"სააკაშვილს აღმაშენებელთან აქვს კონკურენციის განცდა და სტალინთან და მერაბიშვილთან რომ ჰქონდეს, რა გასაკვირია".

 

სააკაშვილმა ამერიკაში განაცხადა, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი არა მერაბიშვილი, არამედ პოლიციაა. მართალია, მან თავის თავზეც ისაუბრა და მოკრძალებით აღნიშნა, რომ ის "ჯერ კიდევ პოპულარული პრეზიდენტია", მაგრამ განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება შს მინისტრზე, ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

ძნელი სათქმელია, რატომ დასჭირდა საქართველოს პრეზიდენტს აშშ-ში მერაბიშვილზე საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ მან ეს განცხადება გააკეთა.

"მე ჯერ ისევ პოპულარული პრეზიდენტი ვარ, მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტი უფრო საპატიოა, ვიდრე ჩემი პიროვნება. იგივე ეხება პარლამენტსაც. ის გაცილებით უფრო პოპულარულია, ვიდრე კონკრეტული პარლამენტარი. იგივე ხდება არმიის, მთავრობის შემთხვევაში," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პრისტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.

მაგალითისთვის კი მან პოლიციის რეიტინგი დაასახელა, რომელსაც, მისი თქმით, მოსახლეობის 90% ენდობა.

"პოლიციის ნდობა 90%-ია და ეს უფრო მაღალია, ვიდრე პოლიციის რომელიმე ხელმძღვანელის, ან მინისტრის მიმართ. რაც მოხდა, ესაა ინსტიტუციონალური ცვლილება," - აღნიშნა სააკაშვილმა.

თუკი იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ ბოლო პერიოდში სახელისუფლებო წრეებში აქტიურად განიხილავენ მერაბიშვილის პრემიერობას, სააკაშვილის ეს განცხადება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. თუნდაც იმის გამო, რომ მას სხვა პირი არ დაუსახელებია და გარკვეულწილად ნეგატიურ კონტექსტში, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, "ქვეყნის ხერხემალი" მოიხსენია.

ქართველი პოლიტოლოგები სააკაშვილის ამ ნათქვამს თეორიულად ორ და რეალურად ერთ ახსნას უძებნიან. მათი თქმით, ამაზე მხოლოდ ვარაუდი და ლოგიკიდან გამომდინარე შეფასების გაკეთება შეიძლება და ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ უცხოეთისთვის დაენახვებინა, რომ ისეთი პოპულარული ფიგურაც კი, როგორიც არის ვანო მერაბიშვილი, არის მეორადი სტრუქტურასთან შედარებით და არა პირიქით, როგორც ეს ხდება ნორმალურ, ჩამოყალიბებულ სახელმწიფოებში; და მეორე, ის თემა, რომ მისთვის ძალიან მტკივნეულია ვინმეს ხილვა პრემიერის თანამდებობაზე საკუთარი თავის გარდა.

"თავისთავად ინსტიტუტი რომ ძლიერი უნდა იყოს, ამაზე საუბარი გასაკვირი არ არის და ის, რომ ინსტიტუტებს შორის ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია პოლიციას, ეს მერაბიშვილის დამსახურებად აღიქმება და არ აღიქმება როგორც თავისთავად წარმოშობილი რეფორმა. რაც შეეხება სხვა ინსტიტუტებს, თავის მოსაწონებელი ბევრი არაფერია," - ამბობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

ასეთივე მოსაზრება აქვს დამოუკიდებელ ექსპერტს, ხათუნა ლაგაზიძესაც.

"ხშირად არის საუბარი ვანო მერაბიშვილის სახელმწიფოს ხერხემლობაზე და სააკაშვილმა ამერიკაში მიანიშნა იმაზე, რომ სტრუქტურა არის დღეს ქვეყანაში მნიშვნელოვანი და არა თავად ის მინისტრი, რომელიც ქვეყნის ხერხემალია და ზოგადად ასეთი დამოკიდებულება სწორია.

"დემოკრატიულ სახელმწიფოებში ერთ-ერთი არსებითი ნიშანი არის სწორედ ის, რომ წამყვანი არის სტრუქტურა და არა ცალკეული ადამიანი, რაც არ უნდა ძლიერი იყოს ის. ასეთ ქვეყნებში პირების ცვლა სტრუქტურას ვერ ანგრევს, მაგრამ ამას საქართველოზე ვერ ვიტყვით. რეალურად საქართველოში ყველაფერი პირიქით ხდება და ყველაფერი ადამიანის შინაგან ნებაზე არის აგებული," - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

თუმცა, ორივე მათგანი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ეს განცხადება მერაბიშვილისადმი მისი ქიშპობის შედეგი შეიძლება იყოს.

"სააკაშვილს გარკვეული პირების მიმართ უჩნდება ხოლმე ასეთი განცდა. გახსოვთ, ალბათ, ცოტა ხნის წინ მას ასეთი ქიშპობა ბოკერიასთან ჰქონდა, რასაც ირიბად ავლენდა ხოლმე. ამიტომაც არც ახლა არის გამორიცხული, რომ ახლაც ასეთი ქიშპობის გამოვლენა იყოს," - მიაჩნია საყვარელიძეს.

ხათუნა ლაგაზიძის თქმითაც, "ეს შეიძლება გამომდინარეობდეს იმ ინფორმაციებიდან, რაც ბოლო პერიოდში მერაბიშვილთან დაკავშირებით ვრცელდება და მის შესაძლო პრემიერობას უკავშირდება. საქმე ის არის, რომ სააკაშვილი ასე მარტივად არ შეეგუება თუნდაც თავისი გუნდის უახლოესი წევრით მის ჩანაცვლებას. როდესაც საუბრობენ იგივე მედვედევი-პუტინის მოდელის ქართულ რეალობაში განმეორებაზე, ვერ ითვალისწინებენ ერთ ფაქტორს, რომ სააკაშვილს, პუტინისგან განსხვავებით, ძალიან გაუჭირდება თავისი მემკვიდრის დასახელება. პრემიერის თანამდებობა მას არავისთვის არ ემეტება და მისთვის ეს არანაკლებ მტკივნეული იქნება, ვიდრე ის, რომ ეს თანამდებობა ოპოზიციის წარმომადგენელმა დაიკავოს".

ამ მოსაზრების არგუმენტად კი ხათუნა ლაგაზიძე იმ ფაქტორსაც ასახელებს, რომ "მთელი წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც, ფაქტობრივად, ექვსი თვეა, დაწყებულია, მხოლოდ სააკაშვილის ნიშნით არის დაღდასმული და სხვა არც ერთი ფიგურის წინ წამოწევა არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადა იწურება და, წესით, სხვა ახალი ფიგურების წინწამოწევა უნდა მომხდარიყო. ამის ნაცვლად კი პოლიტიკიდან წამსვლელი კაცის გარშემო ტრიალებს მთელი ეს წინასაარჩევნო პერიპეტიები და ესეც მის ხასიათზე მეტყველებს".

რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა ხელისუფლების შიგნით არსებობდეს დაპირისპირება და სააკაშვილის ეს განცხადება აქედან გამომდინარეობდეს, რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ "ხელისუფლების შიგნით რაიმე უკმაყოფილებაზე საუბარი ჯერჯერობით ძნელია. შესაძლოა, შიგნით მიდის რაღაც პროცესები, რაც ჩვენ არ ვიცით. მაგრამ რაღაც პირადი კონკურენცია უფრო მეტად სავარაუდოა, რადგან სააკაშვილს აღმაშენებელთან აქვს კონკურენციის განცდა და სტალინთან და მერაბიშვილთან რომ ჰქონდეს, რა გასაკვირია."