დავით გარეჯის კომპლექსის გარშემო განვითარებული მოვლენებით დაწყებულ და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღით დამთავრებულ გასულ კვირას შეიძლება ხმაურიანი კვირაც კი ვუწოდოთ, რადგან არც თბილისში წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გამართულ საკრებულოს სხდომას ჩაუვლია მშვიდად. გასულ კვირასვე გამოქვეყნდა ”ევროპის სამეზობლო პოლიტიკის პაკეტი”, რომელიც საზოგადოებას ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა გააცნო.
დაახლოებით ათი დღის წინ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო შექმნილი ვითარების გამო დავით გარეჯის ლავრის მღვდელმსახურებმა განგაში ატეხეს. ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში მღვდელ-მონაზონმა კირიონმა განაცხადა, რომ 6 მაისის შემდეგ ტურისტებს უდაბნოს მონასტერში აღარ უშვებენ:
„სულ რაღაც 6 დღის წინ მოხდა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ ამ ტერიტორიის დაკავება, რის შემდეგაც საქართველოს მხარეც გვეუბნება, რომ იქ ასვლის უფლება ქართველ ტურისტს არ აქვს. ჩვენ რამე კონკრეტული ბერკეტი არ გაგვაჩნია, ბერები ვართ, მაგრამ გეუბნებით თქვენ, საზოგადოებას, ქართველ ხალხს, რომ ეს არის უწმინდესი ადგილი, უწმინდესი მონასტერი, რომელიც დგას საფრთხის წინაშე, გადავიდეს აზერბაიჯანის დაქვემდებარებაში.“
შეგახსენებთ, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, მთლიანად, 2,5 კილომეტრზეა განთავსებული. ამასთან, სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი მოქცეულია საქართველო-აზერბაიჯანის 450 კილომეტრიანი საზღვრის ერთ-ერთ დაუდგენელ მონაკვეთში. საქმე ისაა, რომ საზღვრის სადელიმიტაციო ორმხრივი სამთავრობოთაშორისო კომისია, რომელიც 1996 წლიდან მუშაობს, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეთანხმდა ტერიტორიაზე - გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთაზე, რომელზეც სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, თუმცა 14 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ბევრისთვის მოულოდნელად განაცხადა:
„კონკრეტულად გარეჯის კომპლექსის იმ ნაწილს რაც შეეხება, შეგახსენებთ, რომ, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული, არ იმყოფება საქართველოს ფარგლებში და არის სწორედ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კონკრეტულად ეს ნაწილი, რომელიც პრობლემის წყარო გახდა, თუმცა იმედი გვაქვს, რომ დელიმიტაციის პროცესი აქამდე მეტ-ნაკლები წარმატებით მიმდინარეობდა და იმედი გვაქვს, რომ სწრაფად დასრულდება და, საბოლოო ჯამში, სადავო ტერიტორიები, როგორც ასეთი, გაირკვევა. თუმცა ეს ნაწილი, კიდევ ერთხელ ვამბობ, სადავო ტერიტორიებს არ განეკუთვნება.“
კვირის ბოლოს საინფორმაციო სააგენტოები, აზერბაიჯანის საგარეო უწყების პრესმდივნის ელმან აბდულაევის განცხადებაზე დაყრდნობით, წერდნენ, რომ
დავით გარეჯის სამონასტრო კომლექსთან დაკავშირებული საკითხი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობის ფარგლებში წყდება და ეს წმინდა ნორმატიულ-იურიდიული საკითხია. ელმან აბდულაევის ცნობითვე, დავით გარეჯთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, გრიგოლ ვაშაძე და ელმარ მამედიაროვი ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრისას ისაუბრებენ.
გასული კვირის მიმოხილვისას, აუცილებლად უნდა ვახსენოთ 15 მაისს ევროკომისიისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გამოქვეყნებული ”ევროპის სამეზობლო პოლიტიკის პაკეტი”. შეფასებები და რეკომენდაციები საზოგადოებას ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა წარუდგინა. უნდა ითქვას, რომ დოკუმენტი საქართველოს პროგრესს არაერთი მიმართულებით აღნიშნავს - იქნება ეს კორუფციასთან ბრძოლა და საპოლიციო რეფორმები, ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება თუ სისხლის სამართლის სექტორის რეფორმირება და სხვა, თუმცა ელჩი იქვე 2011 წელს გამოვლენილ არაერთ პრობლემაზეც მიუთითებს და ამბობს, მაგალითად, რომ არსებობს კითხვები სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში დასახელებულია, მაგალითად, „საარჩევნო დავების გადაწყვეტის მექანიზმის ბუნდოვანება; მედიასაშუალებებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა და მმართველი პარტიის მიერ სახელმწიფო რესურსების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება“. აქვე საუბარია იმაზეც, რომ ”საქართველოს სახელმწიფო მმართველობა კვლავაც ხასიათდება აღმასრულებელი ხელისუფლების დომინირებით, სუსტი საპარლამენტო ზედამხედველობითა და სასამართლო ხელისუფლების არასაკმარისი დამოუკიდებლობით“.
