ნატოს მთავარი პირობა დემოკრატიული არჩევნებია

ნატოს მთავარი პირობა დემოკრატიული არჩევნებია

ნატო საქართველოს წევრობას მომავლის საკითხად განიხილავს. ჩიკაგოს სამიტზე მიიღებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ალიანსისთვის მეტად მნიშვნელოვანია 2012-2013 წლების არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება, აგრეთვე ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გაძლიერება.

ალიანსი აცხადებს, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება და ქვეყანა ნატოს წევრი გახდება. ორგანიზაცია კვლავ გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას დემოკრატიული, საარჩევნო და სასამართლო რეფორმების თვალსაზრისით, ისევე, როგორც უსაფრთხოებისა და თავდაცვის რეფორმების კუთხით.

დოკუმენტში ასევე შეფასებულია ის წვლილი, რომელიც საქართველოს შთფა-ის ოპერაციაში შეაქვს.

ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მიესალმება საქართველოს მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას, ხოლო რუსეთს შემხვედრი ნაბიჯების გადადგმისკენ, ასევე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების უარყოფისკენ მოუწოდებს.

დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ჩიკაგოს სამიტი ასპირანტი ქვეყნებისთვის სამომავლო გეგმებსა და პროგრესს ინდივიდუალურად განიხილავს და შეაფასებს.

საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპეტი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნატოს მოთხოვნებიდან მხოლოდ შთფა-ის ოპერაციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, მისი აზრით, ისინი უგულებელყოფილია.

"ის რომ ნატო საქართველოს პარტნიორად მიიჩნევს, ეს ქართული საზოგადოების დამსახურებაა და არა ქართული დიპლომატიის. ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანება საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილისათვის წარმოადგენს უსაფრთხოების მყარ გარანტიას.

"ძალიან ცუდია, როცა ხელისუფლება შექმნილი ვითარებით პოლიტიკურად სპეკულირებს და თავის თავზე იწერს ამ წარმატებას. ცუდია ისიც, რომ ხელისუფლება საერთოდ ნატოს თემას იყენებს თავისი პოლიტიკური დივიდენდების დასაგროვებლად. ეს იგივეა, ელექტროენერგიას ან გაზს რომ გვაყვედრიან, მაშინ როდესაც, ქართული საზოგადოება უშველებელ გადასახადებს იხდის.

"ნატო წარმოადგენს ქვეყანათა ჯგუფს, რომელსაც თავისი სტრატეგიული გეგმები და მიმართულებები გააჩნია. მისი ერთ-ერთი მიმართულებაა გაფართოება, უსაფრთხო გარემოს შექმნა და უსაფრთხო მსოფლიოს ჩამოყალიბება.

"რასაკვირველია ნატო ხელიდან არ გაუშვებს ისეთ შემთხვევას, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ესოდენ მოსახერხებელი ქვეყანა მისი მოკავშირე იყოს.

"ნატოზე და საერთოდ ევროატლანტიკურ და ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის თემაზე ლაპარაკი პროფესიონალური არ იქნება, თუ კი საქართველოში არ იქნება ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუტები. ერთ-ერთი უმთავრესი არის სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

"ერთის მხრივ, თუ ნატო მხარს უჭერს ქართული საზოგადოების სურვილს ალიანსის წევრობასთან დაკავშირებით, მეორეს მხრივ ხელისუფლებისაგან მოითხოვს იყოს ადეკვატური იმ მოთხოვნილებებისა, რომელიც საზოგადოებას აქვს. ანუ უნდა იყოს დემოკრატიული.

"რასაც ახლა ვხედავთ, ეს არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება, ნატოს ოპერაციებში მონაწილეობის საკითხს, პოლიტიკური დივიდენდებისთვის იყენებს, ხოლო დანარჩენი კომპონენტები, რაც აუცილებელია ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისათვის, არათუ მოისუსუტებს, არამედ ბოლო პერიოდში საერთოდ იგნორირებულია", - ამბობს ექსპერტი "რეზონანსთან" საუბარში.

მისივე განმარტებით, ჩიკაგოს დეკლარაციაში ახალი არაფერი დაწერილა, თუმცა საქართველოსთვის მის მნიშვნელობასაც აღნიშნავს: "დეკლარაციაში ახალი, პრინციპში არაფერია, ყველაფერი მოსალოდნელი იყო. ეს კარგი დეკლარაციაა საქართველოსთვის, მისი განვითარებისთვის.

