- კაბინეტში ილია ჭავჭავაძის სურათს რომ დაიკიდებ, ქვეყანა მისი იდეოლოგიითაც უნდა განავითარო, მაგრამ ილიას იდეებისა და იდეოლოგიისგან დღევანდელი მთავრობა ძალიან შორსაა. ხელოვნური მიბაძვა კი, უბრალოდ, ამორალურია.
“კომპიურეტერის ცოდნის გამავრცელებელ საზოგადოებას” რომ ქმნი და “წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” რანგში აგყავს, ეს დაცინვაა! ბნელეთი ხომ არაა?! მეცხრამეტე საუკუნეში გარუსების რეალური საფრთხე არსებობდა, ხალხმა მშობლიური ენა აღარ იცოდა და წერა-კითხვის გავრცელება, მართლაც, უმთავრესი გამოწვევა იყო, რადგან ეროვნულობა გადაგვარების საფრთხის წინაშე იდგა. ამიტომ, “წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” შექმნა საქართველოს სახელმწიფოებრივი არსებობის იდენტური იყო.
იმაზე, რომ დღეს კომპიუტერი საჭიროა, არავინ დაობს, მაგრამ კომპიუტერის გატოლება “წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ღვაწლთან შეიძლება? სოფელის მოსახლეობისთვის, არ მგონია, ყველაზე მთავარი გამოწვევა და უმთავრესი პრობლემა კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა იყოს. ვიმეორებ: ცივილიზებულ სამყაროში კომპიუტერი ნამდვილად საჭიროა და მას გვერდს ვერავინ აუვლის, მაგრამ ხელოვნურად, ერთ სოფელში ორი კომპიუტერი რეალურად ვერაფერს შეცვლის.
ბევრ სოფელში ადამიანებს მაცივარებიც არ აქვთ. ხალხი საჭმლის შოვნაზეა გადართული და სად სცალია კომპიუტერისთვის?
განუვითარებელ ქვეყანაში, სადაც მრეწველობის და სოფლის მეურნეობის ნატამალი არ არსებობს, ძალით კომპიუტერიზაცია არასწორად მიმაჩნია. გლეხს იმდენი შემოსავალი უნდა ჰქონდეს, რომ პერსონალური კომპიუტერი თავად იყიდოს.
“კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების” დამაარსებლების მთვარი მიზანი, როგორც თვითონ ამბობენ, სწორედგლეხების მდგომარეობის გაუმჯობესებაა. მათივე მტკიცებით, ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, ქართველი გლეხი მსოფლიო“ონლაინ-ბაზარზე” გავაო...
- ჯერ უნდა მოიყვანო პროდუქტი, ფეხზე დააყენო სოფლის მეურნეობა და რეალიზაციაზე მერე იზრუნო. ყველაფერი დაანგრიეს და ახლა უნდათ, რომ ჯერ არმოყვანილი პომიდორი ბრაზილიაში კომპიუტერის საშუალებით გაყიდონ?! საქართველოში, როგორც ვიცი, ბაზრის 80%-ი შემოსულ პროდუქტს უჭირავს. ამასთან, მაქვს ცნობა, რომ წელს, შარშანდელთან შედარებით, 20%-ით ნაკლები მიწები დამუშავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გლეხებს კიდევ უფრო ნაკლები შემოსავალი ექნებათ და ამ პრობლემას კომპიუტერიზაცია ვერაფერს უშველის.
არ მინდა, ვინმემ ისე გაიოგოს, რომ კომპიუტერის წინააღმდეგი ვარ, მასზე მიბმული ვარ და კარგად ვიცი, რომ ინტერნეტი საჭიროა როგორც პროფესიონალი მეცნიერისთვის, ასევე, - ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობას “კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება” გადაარჩენს.
გეთანხმებით, ბატონო თემურ, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ქვეყნის კომპიუტერიზაცია რეალურად რას ემსახურება?
