იაფი საკვების ეპოქის დასასრული

იაფი საკვების ეპოქის დასასრული


საკვები პროდუქტების თაობაზე სულ უფრო საგანგაშო ინფორმაციები ვრცელდება. როგორც სარეთაშორისო ექსპერტები აცხადებენ, სურსათი მომავალშიც გაძვირდება, ხოლო მოშიმშილეთა რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება. როგორც ჩანს, იაფი საკვების ეპოქა უკვე დასრულდა.


 


სტიქიამ და საბაზრო ფაქტორებმა პროდუქტების ფასებზე მთელ მსოფლიოში იქონია გავლენა - ყველგან ყველაფერი ძვირდება და ამას ბოლო არ უჩანს. მაგალითად, სამხრეთ კორეაში კომბოსტო, რომელიც ნაციონალური კერძის ძირითადი ინგრედიენტია, 5-ჯერ გაძვირდა. ჩინეთში ასევე გაძვირდა ნიორი, რომლის ფასმაც 3-ჯერ მოიმატა. ისრაელში პომიდვრის ფასები 7-8-ჯერ გაიზარდა. აშშ-ში მკვეთრად გაძვირდა სიმინდი, რის გამოც სურსათზე ფასები შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. პაკისტანში შაქარი 2008 წლის დეკემბრის შემდეგ 2-ჯერ გაძვირდა და ამჟამად კილოგრამი ერთი დოლარი ღირს.


 


აგვისტოს სიცხის შემდეგ რუსეთში საგრძნობლად გაძვირდა პური. ბოლო ორი თვის განმავლობაში მისი ღირებულება 20%-ით და მეტად გაიზარდა. სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლები ასევე აფრთხილებენ მოსახლეობას მომავალ წელს ხორცისა და რძის პროდუქტების შესაძლო გაძვირების შესახებ. ამის მიზეზად კი 2009 წელს საქონლის საკვებზე ფასების მატება სახელდება. 


 


დიდი გამოცნობა არ სჭირდება იმას, რომ საკვების გაძვირების პირდაპირპროპორციულად გაიზრდება მოშიმშილე ადამიანების რიცხვი. დღევანდელ მსოფლიოში ერთი მილიარდი ადამიანი შიმშილობს. შიმშილობის მაღალი მონაცემები ბავშვთა საკვების უკმარისობას უკავშირდება. შიმშილის მაღალი დონე დაფიქსირებულია აფრიკის ქვეყნებში, რომლებიც საჰარის სამხრეთით არიან განლაგებული, აგრეთვე, სამხრეთ აზიაში.


 


მოხსენების ავტორები არასახარბიელო მაჩვენებლების შესამცირებლად ქვეყნების ხელისუფლებებს მოუწოდებენ, ებრძოლონ ბავშვთა შორის სურსათის უკმარისობას. გაერო მიიჩნევს, რომ ადამიანმა ჯანმრთელი და აქტიური ცხოვრებიათვის ყოველდღიურად სულ მცირე 1.800 კილოკალორია უნდა მიიღოს.


 


საკვების გაძვირების ტემპები საქართველოშიც საგანგაშოა. ასევე დამაფიქრებელია იმ კატეგორიის ზრდა, რომლებიც ფიზიოლოგიურ თუ კალორიულ შიმშილს განიცდიან.


„საერთოდ, ჩვენი ფსიქიკიდან გამომდინარე, ქართველ კაცს იმის აღიარება, რომ შიმშილობს, ძალიან უჭირს. თუმცა ცხადია, რომ ეს პრობლემა ქვეყანას უკვე საუკუნეებია თან სდევს. დღეს კი, როდესაც ქვეყანას არ გააჩნია ეკონომიკური უპირატესობა, მშპ არის ძალიან დაბალი, ამიტომ კვლევის მონაცემები რეალობასთან უფრო ახლოა.


 


რაც შეეხება ზოგად მონაცემებს, ჩემი გათვლებით დღეს საქართველოში ფიზიოლოგიურ შიმშილს მოსახლეობის, დაახლოებით, 5-7% განიცდის, არასრულფასოვანი კვება კი მოსახლეობის მესამედს აქვს. ეს ციფრები არც ისე დაბალია და აუიცლებელია, რომ მას ყურადღება მიექცეს“, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე.


 


უფრო სკეპტიკურადაა განწყობილი ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში პაატა კოღუაშვილი, რომლის მონაცემებით დღეს ქვეყანაში სიტუაცია საკმაოდ მძიმეა და უახლოეს მომავალში უფრო მეტად დამძიმდება. მისივე თქმით, საქართველოში დღეს სრულფასოვანი კვება მხოლოდ 53%-ს აქვს, რომელთაგან 18% მდიდარი ადამიანია და დანარჩენი 35% მათზე მიბმული.


 


„სიტუაცია ჩვენთან უფრო მძიმეა, განსაკუთრებით კი სოფლებში.  თუ ადრე სიღარიბე ქალაქის მტერი იყო, დღეს მდგომარეობა შეიცვალა და ის უფრო სოფლებს უტევს. პრობლემის მოგვარების გზა კი ჯერჯერობით არ ჩანს“, - დასძინა კოღუაშვილმა.