პროფესიით ბიოქიმიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სრული პროფესორი პაატა თუშურაშვილი 2009 წლიდან ამა წლის 1-ელ მაისამდე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა. "ზემოდან დიდი ზეწოლის შედეგად", ბიუროს უფროსმა გიორგი ხიზანიშვილმა პაატა თუშურაშვილი სამსახურიდან დაითხოვა. გათავისუფლების მიზეზი კი არის ის, რომ იგი კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსპიკერ მაია ფანჯიკიძის მეუღლეა.
- ბატონო პაატა, რა იყო სამსახურიდან თქვენი გათავისუფლების მიზეზი? - დიდი ხნის წინ მივხვდი, რომ დადგებოდა დღე, როცა მეტყოდნენ, აღარ ხარ სასურველი თანამშრომელიო. მარტში მივლინებით გახლდით პრაღაში, - ჩვენი ლაბორატორიებისთვის ხელსაწყოების შესაძენად. სწორედ იქ მითხრა ბიუროს უფროსმა გიორგი ხიზანიშვილმა, რომ თითქმის ერთი წელია, უძლებს ზეწოლას "ზემოდან", თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვისგან. არც მე ჩავძიებივარ... მოკლედ, ჩემი მეუღლის პოლიტიკური აქტივობის გამო, თანამდებობა უნდა დამეტოვებინა. მიზეზი არაბუნებრივი და არაკორექტული მომეჩვენა. მე პოლიტიკაში არ ვარ ჩართული და ჩემს საქმეს ყოველთვის კეთილსინდისიერად ვასრულებდი. ხიზანიშვილს ვუთხარი, თუ ასე მიიჩნევთ საჭიროდ, რა გაეწყობა-მეთქი. ამ თემაზე ოჯახშიც ხშირად ვმსჯელობდით. ისიც ვიფიქრე, განცხადება დამეწერა და წავსულიყავი, მაგრამ გადავიფიქრე - თუ იმის გამო ჩნდება პრობლემები, რომ ჩემი მეუღლე პოლიტიკურად აქტიურია, სჯობს, ბიუროს ხელმძღვანელობამ თვითონ გამოიტანოს განაჩენი-მეთქი. ჩემთვის მიუღებელი და გაუგებარია, ერთი ადამიანის პოლიტიკური აქტივობის გამო მეორე იდევნებოდეს. მე ამ თანამდებობაზე არავის დავუნიშნივარ იმის გამო, რომ ჩემი ცოლი მაია ფანჯიკიძეა ან ნათესავი - ირაკლი ალასანია. ჩემი მიღწევები უკავშირდება ცოდნას, გამოცდილებას და პროფესიონალიზმს. - ბატონო პაატა, თქვენი გათავისუფლების ბრძანებაში წერია, "გათავისუფლდეს მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო". თუ განგიმარტეს, ეს რას ნიშნავს? - 30 აპრილს დამახვედრეს ჩემი სახელით დაწერილი განცხადება - "გთხოვთ, გამათავისუფლოთ სამსახურიდან", რომლის ხელმოწერაზეც უარი ვთქვი და მოვითხოვე ბრძანება. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კობა კუჭუხიძემ მითხრა, აქ ასეთი წესია, ადამიანმა წასვლის შესახებ განცხადება უნდა დაწეროსო. მართალია, იურისტი არ ვარ, მაგრამ ვიცი, რა განსხვავებაა, ადამიანი სამსახურიდან საკუთარი განცხადებით მიდის თუ ბრძანების საფუძველზე. ამიტომ კვლავ მოვითხოვე ბრძანება. ამ საკითხზე იმსჯელეს გიორგი ხიზანიშვილმა და შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თეონა კეკუსანძემ. მათ 1-ელ მაისს დამირეკეს და მითხრეს, მზად არის ბრძანებაო. გავეცანი მას და მივაწერე - "გავეცანი, გამეცინა". მიზეზი, რაც იქ წერია, მართლა სასაცილოა და რა იგულისხმება ამაში, გაუგებარია. ბრძანება ეფუძნება კეკუსანიძის მოხსენებით ბარათს, რომლის შინაარსი არ ვიცი და მოვითხოვე მისი გაცნობა. იმედი მაქვს, მოვა ჩემამდე, თუ არადა, მას სასამართლო წესით გამოვითხოვ. თუ "არაჯეროვანში" გულისხმობენ იმას, რომ ამ სამი წლის განმავლობაში ის ლაბორატორიები, რომლებზეც მე ვიყავი პასუხისმგებელი, XX საუკუნის 30-იანი წლებიდან აღმოჩნდა 21-ე საუკუნეში, იყოს "არაჯეროვანი". ამ ლაბორატორიაში მე უზარმაზარი ენერგია