- “კომპიუტერული ცოდნის გავრცელების” იდეა, როგორც ხელისუფლების ყველა სხვა იდეა, “დაბოლება” და მიზანდასახული მცდელობა, რომ მოსახლეობა ვირტუალურ სამყაროსა და ტყუილში აცხოვროს. ხან რას გამოიგონებენ და ხან - რას. უამრავი არარეალური გეგმა აქვთ, რომელიც, მართლაც, ეფექტურად ჟღერს. აი, მაგალითად, საქართველოში ყოველთვიურად 5 მილიონი ტურისტი ჩამოვაო, მაგრამ ამას რეალობასთან საერთო ხომ არაფერი აქვს? საერთოდ, როცა ადამიანი ტყუილს ერთხელ იტყვის, მერე, ამაზე დიდი ტყული უნდა თქვას, თორემ თუ ნაკლებს იტყვის, აღარ დაუჯერებენ. მოახლოებული არჩევნების წინ ნათქვამია, რომ უნდა აშენდეს ახალი ქალაქი “ლაზიკა” და ამაზე ისე დამაჯერებლად ლაპარაკობენ, ეჭვი შეგეპარება, ნეტავ, უკვე ხომ არ აშენდაო. ამ არარსებული ქალაქის გამო, კონსტიტუციაში ცვლილებებიც შეაქვთ. მოკლედ, “ნაციონალებს” წარმოსახვა რეალობა ჰგონიათ.
კომპიუტერის ცოდნის საყოველთაო მიღებაც, ჯერჯერობით, ისეთივე უტოპიაა, როგორც - სხვა იდეები. ეს უსაქმური კაცის უაზრო ნაფიქრია, რომ მუდმივად რაღაც ვალდებულება ჰქონდეს, აი, ორი წელი მაცადეთ და ამას ვიზამ და იმას ვიზამო. ფაცი-ფუცი დაიწყეს, ვითომ ახალი საქმე გამოიჩინეს, თუმცა ძველი პროექტებიც არ დაუსრულებიათ.
სხვათა შორის, ასეთივე აჟიოტაჟი იყო მაშინაც, როცა იძახდნენ, გაზი ყველა სოფელს, მაგრამ არც ეს იყო რეალური დაპირება - სოფლებში, სადაც ცენტრალური მაგისტრალია, გაზის სახლში შეყვანა 1 200 ლარი ჯდება, რისი საშუალებაც გლეხებს არ აქვთ...
სოფლად კომპიუტერის შეტანა, სააკაშვილმა სინათლედ და უდიდეს ცოდნად მონათლა...
- თუ კომპიუტერს ინფორმაციის გავრცელეების საშუალებად მიიჩნევენ, კი ბატონო, კარგია, მაგრამ ტელევიზორს ფუნქცია განვითარებულ ქვეყნებშიც კი არ დაუკარგავს. ისე, სოფელში მცხოვრები გლეხისათვის ობიექტური ინფორმაცია სანატრელია და, სავარაუდოთ, ვერც კომპიუტერიით მიიღებს თავისუფალ ინფორმაციას - მთელი სოფელი ხომ ვერ დაჯდება 2-3 კომპიუტერთან? თან, არ მგონია, რომ კომპიუტერი “არანაციონალს” ჩააბარონ, ხომ უნდა გაიგონ, ვინ რას წაიკითხავს? ესეც რომ არა, სხვადასხვა საერთაშორისო საიტზე შესასვლელად, სადაც გლეხებმა გასაღების პოტენციური ბაზარი უნდა მოძებნონ, ინგლისურის ელემენტარული ცოდნაა საჭირო.
ჩვენთან ინგლისური ენაც ხომ პრიორიტეტულია...
- ინგლისურიც უნდა იცოდე, ფრანგულიც და სხვა ენებიც, მაგრამ არა - ქართულის ხარჯზე. მეთოდები, რომლითაც სურდათ, ხალხი ინგლისურად მასობრივად აელაპარაკებინათ, არაეფექტური გამოდგა - როგორც ჩამოიყვანეს, ისევე გაიქცა უცხოელი მასწავლებლების უმეტესობა.
სახელმწიფომ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რა თქმა უნდა, ხელი უნდა შეუწყოს, მაგრამ ასეთ თემებზე დეკლარაციების მიღება და ბრძანებულებების გამოცემა, აგიტაცია- პროპაგანდის გარდა, არაფერს ემსახურება!