“მიშას ციხეების დედოფლის” ქონებრივი დეკლარაცია

“მიშას ციხეების დედოფლის” ქონებრივი დეკლარაცია

ის 2 წელიწადზე მეტია “მიშას ციხეების დედოფალია”. პრეზიდენტის ხელქვეითების მიერ “პირნათლად” შესრულებული საპრეზიდენტო მითითებების მიხედვით, ციხეებში გამოკეტილ მოქალაქეებს ხათუნა კალმახელიძე “სამაგალითოდ” უვლის. 

სააკაშვილის “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკის და საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში შემქმნილი ვითარებით, ისევე, როგორც პატიმართა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით, მთელი ცივილიზებული სამყარო შეშფოთებულია.

მეტიც - გაღლეტილთა შორის გაღლეტილი ვანო მერაბიშვილის გამჭვირვალე პოლიციის და ყველაზე “ჰუმანური” ზურაბ ადეიშვილის ქვეყანას, ბოლო ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 22 398 პატიმარი ჰყავს, 40 000-მდე პრობაციონერი და 2 000-მდე ბრალდებული. აღარაფერს ვამბობთ პატიმართა სიკვდილიანობის შემაშფოთებელი სტატისტიკის შესახებ, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში კატასტროფულად იზრდება. 

ამონარიდი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში 2011 წელს საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშში, რომელიც 15 მაისს გამოქვეყნდა: “აუცილებელია, სამართალდამცველი სტრუქტურების მუშაობის გაუმჯობესებასა და მათი ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფისთვის შემდგომი წინსვლა. დაკავებისა და წინასწარი პატიმრობისას გადამეტებული ძალის გამოყენება, საპყრობილის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობა და კანონის არათანაბრად გამოყენებასთან დაკავშირებული ეჭვები ჯერ კიდევ შეშფოთებას იწვევს. წამების აღკვეთის კომიტეტმა და სახალხო დამცველმა გაჭიანურებული გამოძიების შემთხვევები, არასაკმარისი დისციპლინარული ზომები და ფაქტების არასწორი კვალფიკაციით გამოწვეული ნაკლებად მკაცრი სასჯელები გააკრიტიკეს. კომიტეტისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციით ხელისუფლებამ მკაფიო გზავნილი უნდა გააკეთოს, რომ იქნება “ნულოვანი ტოლერანტობა არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ”, - 

2011 წელს საქართველოში 140 პატიმარი გარდაიცვალა. აქედან, იანვარში - 6 პატიმარი, თებერვალში - 4, მარტში - 15, აპრილში - 10, მაისში - 11, ივნისში - 9, ივლისში - 6, აგვისტოში - 13, სექტემბერში - 9, ოქტომბერში - 8, ნოემბერში - 14, დეკემბერში კი - 9 პატიმარი. 2012 წელს უკვე გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, ადვილი სავარაუდოა, რომ კალმახელიძე წელსაც იამაყებს პატიმართა მაღალი სიკვდილიანობით. 

ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ხანდაზმულობის გამო დაწესებულებებიდან გასულ მსჯავრდებულთა რაოდენობას რაც შეეხება, 2010 წელს მათი რიცხვი მხოლოდ 29 იყო, 2011 წელს - 60, 2012 წელს კი ჯერჯერობით - 39. 

რაც შეეხება შეწყალების სტატისტიკას, 2010 წელს 1 299 მსჯავრდებული იქნა შეწყალებული, 2011 წელს - 787, 2012 წლის განმავლობაში კი - 295. 

ხათუნა კალმახელიძის 3 წლის ქონებრივი დეკლარაცია კი ასეთია: 2010-2011 წლებში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე სახელფასო ანაზღაურების სახით 196 855 ლარი აიღო.

როგორც “პირჭელის” მიერ კალმახელიძის 2010 და 2011 წლების ფინანსური დეკლარაციის შედარებისას აღმოჩნდა, სასჯელაღსრულების მინისტრმა 2010 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, აღნიშნულ პოსტზე ხელფასის სახით - 99 500 ლარი აიღო, 2011 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით კი 97 355 ლარი ლარი გამოიმუშავა.