16 მაისს თბილისის საკრებულოში საგანგებო სხდომა გაიმართა13 მაისის ღამით უხვი ნალექის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. სხდომაზე დიდი ხმაური მოჰყვა საკრებულოს რესპუბლიკელი წევრის თინა ხიდაშელის გამოსვლას. სანამ ხმაურის მიზეზზე შევჩერდებოდე, გეტყვით, რომ დაზარალებულთა დასახმარებლად პროგრამიდან "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" ეკონომიის შედეგად გამოთავისუფლებული 3 მილიონი ლარი მერიის სარეზერვო ფონდში ჩაირიცხა. რატომ მაინცდამაინც სამი მილიონი და არა მეტი ან ნაკლები? სად არის დეტალური ხარჯთაღრიცხვა? - აი, ამ კითხვებით მიმართავდა თინა ხიდაშელი თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის წარმომადგენლებსა და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს, დარბაზში ხმაური რომ ატყდა:
”რა თქმა უნდა, ბიუჯეტში ცვლილებას ვეთანხმები, რადგან, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არ შეიძლება ამას ვინმე შეეწინააღმდეგოს. უბრალოდ, ჩემთვის მიუღებელია ის ფორმა, რა ფორმითაც ჩვენ ეს ცვლილება უნდა დავამტკიცოთ. მე მიმაჩნია, რომ აქ, მაგიდაზე, ამ ფარატინა ფურცელთან ერთად, რომელიც ნახევარგვერდიან წერილს შეიცავს, უნდა იდოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რისთვის გადადის ეს თანხმა სარეზერვო ფონდში. იქნებ 5 მილიონია დასამატებელი ან ერთი. საკრებულოს არ უნდა ჰქონდეს დეტალური ინფორმაცი იმის შესახებ, თუ რაში დაიხარჯება სამი მილიონი ლარი?” - კითხულობს თინა ხიდაშელი.
თბილისის მერიის არგუმენტები კი სამი მილიონი ლარის გამოყოფასთან დაკავშირებით იმით შემოიფარგლა, რომ ქალაქი საგანგებო მდგომარეობაში იმყოფება და მოსახლეობა ზარალის რაოდენობის დათვლამდე ვერ მოიცდის.
ხმაური იყო 17 მაისსაც. თუმცა ამჯერად ხმაური შენობის კედლებს გასცდა და რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა. ხმაურის მიზეზი კი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე გახდა. თბილისში ფილარმონიასთან დაწყებული მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა რუსთაველის გამზირზე შეტაკებითა და აქციის სამი მონაწილის დაკავებით დასრულდა. აქციის მონაწილეეები ლგბტ ჯგუფის წევრების მიმართ სიძულვილს აპროტესტებდნენ და შესაბამისი შინაარსის პლაკატებითა და ფერადი დროშებით თავისუფლების მოედნამდე მსვლელობას გეგმავდნენ, მაგრამ რუსთაველზე "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა" და "წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის კავშირის" წარმომადგენლებმა და მათმა თანამოაზრე სასულიერო და საერო პირებმა ცოცხალი ჯაჭვით გზა გადაუკეტეს და აქციის გაგრძელების საშუალება აღარ მისცეს:
”მამაოს კურთხევით, მშვიდად და წყნარად იყავით..."
”ძირს ლგბტ! ძირს გეები!”’
”შენთვის იბრძოდა აღმაშენებელი? სარკეში ჩაიხედეთ..."
” ჩვენ თქვენი მართლმადიდებელი ძმები ვართ..."
”რასაც თქვენ აკეთებთ, ცოდვაა. სახლში რაც გინდათ, ქენით..."
ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია
აქციის ორგანიზატორებმა მასში მონაწილეთა უსაფრთხოებისათვის აქცია შეწყვიტეს. თუმცა მალე ცნობილი გახდა, რომ, ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაციის, ”იდენტობის” სახელით, საქართველოს მთავარი პროკურორის სახელზე განცხადება შევიდა, რომლითაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველზე მომხდარი ფაქტის გამოძიება მოითხოვეს.
საქართველოში მენტალური რევოლუციის შესახებ ისაუბრა 17 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეერთებულ შტატებში, პრინსტონის უნივერსიტეტში, სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, მენტალური რევოლუცია გამოიხატა როგორც ადამიანებთან ურთიერთობაში, ასევე მათ დამოკიდებულებაში ინსტიტუტების მიმართ. მან ისაუბრა პოლიციის მიმართ ნდობის 90 პროცენტიან მაჩვენებელზე და იმაზე, რომ ის საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ პოპულარული პრეზიდენტია:
”ჩვენს პოლიციას, გელაპის (Gallup) კვლევის მიხედვით, ადრე მოსახლეობის 5 პროცენტი ენდობოდა, ახლა კი 90 პროცენტი ენდობა და ეს ამ ეტაპზე უმაღლესი მაჩვენებელია ევროპის მასშტაბით. ხალხი საოცარი უნდობლობით უყურებდა სხვა ინსტიტუტებსაც, ამჟამად კი ნებისმიერი ინსტიტუტი უფრო პოპულარულია, ვიდრე მისი ხელმძღვანელი. მაგალითად, მე ჯერ ისევ საკმაოდ პოპულარული პრეზიდენტი ვარ, მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტი უფრო პოპულარულია, ვიდრე ჩემი პიროვნება. იგივე ითქმის პარლამენტზეც - ის უფრო პოპულარულია, ვიდრე რომელიმე პარლამენტარი. იგივე შეეხება მთავრობას, ჯარს... პოლიციისადმი 90–პროცენტიანი ნდობა გაცილებით მაღალია, ვიდრე აქვს პოლიციის ხელმძღვანელს თუ შინაგან საქმეთა მინისტრს.”
პრინსტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველო წარმატებულმა რეფორმებმა გადაარჩინა და ეს ცხადყოფს, რომ ”იდეები ხანდახან ტანკებზე და თვით ფულზე უფრო ძლიერია”.