ოპოზიციას აქციის ორგანიზებაში მერიის წარმომადგენელი დაეხმარება

ოპოზიციას აქციის ორგანიზებაში მერიის წარმომადგენელი დაეხმარება

 

"თავისუფლების მოედანზე 27 მაისის "ქართული ოცნების" აქციას მერიის წარმომადგენელიც დაესწრება. კოალიციის წევრებმა მერიას მოსთხოვეს რომ აქციაზე დასასწრებად უფლებამოსილი პირი გამოეყო. "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის მიხედვით, მერიამ აქციაზე დასასწრებად მერიის წარმომადგენელი მალხაზ კუნელაური გამოყო. როგორც "რეზონანსს" მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ირაკლი აბესაძემ განუცხადა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა პოლიტიკური პარტია აქციას მართავს და იქ მერიის წარმომადგენლის დასწრებას ითხოვს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ოპოზიციას აქციის ორგანიზებაში მერიის წარმომადგენელი დაეხმარება / "ჩვენ მალხაზ კუნელაურსაც ვუთხარით, რომ ის არის ისტორიული პიროვნება".

"გუშინვე კოალიციის წევრები მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი მალხაზ კუნელაური, "ქართული ოცნების" აქციის ორგანიზატორი ზვიად ძიძიგური და კოალციის იურიდიული სამსახურის უფროსი ზაქარია ქუცნაშვილი. "კოალიციის წამომადგენლებმა აქციაში მონაწილეობის მსურველ პირთა რაოდენობის გათვალისწინებით წამოვჭერით შემდეგი საკითხები: თავისუფლების მოედანზე სცენის მოწყობისთვის სათანადო დროის გამოყოფა და შესაბამისი პირობების შექმნა, ელექტროგახმოვანებისთვის ელექტროენერგიის წყაროებსა და რადიოფიცირების სისტემაზე დაშვება, ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობაში ხელშეწყობისთვის ამაღლებული სცენებისა და დაცული ადგილების შექმნა და სხვადასხვა ტექნიკური საკითხები", - განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა ზვიად ძიძიგურმა. კოალიციის წარმომადგენლებმა ასევე მოითხოვეს შეხვედრა თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან, რათა 27 მაისს მანიფესტაციისა და შეკრებისას, ქუჩების დროებით გადაკეტვის გამო, მაქსიმალურად იქნას არიდებული საცობები, წინასწარ განისაზღვროს და მიეწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია საზოგადოებრივი თუ კერძო ტრანსპორტის მძღოლებს მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტების შესახებ", - აღნიშნავს გამოცემა.

"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონი ითვალისწინებს, რომ თვითმმართველობის ორგანომ გამოყოს უფლებამოსილი წარმომადგენელი აქციაზე დასასწრებად. ამ შემთხვევაში აქციის ორგანიზატორებმა მოინდომეს, გამოგვეყო ადამიანი. რა თქმა უნდა, დავაკმაყოფილეთ მათი მოთხოვნა და მალხაზ კუნელაური დაესწრება ამ აქციას. წარმომადგენელი საჭიროა იმისთვის, თუ რამეში დასჭირდებათ დახმარება, ეს დახმარება აღმოვუჩინოთ, ასევე აქციის მიმდინარეობის დროს წესრიგის დასაცავად. ანუ ყველაფერში ორგანიზატორებთან ერთად ჩართული იქნება მერიის წარმომადგენელი, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი - ის მათთან ერთად იქნება აქციაზე, რაც ორგანიზატორებს გაუადვილებს ადგილობრივ თვითმმართველობასთან კავშირს. ასევე ჩვენი მხრიდან ვიქნებით პროცესში ჩართული და გვეცოდინება, როგორ წარიმართება აქცია. ასევე, თუკი რამე ინციდენტს ექნება ადგილი, დაუყოვნებლივ ვიმოქმედებთ და კანონის დაცვას მოვთხოვთ ყველას", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი აბესაძე.

"საქართველოში აქციების ოცწლიანი ისტორიის განმავლობაში ცნობილი მხოლოდ ის იყო ხოლმე, ვინ ატარებდა აქციას, მაგრამ ხალხი არასოდეს არ იყო ინფორმირებული, რომ მერიას უფლებამოსილი წარმომადგენლის გამოყოფა ევალებოდა. შესაბამისად, საზოგადოებამ არ იცოდა, ვინ იყო პასუხისმგებელი აქციის უსაფრთხოდ გამართვაზე. ამიტომ ჩვენ პრინციპულად მოვითხოვეთ კანონით მინიჭებული უფლების გამოყენება და მერიის წარმომადგენლის აქციაზე დასწრება. უფლებამისილი პირის გამოყოფა ნიშნავს, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-12 მუხლის თანახმად, მერია ვალდებულია აქციის ორგანიზებას ხელი შეუწყოს. ამით ჩვენ კანონის მოთხოვნა შევასრულეთ და ვაიძულეთ ხელისუფლება, კანონის ჩარჩოში იმოქმედოს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაქარია ქუცნაშვილი.

"ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ხელისუფლება კანონის ჩარჩოებში დავაბრუნოთ. ჩვენ მალხაზ კუნელაურსაც ვუთხარით, რომ ის არის ისტორიული პიროვნება, რადგანაც პირველად ხდება საქართველოს უახლეს ისტორიაში, როცა ხელისუფლება გამოყოფს წარმომადგენელს, რომელიც აქციის ტექნიკურ თუ უსაფრთხოების მხარეს უზრუნველყოფს. გახსოვთ, 26 მაისის აქციაზე გაფრთხილების მისაცემად პოლიციელი მივიდა - ამ დროს კი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი უნდა მისულიყო იქ. ასეთი პირი 26 მაისს გამოყოფილი არ ყოფილა. დღესაც არავინ იცის, ვინ იყო 26 მაისზე ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებელი პირი. ამიტომ ჩვენ ეს ტრადიცია დავარღვიეთ და კანონის ფარგლებს დავუბრუნეთ ჩვენი ხელისუფლება, რათა ყველა დავარწმუნოთ, რომ ჩვენ მხოლოდ კანონისა და მშვიდობის ფარგლებში ვიმოქმედებთ", - დასძენს ზაქარია ქუცნაშვილი.