ამასთან, დეკლარაციის ერთ-ერთი გრაფა “თქვენი, თქვენი ოჯახის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფული, რომლის ოდენობა 4000 ლარს აღემატება”, 2010 წლის დეკლარაციის შესაბამის გრაფაში 900 ლარია მითითებული, 2011 წლის დეკლარაციაში კი გრაფა ცარიელია. 

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ხათუნა კალმახელიძეს 2010 წლის დეკლარაციის თანახმად, ბანკ “რესპუბლიკაში” მიმდინარე ანგარიში ჰქონდა გახსნილი, რომელზეც ნაშთის სახით (კრედიტი ან დებეტი) 3 000 ლარი ერიცხებოდა. 

2011 წლის დეკლარაციის მიხედვით კი, ბანკ “რესპუბლიკაში” გახსნილ მიმდინარე ანგარიშზე ნაშთის სახით (კრედიტი ან დებეტი) 2 200 ლარი ერიცხებოდა, “ლიბერთი ბანკში” გახსნილ მიმდინარე ანგარიშზე კი - 1 800 ლარი.

სასჯელაღსრულების მინისტრის უძრავ ქონებას რაც შეეხება, 2010 წლის ფინანსური დეკლარაციის თანახმად, დოკუმენტში მის სახელზე მხოლოდ თბილისში, ნიკოლაძის #5ა-ში მდებარე 15 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი ფიქსირდება. 

უკვე 2011 წლის დეკლარაციაში “პატიმრების მინისტრის” უძრავ ქონებას თბილისში, ჩიხი კრწანისის #1-ში 100 კვ.მ ფართობის ბინა შეემატა.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, (თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშების, ნაღდი ფულადი თანხის გარდა) 2010 წლის დეკლარაციის შესაბამის გრაფაში კალმახელიძეს მსუბუქი ავტომანქანა “HYNDAI” და “ROLEX”-ის საათი აქვს ჩაწერილი. 2011 წელს კი, თუ დეკლარაციას ვენდობით, მინისტრის უძრავ ქონებას არაფერი შემატებია. 

ამასთან, 2010-2011 წლების დეკლარაციის მიხედვით, კალმახელიძის ოჯახის არცერთი წევრი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდა. ცნობისთვის, დოკუმენტის თანახმად, მინისტრს ოჯახის წევრებში არავინ ჰყავს მითითებული.  

აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის მიხედვით, არც “პატიმრების მინისტრს” და არც მისი ოჯახის არცერთ წევრს, 2010-2011 წლების განმავლობაში ფასიანი ქაღალდები არ გააჩნდა.

დეკლარაციას თუ ვენდობით, 2010 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით და ასევე 2011 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, კალმახელიძეს 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქარი არ აუღიათ. 

ასევე, დეკლარაციის ერთ-ერთი გრაფა - “თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი ან გასავალი, რომლის ოდენობა თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1500 ლარს და არ არის მითითებული ამ დეკლარაციის სხვა ფურცლებზე”, როგორც 2010, ისე 2011 წლების დეკლარაციაში ცარიელია. როგორც ჩანს, “პატიმრების” მინისტრს ორი წლის განმავლობაში, თითოეულ შემთხვევაში 1500 ლარზე მეტი ღირებულების გასავალი არ გააჩნდა.  

ცნობისათვის, ხათუნა კალმახელიძე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად 2009 წლის 21 დეკემბერს დაინიშნა. 

კალმახელიძე 1979 წლის 11 თებერვალს თბილისში დაიბადა. 2001-2005 წლებში სწავლობდა ნიუ-იორკის სითი უნივერსიტეტის ჰანტერის კოლეჯში, პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე; 2005-2007 წლებში კი - ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ელიოტის სახელობის სკოლაში, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით დაამთავრა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის წოდება მიიღო.

2004-2006 წლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მისიაში მუშაობდა. 2006 წელს მუშაობდა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდში (IFES), პოლიტიკურ-ფინანსური კვლევების მიმართულებით. 2008-2009 წლებში - საგარეო საქმეთა სამინისტროში, პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. 2009 წლის 21 დეკემბერს კი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად დაინიშნა. 

ფლობს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებს.