საქართველოს მაქსიმუმი ჩიკაგოში ნატოში გასაწევრიანებელი მექანიზმია

საქართველოს მაქსიმუმი ჩიკაგოში ნატოში გასაწევრიანებელი მექანიზმია

 

საქართველო ნატოს ჩიკაგოს სამიტისგან მინიმუმ ასპირანტი ქვეყნის სტატუსის დადასტურებას და მაქსიმუმ ალიანსში გასაწევრიანებელი კონკრეტული მექანიზმის მიღებას ელოდება. თუმცა ქართველი ექსპერტების განცხადებით, ნატოში გასაწევრიანებლად ქვეყანას დემოკრატიზაციისთვის გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს.

როგორც "რეზონანსს" "საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის" პრეზიდენტმა ალექსანდრე რონდელმა უთხრა, ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ერთად ასპირანტ ქვეყნად გამოყოფენ. 

"ნატოს ჩიკაგოს სამიტზე ჩვენ სხვებთან ერთად გამოგვყოფენ როგორც ასპირანტ ქვეყანას. თუ ასე მოხდება, ნატოსკენ ერთი ნაბიჯით წავიწევთ. 

"თვითონ ნატოში მიღება საქართველოსთვის ძალიან შორი პერსპექტივაა, დიდი მოთმინება და სტანდარტების დახვეწა გვჭირდება დემოკრატიზაციის თვალსაზრისით ქვეყნის შიგნით. 

"შეიძლება სხვა ქვეყანაში სტანდარტები უარესიც იყოს და ნატოში გაწევრიანდეს, მაგრამ იქ რუსეთის ფაქტორი გადამწყვეტი არ იქნება", - ამბობს რონდელი.

მისივე განცხადებით, დღევანდელი სიტუაცია 2008 წლისას ჰგავს, თუმცა მაშინ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სხვა წინაპირობები ჰქონდა და რუსეთის აგრესიაც ამან გამოიწვია."2008 წელს პუტინი სპეციალურად ჩავიდა ბუქარესტში, რომ თავისი თვალით ენახა, რა ხდებოდა - მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში შემოჭრის შესახებ. 

"მაგრამ მაშინ სხვა სიტუაცია იყო, მაშინ რუსეთმა ნატოს აჩვენა, რომ საქართველოში არ შემოუშვებდა. დღეს ამის საშიშროებას ვერ ვხედავ. რუსეთის შესაძლო აგრესიის განხორციელება საქართველოში ნატოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული არ არის. თუმცა თუ დიდხანს ვიქნებით ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში, ეს რუსეთისთვის ყოველთვის იქნება მწვანე შუქი აგრესიისკენ", - ამბობს რონდელი. 

მისივე თქმით, რუსეთი დღეს არ არის ისეთ სიტუაციაში, რომ საქართველოში ტანკებით გაინავარდოს. 

"2008 წელს თავს კარგად გრძნობდნენ, ნავთობიდან ძალიან დიდი თანხები შემოდიოდა, ეკონომიკური კრიზისი დაწყებული არ იყო და ჩათვალეს, რომ საქართველოში შემოჭრის და დასავლეთისთვის იმის ჩვენების კარგი მომენტი იყო ვინ ვინ არის. ახლა საქმე ასე არ არის", - ამბობს რონდელი. 

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ევროპა საქართველოსადმი კეთილგანწყობილი არ არის, თუმცა თუ ქვეყანა წინ წავიდა და ვითარებაბი შეიცვალა, დიდხანს ერთ ადგილზე დგომა არ მოგვიწევს. 

"ევროპა მაინცდამაინც კეთილგანწყობილი არ არის ჩვენ მიმართ მათ ეს საკითხი არ აწუხებთ. ჩვენით დაინტერესებული მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები არიან, ისინიც იმიტომ, რომ საქმე მათ უსაფრთხოებას ეხება. 

"რაც შეეხება ძველ ევროპას, თავს ჩვენთვის არ მოიკლავენ. მათ რუსეთთან ურთიერთობა აქვთ გასარკვევი და ეს ასე, ალბათ, დიდიხანს იქნება. თუმცა ქვეყნის შიგნით ვითარების შეცვლა და განვითარება თუ მოხდება, ერთ ადგილზე დიდხანს არ ვიქნებით. 

"როგორც ამბობენ, ნიუტონს თავზე ვაშლი იმიტომ დაეცა, რომ თავი კარგ ადგილას ჰქონდა. ასეა ჩვენს შემთხვევაშიც. ხანდახან, შესაძლოა, ვაკანსია გამოჩნდეს და ეძებენ, ვინ გაუშვან იმ ადგილზე, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. რომ გვაღიარონ, ქვეყანა უნდა განვითარდეს. ჩვენ ცოტა სწრაფად გვიყვარს ჭენება, მაგრამ სწრაფად ჭენება არ გამოგვდის. წინ ნელ-ნელა უნდა წავიდეთ", - ამბობს რონდელი. 

"ევროპული ინტეგრაციის კვლევების ცენტრის" პრეზიდენტს, ვასილ ჭყოიძეს მიაჩნია, რომ საქართველოსთვის ჩიკაგოს სამიტზე მინიმუმი ასპირანტის სტატუსის მინიჭებაა, ხოლო მაქსიმუმი კონკრეტული მექანიზმის შემუშავება, რომლითაც ნატოში უნდა გავწევრიანდეთ. 

