ზაზა შათირიშვილი: ხელისუფლებამ ჩვენზე კარგად იცის, რომ მისი რეიტინგი დაცემულია

ზაზა შათირიშვილი: ხელისუფლებამ ჩვენზე კარგად იცის, რომ მისი რეიტინგი დაცემულია

შემოდგომისთვის დაგეგმილ არჩევნებამდე ქვეყანაში არსებული ვითარების თავისებურებებზე "ინტერპრესნიუსი" ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს ესაუბრა. 

ბატონო ზაზა, აშკარაა, რომ საპარლამენტო არჩევნების მოახლოების კვალდაკვალ, ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების დინამიკა მნიშვნელოვნად აჩქარებულია და მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება. თქვენ როგორ დაახასიათებდით არჩევნებამდე 6 თვით ადრე ქვეყანაში არსებულ ვითარებას? 
- მოვლენათა დინამიკა და პროცესები მართლაც დაჩქარებულია. თუ მაისში განვითარებულ პროცესებს დავაკვირდებით, შეიძლება ითქვას, რომ მოვლენები ზვავისებურად ვითარდება. ერთ ამბავს მეორე სწრაფად გადაებმება-ხოლმე. ეს ეხება პრეზიდენტის გარშემო მოვლენათა დინამიკასაც და საერთოდ იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელშიც ვიმყოფებით.

- რეგიონებიდან მიღებული ინფორმაციები სულ უფრო მეტად იძლევა შეშფოთების საფუძველს. "გურიანიუსის" ინფორმაციით, გურიაში საშუალო და დაბალი რგოლის ჩინოვნიკები არჩევნებამდე 6 თვით ადრე ხელისუფლების მხარდამჭერთა სიებს ადგენენ, ამ სიებში მოხვედრის არამსურველ ინდმეწარმეებს საგადასახადო აჯარიმებს; სოციალურად დაუცველთა სიებში მყოფ ადამიანებს სიებიდან ამოღებით ემუქრებიან, თუ ისინი ”მე-9 არხის” საყურებლად დამონტაჟებულ ანტენებს არ მოხსნიან. ცალკე თემაა რეგიონებში ოპოზიციურ ძალებთან გაიგივებული პედაგოგების მდგომარეობა და მათ მიმართ ზეწოლის ფაქტების მომრავლება. რას შეიძლება ნიშნავდეს რეგიონებში არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლების უჩვეულო ფორმებით აქტიურობა?
- ხელისუფლების ამგვარი უჩვეულო აქტიურობა სწორედ იმას გამოხატავს, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლება ყველაზე ნაკლებად არის დარწმუნებული შემოდგომისთვის დაგეგმილ არჩევნებზე გამარჯვებაში. ეს კი, თავის მხრივ სახელისუფლო გუნდში აჩენს ამგვარი აქტივობის აუცილებლობის განცდას. 

შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში ხელისუფლება ძალაუფლების დაკარგვით ასე ძლიერად შეშფოთებული მეორეჯერაა. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, ხელისუფლება ძალაუფლების დაკარგვის შიშით ხელისუფლება ახლა უფრო მეტად შეშფოთებული ჩანს. 2008 წელს ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოსამზადებლად ცოტა დრო ჰქონდა და მაშინ საერთაშორისო ვითარებაც განსხვავებული იყო. ახლა არჩევნებისთვის მოსამზადებლად ოპოზიციას საკმაოდ დიდი დრო აქვს. ხელისუფლებამ ჩვენზე კარგად იცის, რომ მისი რეიტინგი დაცემულია. გარდა ამისა, მოახლოებული არჩევნებისადმი დასავლეთის დამოკიდებულება აშკარად და ერთმნიშვნელოვნად ხელისუფლებისთვის სასარგებლო არაა. ყველაფერი ეს ერთად აღებული არის იმის მიზეზი, რომ ხელისუფლება არჩევნებამდე 6 თვით ადრე, არა მარტო რეგიონებში, მართლაც უჩვეულოდ აქტიურობს. 

- გასული კვირა ხმაურიანი აღმოჩნდა. დავით-გარეჯთან დაკავშირებული ამბები მონელებული არ გვქონდა, თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა, რომელიც გეების აღლუმადაც კი მოინათლა. ბევრმა თბილისში სექსუალურ უმცირესობათა დამცველების გამოჩენა ისევ ხელისუფლებას და ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან დავით გარეჯთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გადაფარვის მცდელობად შეაფასა. თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს ეს ორი თემა არჩევნებს? 
- თავისუფლად შეიძლება ვივარაუდოდ, რომ არჩევნებს უკავშირდებოდს და თანაც საინტერესო მხრიდან. თუ გარეჯის პრობლემას ავიღებთ, შესაძლოა, დავით გერეჯთან დაკავშირებით ოფიციალური ბაქოსთვის ხელისუფლების მესიჯი ასეთიც იყოს - ჩვენ აზერბაიჯანთან გარეჯის საკითხში გარკვეული პრობლემები კი გვაქვს, მაგრამ თუ საქართველოს ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვა, მას ამ საკითხებში ფუნდამენტალისტური მიდგომები ექნება. ზუსტად ამ ტიპის მესიჯია ჰომოფობიის საკითხთან მიმართებაშიც. ოღონდ, ამ მესიჯის ადრესატი უკვე დასავლეთია - ხომ ხედავთ, საქართველოში ჩვენ ვართ ერთადერთი პროგრესული ძალა და ჩვენ ვიცავთ სექსუალურ უმცირესობებს. 

ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის თბილისში აღინიშვნის კადრები არა ერთმა დასავლურმა მედიასაშუალებამ ოპერატიულად გააშუქა. ეს არ უნდა გვიკვირდეს, ვინაიდან დასავლური იდენტობისთვის სექსუალურ უმცირესობათა დაცვის თემა დასავლური ღირებულებების შემადგენელი ნაწილია. ძნელი სავარაუდოა, რომ გარეჯისა და სექსუალურ უმცირესობათა დაცვის თემებზე ხელისუფლებამ რამე იხეიროს. საზოგადოების უდიდესი ნაწილი არც აგრესიულად არის განწყობილი და არც სოლიდარულად სექსუალური უმცირესობების მიმართ. რაც შეეხება დავით გარეჯს, ვერ ვიტყვით, რომ ამან აზერბაიჯანისადმი დამოკიდებულებაში ბზარი გააჩინა. პირიქით, საზოგადოება თუ ვინმეთია ამ საკითხში უკმაყოფილო, ეს საკუთარი ხელისუფლებაა. ორივე ქეისიდან ხელისუფლებას თავის სასარგებლოდ განწყობის გამოდნობა ძალიან გაუჭირდება. გარდა ამისა, "პირველ სტერეოსთან" დაკავშირებულმა პროცესებმა სახელისუფლო გუნდში რღვევის პროცესის გარკვეული ნიშნებიც დაგვანახა. 

- რღვევის პროცესის დანახვაში რას გულისხმობთ? 
- რაც "პირველ სტერეოში" ხდება, ხელისუფლების ინტერესში არ უნდა იყოს. რღვევაში ვგულისხმობ იმას, რომ "პირველი სტერეოს" ხელმძღვანელი, რომელიც პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილის მარაოში მოიაზრებოდა, როგორც ჩანს, ”მე-9 არხთან” გარკვეულ თანამშრომლობას აპირებდა და ახლა ამის გამო ისჯება. ეს კი მიანიშნებს, რომ სახელისუფლო გუნდთან დაკავშირებულ და მხარდამჭერ ჯგუფებში რღვევა დაწყებულია. "პირველი სტერეოს" დირექტორმა თავისივე სატელევიზიო ეთერში დეპუტატი ბეჟუაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ლანძღა და დახმარებისთვის ვანო მერაბიშვილს მიმართა. თუ აქამდე მისტიკური პოლიტოლოგიის თემა იყო ადეიშვილსა და მერაბიშვილს შორის დაპირისპირება, ახლა ამას ბეჟუაშვილისგან დაჩაგრული მოქალაქე დავით ზილფიმიანი აჟღერებს. ის, რაც სახელისუფლო გუნდში ხდება, დიაგნოსტიკის თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი. და ეს გამოჩნდა ყველაზე მგძნობიარე სფეროში, ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფ მედიაში. ეს კი, სხვა ნიშნებთან ერთად, სახელისუფლო გუნდში რღვევის ყველაზე სერიოზული ნიშანია. 

