მთავრობასთან და კონკრეტულად ფინანსთა სამინიტროსთან დავას აზრი არ აქვს. ის კი არა, ეს უწყება პრეზიდენტის მითითებასაც არ ასრულებს და დავების საბჭოში ბიზნესმენთა წარმომადგენელს არ ნიშნავს. ასეთ შემთხვევაში რა გასაკვირია, რომ ბიზნესის სასარგებლოდ თითქმის არაფერი წყდება.
დავების საბჭოში ჩივილი ბიზნეს-კომპანიების უდიდესი ნაწილისთვის უშედეგოდ სრულდება. ამის თქმის საფუძველს ოფიციალური სტატისტიკა იძლევა, რომლის თანახმადაც 2010 წლის პირველ ნახევარში ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭომ 658 საჩივრიდან 53% არ დააკმაყოფილა, ხოლო 13% საერთოდ არ განიხილა. მხოლოდ ივლისის თვის სტატისტიკური მონაცემებით კი საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარი მომჩივანი ბიზნესმენების 89%-ს ეთქვა. ივლისში გასაჩივრებული საქმეებიდან ყველაზე მეტი საჩივარი – 35% – თბილისზე მოდის.
ესე იგი რა გამოდის – ბიზნესმენთა 10 საჩივრიდან საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ 1 თუ გადაწყდება მომჩივანის სასარგებლოდ. და ეს მაშინ, როდესაც მთავრობის “გადამეტებული ყურადღების” გამო ბიზნესს თავსატეხი სულ უფრო ემატება. შესაბამისად, უკმაყოფილო ბიზნესმენთა რიგებიც იზრდება, რასაც მოწმობს დავების საბჭოში შეტანილი საჩივრების რაოდენობაც.
2010 წლის პირველ ნახევარში ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭომ 658 საჩივრი განიხილა. 2009 წელს კი დავების საბჭოში 1000-მდე საჩივარი შევიდა, რაც 2008 წელთან შედარებით ორჯერ მეტია.
ფინანსთა სამინიტროს გალაღების ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ დავების განხილვის საბჭოში ბიზნესმენების წარმომადგენელი ჯერ კიდევ არ დაუნიშნავთ. მას შემდეგ, რაც ბიზნეს–ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ დავების საბჭოში საკუთარი კნადიდატური მოხსნა, რამდენიმე თვე გავიდა. ბიზნესმენები კი მორიგი კანდიდატის, ბიზნეს–ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, გიორგი ისაკაძის დანიშვნას ამაოდ ელიან. სახელისუფლებო წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საბჭოს მიმართ კი ნდობა, ფაქტობრივად, არ არსებობს.
“გიორგი ჭირაქაძის ახალი წევრით ჩანაცვლება ჯერ კიდევ არ მომხდარა. იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი სექტემბერში გადაწყდება და მთავრობა თავის პირობას შეასრულებს. ამასობაში, ახალი საგადასახადო კოდექსიც ძალაში შევა. გარდა ამისა, დავების საბჭოს ახალი ფუნქციები ემატება. ასე რომ, აუცილებელია, რომ დავების განხილვის საკითხში ჩვენი წარმომადგენელი აქტიურად ჩაერთოს”, - ამბობს ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენელი დავით კოღუაშვილი.
იმისთვის, რომ მთავრობას ბიზნესმენების მიმართ საკუთარი კეთილგანწყობა დაედასტურებინა, დავების საბჭოში ერთი ადგილი ბიზნესმენების წარმომადგენლისთვისაც გამოიყო (მხოლოდ გამოიყო); ანუ, მიხეილ სააკაშვილი შემოსავლების სამსახურის მიერ დალუქულ ბიზნესმენებს დავების საბჭოში ერთ ადგილს, ჯერ კიდევ შარშან, ლოპოტას ტაბასთან გამართულ მთავრობის სხდომაზე დაპირდა. თითქმის ერთი წელი გადის და როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრეზიდენტის დანაპირები არ შესრულებულა.
ბიზნესმენების განცხადებით, დავების საბჭოში რომ დავა მოიგო, ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, მოგების შანსი კი ძალიან მცირეა. მარტო ამ ინსტანციის გავლას 2-3 თვე მაინც სჭირდება, თანაც, საშუალოდ, 30 საქმიდან საუკეთესო შემთხვევაში, შეიძლება, 2 საქმე დაკმაყოფილდეს ისიც მაშინ, როცა დავა შედარებით მცირე თანხაზეა.