"ნატომ მინისტერიალის დოკუმენტში საქართველო უკვე მოიხსენეს ასპირანტ სახელმწიფოდ, ამ სამიტისგან კი ჩვენ ასპირანტობის დადასტურებას ველოდებით. მაქსიმუმი, ჩემი აზრით, იმ დოკუმენტის შემუშავება იქნება, რომლითაც შეიძლება საქართველო ნატოში გაწევრიანდეს - ერთია ინტენსიური დიალოგი, მეორე კი იმის აღიარება, რომ ჩვენ კანდიდატი სახელმწიფო ვართ", - ამბობს ჭყოიძე. 

მისივე თქმით, საქართველო უახლოვდება იმ ეტაპს, რითაც რუსეთის გავლენის ორბიტიდან უნდა გავიდეთ. ამასთანავე აღნიშნავს, რომ ნატოს წევრი ქვეყნებიდან სკეპტიკურად განწყობილი საქართველოს მიმართ ძალიან ცოტა დარჩა, ამიტომ მათი მხარდაჭერა საქართველოს ინტეგრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

"ნატოს წევრი ქვეყნები, შეიძლება სკეპტიკურად განწყობილებად და ლობისტებად დავყოთ. ლობისტები, პირველ რიგში: აშშ, ცენტრალური აღმოსავლეთის ქვეყნები, ბალტიისპირეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და იტალია არიან. თუმცა მე ამას ბუქარესტის სამიტის განწყობიდან გამომდინარე ვამბობ. არ გამოვრიცხავ, ეს ქვეყნები ჩვენ მიმართ დღეს უფრო მეტი მხარდაჭერით იყვნენ განწყობილი, ამ შემთხვევაში გერმანიას და საფრანგეთს ვგულიხმობ. 

"თუმცა თუ სარკოზის ვიზიტიდან ვიმსჯელებთ, ჩვენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხრივ ღია მხარდაჭერა ვიხილეთ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მხარდაჭერაც გვაქვს. მე ვფიქრობ, იქ ხელისშემშლელი აღარავინ არის". 

"თუკი კონკრეტული მექანიზმი იქნა შემოთავაზებული, ბუნებრივია, ჩიკაგოს სამიტის გადაწყვეტილებაზე რუსეთი გავლენას ვეღარ მოახდენს. 

"რაც შეეხება არჩევნებს, აქ რუსეთის ჩარევის გარკვეული მცდელობა იქნება და მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები იმ მოლოდინის შესაბამისად ჩავატაროთ, რომელსაც ნატო და ჩვენი მოკავშირეები ელოდებიან. 

"ამ ეტაპის წარმატებით გადალახვა, ფაქტობრივად, საბოლოოდ გაგვიყვანს რუსეთის გავლენის ორბიტიდან. 

თანაც არჩევნებს ჩრდილოეთ კავკასიაში "კავკასია 2012"-ის სამხედრო წვრთნები ემთხვევა, აქედან გამომდინარე, დიდია ალბათობა, რომ რუსეთი რაღაც პროვოკაციას წამოიწყებს. პრევენცია და მზადყოფნა ამ მოვლენებისადმი გათვალისწინებული უნდა იყოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენი მოკავშირეების მხრიდან", - მიაჩნია ჭყოიძეს. 

რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეზე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაც მიანიშნებს. მიხეილ სააკაშვილი არსებულ სიტუაციას 2008 წელს ადარებს და აღნიშნავს, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნატოს მხრიდან პროგრესის დაფიქსირებაა. 

"თუ რაღაც პარალელებს გავავლებთ, ძალიან ჰგავს დღევანდელი სიტუაცია 2008 წელს. მაშინაც იყო ნატოს სამიტი, არჩევნები აშშ-ში, რუსეთსა და საქართველოში. რით დამთავრდა 2008 წელი, კარგად ვიცით იმ სიტუაციაში, როდესაც ნატომ გარკვეულწილად ყოყმანი გამოხატა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დღეს ნატომ საქართველოს პროგრესი აღიაროს", - განაცხადა სააკაშვილმა ქართულ ტელეკომპანიებთან საუბარში. 

თუმცა სამხედრო ანალიტიკური კვლევების ცენტრის "ჰერის" დამფუძნებელი გიორგი მელითაური ამბობს, რომ ამ განცხადებით სააკაშვილი ცდილობს, ნატოს სამიტის მონაწილეებზე ზეწოლა განახორციელოს. რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს, ის ყოველთვის არის ჩრდილოკავკასიაში არასტაბილურობის გარანტი. 

"რუსეთი ჩვენთვის განსაკუთრებით ბოლო პერიოდში არაკეთილმოსურნე მეზობელია და ჩრდილო კავკასიაში ყოველთვის არასტაბილურობის უმთავრესი ფაქტორია. მისგან გარკვეული ნაბიჯები ყოველთვის არის მოსალოდნელი. 

"რაც შეეხება სამხედრო აგრესიას, უახლოეს მომავალში ამის მაჩვენებლები არ არის, აქ თვეებს და წლებს არ ვგულისხმობ. 

ცვალებადია როგორც პოლიტიკური გარემო, ისე სამხედრო ვითარება რეგიონში. თუმცა დღესდღეობით რუსეთიდან სამხედრო აგრესიის საფრთხეს ვერ ვხედავ", - ამბობს მელითაური. 

მისივე თქმით, "კავკასია 2012"-ის წვრთნების სექტემბერში დანიშვნა რუსეთის მხრიდან გარკვეულწილად ცალსახა დემარშია, რითაც საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციაზე ზეწოლას ცდილობს და ის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დემარშისკენ არის მიმართული".