რამ შეაძრწუნა „ნოვიე ლიუდის“ ლიდერი?

რამ შეაძრწუნა „ნოვიე ლიუდის“ ლიდერი?

მოსკოვში გააპროტესტეს ახალი გეოგრაფიული რუკა, რომელშიც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ნაწილებადაა დაფიქსირებული. თბილისში აცხადებენ, რომ შესაძლოა, მალე ეს რუკები მაღაზიებიდან გააქრონ. ევროკავშირის წარმომადგენელი მიესალმება იმ ფაქტს, რომ „რუსეთშიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ“.

უმსხვილესი რუსული გამომცემლობა „ოლმა მედია გრუპი“-ის მიერ სასწავლო წლის დასაწყისისათვის ფართო გაყიდვაში გამოშვებულ იქნა „მსოფლიოს დიდი უნივერსალური ატლასის“ დიდი ტირაჟი. ატლასზე რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოებად გამოყოფილი არ არის და კვლავ საქართველოს შემადგენლობაშია დაფიქსირებული. 

ყოველივე ამით აღშფოთებულმა რუსეთის საერთორეგიონალური ახალგაზრდული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ნოვიე ლიუდიმ“ 27 ოქტომბერს მოსკოვში ნაციონალური კარტოგრაფიული კორპორაციის შენობის შესასვლელთან საპროტესტო მიტინგი ჩაატარა სახელწოდებით - „ის რისი გაკეთებაც იარაღმა ვერ შეძლო, გეოგრაფიულმა რუკებმა გააკეთეს“. 

ატლასის ანონსირებისას გამომცემლობა წერს: „მსოფლიოს ატლასი იმ მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც განსაკუთრებით გეოგრაფია აინტერესებთ და ალბათ გაკვეთილების მომზადების დროს კარგი დამხმარე გახდება“. 

ატლასის რუკები შედგენილია და გამოცემისათვის გამზადებულია „ნაციონალური კარტოგრაფიული კორპორაციის“ მიერ. 

„ოლმა მედია გრუპი“-ი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სთავაზობს გამოცემას, რომელშიც რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ორი წლის შემდეგ ეს ორი სახელმწიფო ცალკე სახელმწიფოებად არ არიან გამოყოფილნი და რუკაზე კვლავ საქართველოს შემადგენლობაში არიან დაფიქსირებულნი. თავად საქართველო კი რუკაზე დსთ-ს წევრთა რიგებშია“, – წერს მოძრაობა „ნოვიე ლიუდის“ პრესსამსახური და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

„ახალგაზრდული მოძრაობა „ნოვიე ლიუდიმ“ ჩაატარა პიკეტი „ნაციონალური კარტოგრაფიული კორპორაციის“ შენობის წინ, რომლის დროსაც მიმართა ყველა რუს გამომცემლობას რომელიც ატლასებსა და გეოგრაფიულ რუკებს უშვებს და მიუთითებს იმაზე, რომ გეოგრაფიულ რუკებს შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც იარაღმა და ტანკებმა ვერ შეძლო. 

კორპორაციის შენობასთან მომოტინგეებმა თვალსაჩინოებისათვის რუკებიდან გააკეთეს იარაღი, ზარბაზნები, პისტოლეტები და ავტომატები. მიტინგზე იყო ლოზუნგები - „რასაც ვერ აკეთებს იარაღი - აკეთებს წიგნები და რუკები!“, „წესრიგი რუკებზე - წესრიგი თავებში!“, „ის რაც დაწერილია - ვერ ამოშლი!“, „მოიყვანეთ გეოგრაფიული რუკები მწყობრში!“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ამას გარდა, „ოლმა მედია გრუპი“-ის გენერალურ დირექტორს გადასცეს წერილი, რომელშიც „დაშვებული სერიოზული შეცდომის“ გამოსწორებას მოითხოვენ. 

„ერთ-ერთმა ჩვენმა აქტივისტმა მე ახალი ატლასი მომიტანა, რომელიც ვოლგოგრადში იყიდა. გავხსენი საქართველოს გვერდი და ნანახმა შემზარა - აღმოვაჩინე, რომ დამოუკიდებელი რესპუბლიკები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აქ ჯერაც საქართველოს შემადგენლობაში იმყოფებიან“, - მოძრაობა „ნოვიე ლიუდის“ ლიდერი იგორ გრიბანოვი.

ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ რუსეთში გამოცემულ რუკას, რომელშიც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ნაწილებად არის დაფიქსირებული, შესაძლოა, მალე მაღაზიებიდან გააქრონ. 

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე აცხადებს, „იმ პირობებში, როდესაც რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები უკანონოდ აქვს აღიარებული, ეს ფაქტი მათში, რა თქმა უნდა, გარკვეულ გაღიზიანებას იწვევს“.

„ის ფაქტი, რომ ასეთი სახის რუკები რუსეთის ფარგლებში რიგდება, სწორია და ნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალი გარკვეული ფორმებით რუსეთშიც პოულობს დაცვას. ჩემი ღრმა რწმენით, რუსეთში ამ ფაქტრის აღმოფხვრას დაუყოვნებლივ შეეცდებიან“, - აცხადებს კალანდაძე.

ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში პერ ეკლუნდი მიესალმება იმ ფაქტს, რომ „რუსეთშიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ“.

„ევროკავშირი ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რუკების შესახებ ინფორმაცია მეც შევიტყვე და შემიძლია, ვთქვა, რომ ეს ძალიან სასიამოვნო სიახლეა. კარგია, რომ რუსეთშიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთალიანობას აღიარებენ“, - აცხადებს ეკლუნდი.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ერთიც – გარდა იმისა, რომ ამ რუკებზე აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში არიან, მათივე მიხედვით, საქართველო ჯერ კიდევ იმყოფება დსთ–ს შემადგენლობაში, რაც გვაფიქრებინებს, რომ რუკები დასაბეჭდად 2008 წლის აგვისტომდეა მომზადებული. ანუ “ნოვიე ლუდის” შეუძლიათ დაწყნარდნენ, გამომცემოლობას “დიდი რუსეთისთვის” არ უღალატია, საქმე გვაქვს მხოლოდ უყურადღებობასთან და “შეცდომა” მალევე “გამოსწორდება”, ქულებს კი იგორ გრიბანოვი ჩაიწერს. სავარაუდოდ, გრიბანოვი მიიღებს აფხაზურ და ოსურ ორდენებს – წელსვე და საგზურს გაგრაში და რამდენიმე შეკვრა “ბაგიათას” – გაისად.