პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ხელისუფლებამ სასწრაფოდ მიიღო ისეთი კანონი, რომელიც პოლიტიკურ სუბიექტებს მოქალაქეების ან ორგანიზაციების დახმარების, ქველმოქმედების უფლებას უზღუდავს, თანხის გამცემ პირს კი პასუხისმგებლობას აკისრებს. თუმცა "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სამების ტაძრის ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს მაინც დააფინანსებს. სამების ტაძრის გალავნისა და ეზოს კეთილმოწყობისთვის ბიზნესმენი დაახლოებით 10 მილიონს გაიღებს. სამუშაოები კი პატრიარქის 80 წლის იუბილესთვის უნდა დასრულდეს.
ამ და სხვა საინტერესო თემაზე სამების ტაძრის პროექტის ავტორი, არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილიგვესაუბრება: - სამების ტაძრის ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მალე დაიწყება. მიზანი კი უნიკალური, ძვირფასი ჯიშის მცენარეების ჩამოტანითა და დარგვით, ეზოს გამშვენიერებაა. დღეს თუ ლამაზია სამების ტერიტორია, გაცილებით მშვენიერი იქნება, როცა დაირგვება ძვირად ღირებული და უნიკალური ჯიშის მცენარეები. ამ საკითხზე მუშაობს სპეციალისტთა ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებული არიან დენდროლოგები, არქიტექტორები. ჩემთან მოვიდნენ ამ ჯგუფის წევრები და მათ გადავეცი დღევანდელი ვითარების გენერალური გეგმა. სწორედ ამ გენგეგმის მიხედვით განხორციელდება სამუშაოებიც. - ახალი ვითარების გენგეგმა რას ნიშნავს? - გენგეგმა ახალი არ არის, ის, უბრალოდ, იხვეწება დროთა განმავლობაში. მაგალითად, ტაძრის ეზოში შენდება სიმონ კანანელის სახელობის ეკლესია, რომლის საძირკველიც შარშან გაითხარა, ამ ეკლესიის მშენებლობა გენგეგმით არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ პატრიარქმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის პატივსაცემად ამ ეკლესიის აშენების ნება დართო. აქედან გამომდინარე, გენგეგმაშიც ცვლილება შევიდა. - ვინ არის სიმონ კანანელის სახელობის ეკლესიის პროექტის ავტორი და რატომ არ შენდება ის? ვნახე, რომ მხოლოდ ორმოა ამოთხრილი... - პროექტის ავტორი მე ვარ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო ვერ ხერხდება მშენებლობის გაგრძელება... - ვინ აფინანსებს ამ ეკლესიის მშენებლობას? - ძალიან გთხოვთ, ამ საკითხზე ნუ ვილაპარაკებთ... ვისაუბროთ იმ თემაზე, რისთვისაც შედგა ჩვენი შეხვედრა... რაც შეეხება სამების ეზოს კეთილმოწყობას, მე გადავეცი პროექტი სპეციალისტთა იმ ჯგუფს, ვინც ამ საკითხზე მუშაობს. როგორც ვიცი, მცენარეები უკვე შერჩეულია და ისიც გარკვეულია, სად რომელი ჯიშის მცენარე უნდა დაირგას. - ვინ აფინანსებს ამ ძვირად ღირებულ პროექტს? - დიახ, პროექტის განხორციელება ძვირი დაჯდება, იქიდან გამომდინარე, რომ სამების ტერიტორიაზე საუკეთესო და ძვირად ღირებული მცენარეები დაირგვება. სამების ეზოს კეთილმოწყობის პროექტზე "ქართუ ჯგუფის" მიერ შერჩეული კვალიფიციური სპეციალისტები მუშაობენ და, ცხადია, პროექტსაც "ქართუ ჯგუფი" აფინანსებს. - რა თანხა დაჯდება ეს ყველაფერი? - თანხის ოდენობა არ ვიცი. როცა სამების ფონდის ხელძღვანელის მოადგილე ვიყავი, არც მაშინ ვერეოდი თანხების განკარგვაში და არც ახლა მაქვს დეტალური ინფორმაცია, რისთვის რა თანხა იხარჯება. ამ ყველაფერს "ქართუ ჯგუფი" განკარგავს. - როგორც შევიტყვე, სამების ცენტრალური გუმბათისა და დარბაზის მოხატვაც იგეგმება... - დიახ, მოხატვაზე სამების ტაძრის მხატვართუხუცესი ამირან გოგლიძე მუშაობს... - ეზოს კეთილმოწყობა, გალავნის მშენებლობა და საკურთხევლის მოხატვა პატრიარქის 80 წლის იუბილემდე თუ მოესწრება? - ჩემი აზრით, მომავალი წლის 4 იანვრამდე ეზოს კეთილმოწყობა და გალავნის აშენება შესაძლებელია, მაგრამ მოხატვას შეიძლება წლები დასჭირდეს. - უახლოეს პერიოდში, სიმონ კანანელის სახელობის ეკლესიის გარდა, სამების ტაძრის ტერიტორიაზე სხვა მშენებლობაც ხომ არ იგეგმება? - რა თქმა უნდა, გეგმით კიდევ მრავალი შენობა-ნაგებობის აშენებაა გათვალისწინებული. ტაძრის ეზოში არის კოშკი და მონასტერი, სადაც ბერები ცხოვრობენ. ეს შენობები დასამთავრებელია და როცა მათი მშენებლობა დასრულდება, ძალიან ლამაზი გამოვა. თუმცა პროექტის დასრულებას თანხა სჭირდება. - მაქვს ინფორმაცია, რომ თქვენ კიდევ ორ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობთ. - დიახ, ასეა. დღის წესრიგში დგას ქართული მართლმადიდებელი საეკლესიო მუზეუმის აგება სამების ტერიტორიაზე. ეს გენგეგმაშიც მქონდა გათვალისწინებული. დავიწყე ამ პროექტზე მუშაობა, მაგრამ მიზეზთა გამო შეფერხდა. პროექტი იმ დონემდეა მიყვანილი, საშუალება რომ იყოს, ხვალვე შეიძლება მშენებლობის დაწყება. - შეგიძლიათ მაჩვენოთ პროექტის ესკიზი? - პატრიარქთან შეთანხმების გარეშე ვერ გაჩვენებთ. მომავალში კი, პირობას გაძლევთ, თქვენ გექნებათ მისი გაცნობის ექსკლუზიური უფლება. მეორეა საპატრიარქოს რეზიდენციის პროექტი. ყველა დეტალს პატრიარქთან ვათანხმებთ. გრანდიოზული სამუშაოები გვაქვს შესასრულებელი. ჩვენი მთავარი ამოცანაა ლავრა ეკლესია-ნაგებობებით ჩაიკეტოს. იყოს ისე, მაგალითად, როგორც არის ვატიკანი - სახელმწიფო სახელმწიფოში. ამ ჩაკეტვაში ვგულისხმობ ეკლესიის ტერიტორიის დაცულობას თუნდაც გალავნის შემოვლებით. მოკლედ, ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. - ბატონო არჩილ, თქვენ ხართ სამების ტაძრის ხუროთმოძღვარი. თქვენი სახელი უკვე შესულია ისტორიაში. ვიცი, რომ თქვენი ბევრი კოლეგა 21-ე საუკუნის არსაკიძედ მოგიხსენიებთ. ნებისმიერი არქიტექტორი ინატრებდა მსგავს ბედნიერებას... - უღრმესი მადლობა მათ, მაგრამ ჩემთვის მთავარი პატრიარქი და სამებაა. მე ვცხოვრობ სამებით და ვარ ბედნიერი! - ევროპაში, კონკრეტულად, იტალიაში, მსგავსი პროექტის ავტორ არქიტექტორს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ხელფასს უნიშნავენ. - კი, ასეა ევროპაში. მე კი გამომუშავებაზე ვარ - თუ დამიკვეთენ რამეს, მექნება ხელფასი, თუ არ დამიკვეთენ - არა. |