ჩავდე - ის იკვლევს, არის თუ არა ადამიანის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერებები, ნარკოტიკი და სხვ. იქ კვლევის უთანამედროვესი მეთოდები ჩემი დანერგილია და 2011-12 წლების დასაწყისში ჩვენ 12 საუკეთესო ევროპულ ლაბორატორიას შორის აღმოვჩნდით. - თქვენმა მეუღლემ, ქალბატონმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ხიზანიშვილმა იცოდა პაატას ფასი, მაგრამ საკუთარი ნების წინააღმდეგ წასვლამ მოუწიაო. - ყოველ შემთხვევაში, ხიზანიშვილმა სიტყვიერად ასე გამოხატა - მადლობა გადამიხადა გაწეული სამსახურისთვის. მართალი გითხრათ, ჩემზე დიდად არ მოქმედებს ვინმეს მადლობა, 52 წლის ვარ, რაც ვიცი, იმას ვაკეთებ და არ მაინტერესებს, ვიღაც კმაყოფილი დარჩება თუ არა. მთავარია, საქმე უმაღლეს დონეზე გავაკეთო. ბრძანებაში რომ ჩაეწერათ, ცოლის პოლიტიკური აქტივობის გამო მათავისუფლებდნენ, ამას არც გავაპროტესტებდი. თუმცა, ვისი რა საქმეა, ჩემი ცოლი პოლიტიკურად აქტიურია თუ არა. თუ საქმე ჩემთან გაქვს, ჩემთან გქონდეს. - თქვენც ხომ არ აპირებთ პოლიტიკურად გააქტიურებას? - პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ, ვარ პროფესიონალი ბიოქიმიკოსი, მაქვს ჩემი საქმე, რომელსაც ვემსახურები, როგორც შემიძლია. მიამაჩნია, დიდი წვლილიც შევიტანე ექსპერტიზის ბიუროს საქმიანობაში და ამით ვამაყობ კიდეც. - აუცილებლად უნდა შეგეკითხოთ ამ ბიუროს საქმიანობაზე, რომელზეც ამბობენ, რომ თითქოს ის არ არის დამოუკიდებელი და ასრულებს პროკურატურისა და ხელისუფლების დაკვეთებს, განსაკუთრებით გახმაურებულ საქმეებზე. თქვენზეც თუ მოუხდენიათ ზეწოლა? - შემიძლია ათეული შემთხვევა მოვიყვანო, როდესაც ადამიანს ე.წ. ბიოლოგიურ ნიმუშში სამართალდამცველმა ორგანოებმა აღმოუჩინეს ნარკოტიკული ნივთიერება, მაგრამ ჩვენი ანალიზების შემდეგ იქ არანაირი ნარკოტიკული ნივთიერება არ ყოფილა და ეს ხალხი გაუშვიათ. რაც მე არ მეხებოდა, ისეთ საქმეებზე ვერაფერს გეტყვით. რა საქმესაც მე ვხელმძღვანელობდი, იქ მსგავსი არაფერი ყოფილა. - თქვენ რომ იკვლევდით და ადგენდით, ეს იმას არ ნიშნავს, ექსპერტები არ აყალბებდნენ დასკვნებს, ამის გამო ბევრი ადვოკატი ჩივის... - ექსპერტი უშუალოდ აწერს ხელს, რომ ის სისხლის სამართლის წინაშე არის პასუხისმგებელი იმ დასკვნაზე, რომელსაც საქმეში დებს და თუ მან არასწორად დაწერა რამე, საბოლოოდ, ჯოხი მასზე გადატყდება. - როგორც თქვით, აპირებთ ბრძოლას, ვიდრე სამართალი არ აღსრულდება. - ჩემი ბრძოლა საბოლოოდ გათვლილია იმაზე, რომ საქართველო გათავისუფლდეს დოქსოპულოებისგან, - აი, ეს არის ჩემი მიზანი. ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს, რომ სიტყვას აქვს ფასი და ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოგიწევს შენს სიტყვებზე პასუხისგება. არ იფიქროთ, დონ კიხოტი ვიყო და არ ვიცოდე, ვისთან ან რასთან მაქვს საქმე. ყველაფერი კარგად მესმის. მიუხედავად ამისა, ვარ ოპტიმისტი და მინდა, ყველამ იცოდეს, რომ არ მეშინია და მჯერა, რომ "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია". სხვა საქმეა, ამას როგორ შევძლებ. თანაც ვიცი, რომ ამ საქმეში თავიდან ბოლომდე მართალი ვარ. ჩემი სიმართლე მაძლევს ძალას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - არ მეშინია! თუ სროლა უნდათ, მესროლონ, უნდათ - დამიჭირონ, ვერ ვხედავ პრობლემას, მაინც გავიმარჯვებ, რადგან მართალი ვარ! |