ახალგაზრდები სოფლებს ტოვებენ. უმთავრესი საბაბი, რომლის მოშველიებითაც ისინი მშობლიური ადგილებიდან გარბიან, სწავლა-განთლებაა. სტუდენტობის ასაკს მიღწეული გოგო-ბიჭები სრულფასოვანი უმაღლესი განათლების მისაღებად სოფლიდან დედაქალაქში (იშვიათ შემთხვევაში ქვეყნის რომელიმე დიდ ქალაქში) ინაცვლებენ. რამდენიმეწლიანი ურბანული ცხოვრების შემდეგ, სოფლებში აღარ ბრუნდებიან. რა არის ამის მიზეზი?
რაიონებიდან ჩამოსული სტუდენტები დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსვლის მიზეზად თბილისის უნივერსიტეტებში სწავლების უფრო მაღალ ხარისხს ასახელებენ. მათი თქმით, თბილისის უნივერსიტეტებში მიღებული განათლებით უფრო ადვილია სამსახურის შოვნა, ვიდრე სხვა რომელიმე ქალაქის უნივერსიტეტში.
სწორედ ამ მიზნით, ისინი არც დედაქალაქში სწავლასა და ცხოვრებასთან დაკავშირებულ დიდ ხარჯებს უფრთხიან და გარდა სწავლის საფასურისა, თვიდან თვემდე იხდიან ბინის ქირას, კომუნალურ გადასახადებს. ასევე სჭირდებათ კვებისა თუ ყოველდღიურად სახარჯო ფულიც. გამოდის, რომ სოფლების ახალგაზრდებისაგან დაცარიელების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი უმაღლესი განათლების მიღება ყოფილა.
საქართველოში იმის სტატისტიკა თუ რამდენი კურსდამთავრებული რჩება თბილისში ან უბრუნდება საცხოვრებელ რაიონს (სოფელს) არ არსებობს. ზუსტი ციფრების დასახელება სპეციალისტებსაც უჭირთ, თუმცა ფიქრობენ, რომ საცხოვრებელ ადგილს ჩამოსულთა მეოთხედი თუ უბრუნდება.
“საქართველოში ეს სტატისტიკა არ არსებობს. ამდენად, რთულია იმის გარკვევა, თბილისში რამდენი კურსდამთავრებული რჩება და რამდენი მიდის. შეიძლება ვიღაც დედაქალაქში 3 წლით დარჩეს, სამსახური ვერ იშოვოს და შემდეგ დაუბრუნდეს სოფელს. ასევე შეიძლება, სწავლის დასრულებისთანავე წავიდეს სოფლად, მაგრამ ერთ-ორ წელიწადში დაბრუნდეს დედაქალაქში.
მიმდინარე ტენდენციის მიხედვით სასწავლებლად ჩამოსულთა უდიდესი ნაწილი თბილისში დარჩენას ცდილობს, რაც ძალიან ცუდია. ეს ნაწილობრივ ქვეყანაში არსებული ვითარებისა და პირობების ბრალიცაა, უფრო მეტად კი ადამიანთა მცდარი შეხედულების”, - აცხადებს პროფესორი ზურაბ ვახანია.
მისი თქმით, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული ახალგაზრდებიდან ძალიან ცოტა თუ ახერხებს სწავლას, ამიტომ სამშობლოში დაბრუნებულს მუშაობის დაწყების შანსი ნაკლებად აქვს.
სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით კი, რაიონებიდან და სოფლებიდან სასწავლებლად ჩამოსული ახალგაზრდების 25%-იც აღარ უბრუნდება საცხოვრებელ ადგილს სწავლის დასრულების შემდეგ.
“თბილისი თავკომბალა ქალაქი გახდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ რაიონებიდან და სოფლებიდან ჩამოსულ ახალგაზრდების უმეტესობა სწავლის დასრულების შემდეგ სოფელსა თუ რაიონებს აღარ უბრუნდება. მათი უდიდესი ნაწილი თბილისში რჩება. ზოგი მუშაობს, ზოგს კი ისევ სოფლებიდან არჩენენ მშობლები. უმეტესობა ოღონდ თბილისში დარჩეს და უპერსპექტივო და ძალიან დაბალანაზღაურებად სამსახურშიც კი მუშაობს.
ჩემი აზრით, თბილისიდან კურსდამთავრებულთა მეოთხედიც კი აღარ ბრუნდება სოფლად. თუმცა, აქ დარჩენილთა გამტყუვნებაც რთულია, რაიონებში სამუშაო ადგილები შეზღუდულია, მიწის დამუშავებაში კი ახალგაზრდები პერსპექტივას ვერ ხედავენ. ეს პრობლემა კომპლექსურია და აუცილებელ გადაჭრას მოითხოვს”, - განმარტავს ალექსანდრე კობაიძე.