"ბურჯანაძე, კუკავა, შაშიაშვილი, ასათიანი - ბლოკის მთავარი მამოძრავებელი ძალა ეს 4 ლიდერი ვიქნებით"

"გადაწყვეტილია, რომ ეროვნული ძალები გაერთიანდებიან. ჩვენი პარტია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. თუ ნინო ბურჯანაძის პარტიაც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას, ერთ ბლოკად გაერთიანება ლოგიკური იქნება. რეგულარული კომუნიკაციები პრაქტიკულად ყოველდღიურად გვაქვს და მიმდინარე მოვლენებს განვიხილავთ, მაგრამ მას საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ აქვს. არჩევნებამდე საკმარისი დროა და გადაწყვეტილების მიღებამდე საკმარისი დრო გვაქვს - დაბლოკებები, როგორც წესი, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ხდება", - აცხადებს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით კუკავა ბურჯანაძესთან გაერთიანებას და არჩევნებში მესამე ადგილი დაკავებას გეგმავს / "გადაწყვეტილია, რომ ეროვნული ძალები გაერთიანდებიან".

"შაშიაშვილიც სახალხო კრების წევრია და ბუნებრივია, რომ პარტნიორული ურთიერთობები მასთანაც გვაქვს. კონსულტაცია გვქონდა აკაკი ასათიანის "ტრადიციონალისტებთან" და ასევე სხვა პოლიტიკურ ძალებიც არიან, რომლებსაც ამ ეტაპზე არ გავახმაურებ. თუმცა ბლოკის მთავარი მამოძრავებელი ძალა ეს 4 ლიდერი ვიქნებით. გარდა ამისა, კიდევ არიან გარკვეული ჯგუფები. არა მგონია, რომ სოსო ჯაჭვლიანს ან ნონა გაფრინდაშვილს რომელიმე ისეთ პოლიტიკურ ლიდერზე ნაკლები რეიტინგი ჰქონდეს, რომელიც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენებისაა. იდეოლოგიური და პოლიტიკური თვალსაზრისით ეს მეორე ძალა იქნება - ვისაც პირველ, მეორე, მესამე თუ მეოთხე ძალას უწოდებენ, ეს ერთი ძალაა - პროამერიკული. ესენი ლიბერალურ ფასეულობებზე არიან დამყარებული და თავიდან ბოლომდე ამერიკის საელჩოდან იმართებიან. ამ ყოველივეს ალტერნატივა მხოლოდ "თავისუფალი საქართველო" და მისი პარტნიორები არიან", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კუკავა.

"ოპოზიციას ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით ალტერნატიული ხედვები უნდა ჰქონდეს. ჩვენი პროგრამა ჯერჯერობით ქაღალდზე გადატანილი ერთადერთი ალტერნატიული და ოპოზიციური პროგრამაა. თუ სხვა ოპოზიციური ძალების პროგრამებს გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ მათ "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებული არაფერი არ აქვთ. უბრალოდ, დავა იმაზე მიდის, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ვინ ოპოზიციაში - განსაკუთრებით "რესპუბლიკურ პარტიაზე" ვაკეთებ აქცენტს - ეს პარტია "ნაციონალების" პოლიტიკურ პრიორიტეტებს სრულად იზიარებს - საუბარი მაქვს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე, ავრანეთში ჯარის გაგზავნაზე, ბათუმსა და სხვა რეგიონებში თურქეთის რელიგიურ ინტეგრაციაზე, გეი-აღლუმების ორგანიზებაზე, იმპორტის თავისუფლებაზე, "ნაციონალიბს" კორუმპირებული ჩინოვნიკების ქონების ამნისტიაზე... აქედან გამომდინარე, მიჭირს "ქართულ ოცნებას" რეალური ოპოზიცია ვუწოდო - ერთი და იგივე პოლიტიკურ ძალებს შორის ეს უფრო შიდაკლანური დაპირისპირებაა. სსრ კავშირის დროს, ასეთი ბრძოლების სტალინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, მალენკოვი, ხრუშჩოვი და ბერია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ..." - განაგრძობს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი.