გასულ კვირას იგეგმებოდა "ზოგად ადმინისტრაციულ კანონში" ცვლილებების შეტანა, რომლითაც საჯარო დაწესებულებებში ჩინოვნიკებზე ინფორმაციის მიღება შეუძლებელი გახდებოდა. კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით კი იქნა მიღებული, მაგრამ არასამთავრობოების მხრიდან უარყოფითი რეაქციის შემდეგ პროცესი თითქოს შეჩერებულია, მაგრამ გაურკვეველი რჩება, საბოლოოდ რა ცვლილებები შევა აღნიშნულ კანონში. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ კონსტიტუციაში არა ერთი საეჭვო ცვლილება შეიტანა, აღარაფერი არ უნდა გვიკვირდეს, მაგრამ თქვენი აზრით, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ჩინოვნიკებზე ინფორმაციის მიღებაზე აკრძალვის დაწესების მცდელობა? 
- რა თქმა უნდა, ეს ეწინააღმდეგება დასავლურ კანონებსა და მიდგომებს. ხელისუფლებამ მოსინჯა, ექნებოდა თუ არა ამაზე რეაქცია საზოგადოებას. არასამთავრებოების აქტიურობის შემდეგ პროცესი შეჩერებულია. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენთან კანონებს კონკრეტული სიტუაციისთვის იღებენ. შეიძლება მიიღონ კანონი, რომლითაც იტალიაში მყოფ პრეზიდენტზე ფოტოების გადაღება აიკრძალება. "ზოგად ადმინისტრაციულ კანონში" წარმოდგენილი სახით ცვლილებების შეტანა იმის გამოა გაუგებარი, რომ ერთი მხრივ ხელისუფლება თავის აქტივში დასავლეთის თვალში სექსუალურ უმცირესობათა დაცვით ცდილობს ქულების დაწერას, ხოლო მეორე მხრივ, იმავე დასავლეთისთვის აბსოლუტურად გაუგებარ ნაბიჯებს დგამს. დასავლეთისთვის გამჭვირვალობა ისეთივე ღირებულებას წარმოადგენს, როგორც სექსუალურ უმცირესობათა დაცვა. დასავლეთი იმაზე დგას, რომ თუ მოქალაქე საჯარო პოლიტიკაშია, საზოგადოებას აქვს უფლება, მის პირად ცხოვრებაზე ყველაფერი იცოდეს. კანონში ამგვარი ცვლილებების შეტანით ხელისუფლება ამბობს, რომ საქართველო აზიაა. ზოგადად, აზიის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ აღმოსავლეთისთვისაა დამახასიათებელი - რაც უფრო მაღალ თანამდებობას იკავებს ადამიანი, უფრო მისტიკური ხდება და მისი პირადი ცხოვრება იმალება. დასავლეთში კი პირიქითაა. დასავლურ სამყაროში დაფარული შეიძლება იყოს კერძო ადამიანის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ საჯარო პირზე ინფორმაცია არ დაიმალება, ვინაიდან მისი ცხოვრება გამჭვირვალეა. 
რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება აღნიშნულ კანონში იმგვარ ცვლილებებს განახორციელებს, რომლითაც ჩინოვნიკთა შესახებ ინფორმაციის მიღების ხელმისაწვდომობა საკმარისზე მეტად შეიზღუდება.

ხელისუფლება, შევარდნაძის მსგავსად, რომელიც წინასააჩევნო პერიოდში ამომრჩეველს ჯერ პრორუსი გიორგაძით, ხოლო შემდეგ ასევე მოსკოვზე ორიენტირებული აბაშიძით აშინებდა, ახლა ცდილობს, ივანიშვილი დაუკავშიროს კრემლს. რამდენად წარმატებულად ახერხებს ხელისუფლება თავისი ჩანაფიქრის განხორციელებას და რამდენად სარწმუნოდ გამოიყურება მტკიცება, რომ ივანიშვილი კრემლის პროექტია?
- ქართულ პოლიტიკაში პრორუსულობის ბრალდება იმდენად ხშირად იქნა გამოყენებული, რომ რეალურად აღარც კი მუშაობს. იმას, რასაც ამა თუ იმ ძალის პრორუსულობასთან დაკავშირება ჰქვია, შეიძლება რიტორიკული გადაღლილობაც ვუწოდოთ. შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ტიპის რიტორიკის მორალური ცვეთა მოხდა. ახლა ვითარება ისეთია, პრორუსულობაში ბრალდებული მართლაც რომ კრემლის ხაზის გამტარებელი აღმოჩნდეს, ამგვარი ბრალდება აღარ მუშაობს. ცუდია, მაგრამ ისიც ფაქტია რომ, ვინმეს წინააღმდეგ პრორუსულობის ბრალდებაზე ადამიანთა უმრავლესობას უბრალოდ ეღიმება. 

- პრესაში გახშირდა განცხადებები პოლიტიკურ ასპარეზზე მესამე პოლიტიკური ძალის გაჩენის შესახებ. თქვენი აზრით, რამდენად დიდია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მესამე პოლიტიკური ძალის გაჩენის ალბათობა და სავარაუდოდ, ვინ შეიძლება ვიხილოთ მასში? 
- შესაძლოა, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ბევრი პოლიტიკური ფიგურა გაერთიანდეს და თავის თავს მესამე ძალა უწოდოს, მაგრამ მთავარი ის კი არ იქნება, თუ რას უწოდებენ ისინი თავის თავს, არამედ - რამდენად იქნებიან ისინი სააკაშვილისა და ივანიშვილის პოლიტიკური გუნდების კონკურენტები. არჩევნებამდე, ანუ ოქტომბრამდე სააკაშვილისა და ივანიშვილის პოლიტიკური გუნდების სიძლიერის ტოლფასი მესამე ძალის გამოჩენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენი ვარაუდით, შესაძლოა, ამგვარ პოლიტიკურ ძალაში ბევრი პოლიტიკური ფიგურა მოვიაზროთ, მათ შეიძლება არჩევნებშიც მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ ისინი ხომ არც ხელისუფლების და არც ივანიშვილის გუნდების კონკურენტები არ იქნებიან. 

თუ საუბარია, იმაზე, რომ არჩევნებამდე სააკაშვილისა და ივანიშვილის ძალა შეიძლება ჩამოყალიბდეს და მას მესამე ძალა ეწოდოს, ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელიცაა და შეუძლებელიც.