"ახალი არის ის, რომ პირველად საქმეში გამოჩნდა ნატოს ახალი კონცეფცია, რომელიც ღია კარის პოლიტიკას ითვალისწინებს, ანუ აპირებს გაითვალისწინოს ყველა იმ ქვეყნის მისწრაფებები, რომლებიც მისი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ნატოში გაწევრიანებაზე ფიქრობენ.

"საერთოდ ღია კარის პოლიტიკა არის ერთ-ერთი სერიოზული სტრატეგიული მიდგომა, რომელიც ნატოს ახალ ვითარებაში გააჩნია. ანუ ნატო ეხმარება მსურველ ქვეყანას არამარტო იმაში, რომ ააშენოს ნატოს სტანდარტების ჯარი, არამედ - ნატოში შემავალი ქვეყნების ფასეულობების სტანდარტების სახელმწიფო.

"სააკაშვილი კი ცდილობს ეს მოთხოვნები დააბალანსოს მხოლოდ ოპერაციებში მონაწილეობით", - განმარტავს ვოლსკი.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" ჩიკაგოს სამიტისა და ახალი დეკლარაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. ის მიიჩნევს, რომ საქართველომ ნატოში გაწევრიანების საკითხში წარმატებული ნაბიჯები გადადგა.

"მნიშვნელოვანი საკითხია ნატოს მიერ კიდევ ერთხელ დადასტურება, რომ საქართველომ შეასრულა 2008 წლის აგვისტოში აღებული ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება.

"მნიშვნელოვანია ის, რომ ნატო კვლავ ერთგული რჩება ალიანსის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები.

"ჩვენი ქვეყნისათვის ასევე მნიშვნელოვანია, არამარტო დეკლარაციის შინაარსი, არამედ თვითონ სამიტის ფორმატი - ის ფაქტი, რომ საქართველო ოთხი დაგეგმილი შეხვედრიდან სამში იღებს მონაწილეობას, ძალიან ბევრს ნიშნავს.

"საქართველო მოხსენიებულია, როგორც ასპირანტი სახელმწიფო და ამ შემთხვევაში იქ იმ სამ ქვეყანასთან ერთად იქნება წარმოდგენილი, რომლებსაც მაპი უკვე მინიჭებული აქვთ.

"ქვეყნისათვის ასევე ბევრს ნიშნავს, შეხვედრა შთფა-ის ფარგლებში, სადაც საქართველო ერთ-ერთ მთავარი სამხედრო პოლიტიკური პარტნორია ავღანეთში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში.

"ამ ეტაპზე მოლოდინი გამართლებულია. საერთოდ სამიტებზე მოწვევას უგზავნიან ისეთ სახელმწიფოებს, რომლებსაც მალე წევრებად იღებენ. ასეთ მაგალითად შეგვიძლია ხორვატია დავასახელოთ.

"ვფიქრობ, რომ მოლოდინები მართლდება საქართველოს სასარგებლოდ, თუმცა დაველოდოთ მაინც რა იქნება და რა შინაარსით წარიმართება მოლაპარაკება სახელმწიფოებთან. დეკლარაციის პროექტი მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო ნატოსთვის მეტად მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე

საქართველოს ნატოში გაწევრიანებას რომ წლები დასჭირდება, ამას პრეზიდენტი მიხეილ საააკაშვილიც ადასტურებს: "კარგად ვიცით, რომ ალიანსში ინტეგრაცია გარკვეულ პერიოდთან არის დაკავშირებული. ვიცით, რომ წინ კიდევ ბევრი რეფორმა გვაქვს განსახორციელებელი, მაგრამ ჩვენი ნაკისრი ვალდებულებები, ურყევია.

"სამწუხაროდ, ბევრად ძლიერი ძალები ცდილობენ, რომ უკუვაგდოთ ეს იდეა. საქართველოშიც გვყავს ხალხი, ვინც ამას დროდადრო აპროტესტებს, მაგრამ ის ვალდებულება, რომელიც ნატოს წინაშე ვიკისრეთ, შეუქცევადია და ამას ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესიც მიანიშნებს.

"შთფა-ის მისიაში მონაწილეობა, იმის მანიშნებელია, რომ გვსურს უსაფრთხოების არა მარტო მომხმარებელი ვიყოთ, არამედ მისი შემქმნელიც. ნატოსთვის ეს ჩვენი წარმატების მაგალითია," - აცხადებს პრეზიდენტი.