"კლანური დაპირისპირებები პროამერიკულ იმპერიებშიც არსებობს, მაგრამ ამას რეალურ ოპოზიციას ვერ ვუწოდებთ. პირველ წლებში სახელმწიფო სისტემას ისინი ერთად ქმნიდნენ, მაგრამ რაღაც ეტაპზე მოხდა არა პოლიტიკური, არამედ პიროვნული დაპირისპირება. არ ვამბობ, რომ ეს დაპირისპირება მოჩვენებითია, ეს ნამდვილად რეალურია, მაგრამ ეს პრინციპების გამო არაა. გავლენის სფეროების გადასანაწილებლად ხდება... ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ ობამას წერილი მისწერა, ეს წერილი საქართველოს ისტორიაში დარჩება - იგი ობამას წერდა: "ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზად ვართ ის პოლიტიკური კურსი გავაგრძელოტ, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ატარებს და გარანტიას ვიძლევით, რომ ეს კურსი არ შეიცვლება და გთხოვთ რომ ჩვენს პოლიტიკურ ძალას მხარი დაუჭიროთ" - ეს იყო წერილის შინაარსი, თავად განსაჯეთ რასაც ნიშნავს", - დასძენს კახა კუკავა.

"არც ადრე და არც არ დაგვიმალავს, რომ მათგან განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. დრესაც ვფიქრობ, რომ თუ არჩევნებში სააკაშვილი გაიმარჯვებს, მთელი პასუხისმგებლობა იმ ძალას უნდა დაეკისროს, ვინ გაერთიანებას ეწინააღმდეგება. საქმე იქითკენ მიდის, რომ სააკაშვილის გუნდი ამ არჩევნებში მინიმუმ 60%-ს აიღებს. ჩვენ "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებთან სათანამშრომლოდ მზადყოფნას გამოვთქვამთ. მიგვაჩნია, რომ უნდა შეიქმნას დროებითი ბლოკი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟს უზრუნველყოფს, შემდეგ კი მუშაობას ცალ-ცალკე განვაგრძობთ - როდესაც მსოფლიოს ჰიტლერული საფრთხე დაემუქრა, ჩერჩილმა, რუზველტმა და სტალინმა კოალიცია შექმნეს: როგორი თანამოაზრეების იყვნენ ისინი, ეს ცნობილია", - მიიჩნევს რესპონდენტი.

"ერთ პოლიტიკურ ძალას არჩევნების მოგება არ შეუძლია. "ენდიასის" გამოკითცვებამდე ხოტა ხნით ადრე გავაკეთე პროგნოზი, რომელიც, სამწუხაროდ, სრულად გამართლდა. ჩემი პროგნოზით ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური ძალა 20%-ს მოაგროვებდა. მინდა გითხრათ, რომ საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დღესაც დაწერილია, რომლის მიხედვით ნაციონალები 60%-ს მოაგროვებენ, ბიძინა ივანიშვილის კოალიციას 14-15% ექნება, მესამე ადგილზე ქდმ-ს გაყვანას შეეცდებიან, მაგრამ ვფიქრობ ამ გეგმაში გარკვეულ კორექტივებს შევიტანთ და სავარაუდოდ მესამე ადგილს ჩვენ დავიკავებთ", - აცხადებს კახა კუკავა და შეკითხვას - "26 მაისი ახლოვდება, რა გეგმები გაქვთ?" - პასუხობს:

"სამების საკათედრო ტაძარში მივალთ, სადაც გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პარაკლისსს დავესწრებით. 27 მაისს რაც შეეხება, ეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ნამდვილად არ არის. აქციაზე არავის არ მივუწვევივარ - ამაში "ოცნების" ლიდერებს ვეთანხმები, რადგან პარტიულ აქციას გეგმავენ".