" საზოგადოების მიერ აღიქმება, როგორც ივანიშვილის მიერ კონტროლირებული პოლიტიკური ძალა და შესაძლოა საზოგადოებამ მას ნდობა გამოუცხადოს.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი კი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის მიმართვა "არის ძალიან წარმატებული სვლა, ყოველგვარი უკანდახევის გარეშე".

"ეს მარტივად იქნება გაგებული ყველა ადამიანის მიერ, რომელიც კანონის უზენაესობას აღიარებს. მხოლოდ ლენინის მოძღვრების მიმდევარი პოლიტიკური ძალა შეიძლება ფიქრობდეს, ისევე, როგორც ლენინი, რომ რევოლუციონერი არ უნდა შეჩერდეს კანონის უზენაესობის წინაშე და უნდა იმოქმედოს," - განაცხადა ცისკარიშვილმა.

მისივე თქმით, ივანიშვილის ეს ნაბიჯი არის "ნატიფი სვლა" იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც მან დაისახა.

"პრეზიდენტს ან მოუწევს კანონიერების ველში დაბრუნება, ან საკანონმდებლო ველიდან საჯარო გასვლა," - აცხადებს ცისკარიშვილი.

ასეთივე მოსაზრება აქვს საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელს, კახი კახიშვილსაც. თუმცა, ის მიიჩნევს, რომ "კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს ქდმ-ს მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებებით სარგებლობაზე უარი აქამდეც უნდა ეთქვა".

"ვფიქრობ, ეს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ძალიან სწორი ნაბიჯია, იმიტომ, რომ არ შეიძლება, ისარგებლო იმით, რაც სახელმწიფოებრიობისთვის საზიანოა და ქვეყნის სუვერენიტეტს უქმნის პრობლემას. ამასთან, ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა ისედაც ეკუთვნის. თუმცა უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა, ივანიშვილს ეს პოზიცია თავიდანვე დაეფიქსირებინა, როდესაც ქდმ-მა აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა, თითქოსდა ივანიშვილის ფაქტორის გამო წამოაყენა. ბიძინა ივანიშვილს მაშინვე უნდა ეთქვა, რომ თავი არ შეეწუხებინათ, რადგან ამ ცვლილებებით არ ისარგებლებდა.

"ამის ნაცვლად, ივანიშვილთან დაკავშირებულმა ზოგიერთმა პირმა განაცხადა, რომ მართალია, ეს ცვლილებები ცუდია, მაგრამ იძულებულები არიან, მისით ისარგებლონ. შედეგად, ხელისუფლებამ რამდენიმე კურდღელი ერთად დაიჭირა. კერძოდ, მოხდა ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული პრობლემა ამოწურულად ჩათვალა და ამ მხრივ, ძალისხმევა შეასუსტა.

"გარდა ამისა, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები "ქრისტიან-დემოკრატების" მიერ კონკურენტ პოლიტიკურ ძალაზე ზრუნვას არ უკავშირდებოდა და სულ სხვა მიზნებს ემსახურებოდა. კერძოდ, მის მიზანს გარკვეული ჯგუფებისთვის აქტიური საარჩევნო უფლების მინიჭება და შედეგად, საზღვარგარეთიდან უკონტროლო ხმების მიღება წარმოადგენდა," - განუცხადა "პირველს" კახიშვილმა.

ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელს არ მოაწერს, უსაფუძვლოა და ის მაინც დამტკიცდება, თუმცა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, თავის მხრივ, "სახელმწიფოებრივი მიდგომის დემონსტრირებაა".