ეკლესია დავით გარეჯთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციას ნაჩქარევს უწოდებს

ეკლესია დავით გარეჯთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციას ნაჩქარევს უწოდებს

 

სამონასტრო კომპლექს დავით გარეჯთან არსებული პრობლემების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება საპატრიარქოსთვის მიუღებელია. ხოლო თავად გარეჯის წინამძღვარი არქიმანდრიტი ილარიონი "რეზონანსთან" საუბრისას კულტურის მინისტრის და თანამდებობის პირების განცხადებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს. არქიმანდრიტი ამბობს, კომპლექსი ისტორიულად საქართველოს ტერიტორია იყო და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება, თითქოს აზერბაიჯანს ეკუთვნის, მისი აზით, ან უცოდინარობის ბრალია ან შეგნებული ტყუილი.

ამავე თემაზე გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ისაუბრა.

"ჩვენ დიდი იმედი გვქონდა გუშინდლამდე, რომ ხელისუფლება აწარმოებდა მოლაპარაკებებს და ეს ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც უმნიშვნელოვანესი ძეგლები, მოლაპარაკების გზით საქართველოს შემადგენლობაში აღმოჩნდებოდა," - თქვა ბოტკოველმა. " - სამწუხაროდ, გუშინ საღამოს ვიგებთ, რომ ეს ტერიტორიები არ ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში და ისეთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლები, როგორიც არის ბერთუბანი, ჩოჩხიტური და მისი მიმდებარე ეკლესიები, აღმოჩნდა ფაქტობრივად საზღვარს იქით, სადაც დღეს ქართული იურისდიქცია არ ხორციელდება. ეს ძალიან სამწუხაროა ჩვენთვის. პირდაპირ წარმოუდგენელია, ხელს იშვერენ კომუნისტებისკენ, კომუნისტური მმართველობის პერიოდისკენ, თითქოს მაშინ გადაეცა აზერბაიჯანს. ნამდვილად ვერ გავიზიარებთ ამ პოზიციას, რადგან იმ დროს, როდესაც ხელისუფლებაში კომუნისტები იყვნენ, ქართული მხარე იქ სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა. ბერთუბანზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. თუ ეს მაშინვე აზერბაიჯანის ტერიტორია იყო, რაღას ვდავობდით და ვის ვედავებოდით. ძალიან სამწუხაროა ეს ყოველივე. გამოდის ისე, რომ ხელისუფლება ნაჩქარევ განცხადებებს აკეთებს. თუ ეს მართლაც ასეა, ძალიან სამწუხაროა," - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

მისივე თქმით, საპატრიარქო შეეცდება ყველა საშუალებით მოხდეს აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკება და ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლების საქართველოს შემადგენლობაში დარჩენა.

"ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია და ძნელად წარმომიდგენია ქართველი ადამიანი, რომელიც შეეგუება სიწმინდეების მიმართ ასეთ დამოკიდებულებას. ხელისუფლებამ ცივი წყალი გადაგვასხა," - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

სასულიერო პირების ცნობით, 6 მაისის შემდეგ დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტერთან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან. 6 მაისს გიორგობას, როდესაც ბერები წირვაზე იმყოფებოდნენ, მომლოცველებისგან შეიტყვეს, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ისინი უდაბნოს მონასტერში აღარ შეუშვეს.

ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ეს მონაკვეთი საბჭოთა დროიდან საქართველოს შემადგენლობაში არ იმყოფებოდა.

იგივე განაცხადა კულტურის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამაც. მანვე უარყო სასულიერო პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ უდაბნოს მონასტერში ქართველი მომლოცველები არ შეუშვეს.

რურუას თქმით, უდაბნოს მონასტერი, მიუხედავად იმისა, რომ ქართულია, ოფიციალურად აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. ამბობს, რომ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს საქართველოს მოქალაქეებისთვის პრობლემა არ შეუქმნიათ. 

ნიკა რურუას განცხადებით, ამ საკითხზე მოლაპარაკებას აწარმოებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და კომპეტენტური ორგანოები, რათა მონასტერი ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის.

რაც შეეხება კუთვნილებას, როგორც მინისტრმა განმარტა, ეს ტერიტორია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საზღვრების დანაწილების დროს მოხვდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და ამ წუთას აზერბაიჯანის ტერიტორიად ითვლება საერთაშორისო სამართლის კუთხით.

მინისტრის განცხადებების გამო დავით გარეჯის წინამძღვარი არქიმანდრიტი ილარიონი აღშფოთებას ვერ მალავს.

"გამოვიდა ჩვენი კულტურის მინისტრი და გააკეთა განცხადება, რომ სასულიერო პირებს არ ექმნებათ ტერიტორიაზე შესვლის პრობლემაო, მაგრამ ეს ასე არ არის. ერის პრობლემა ჩემი პრობლემაა. კულტურის მინისტრი ისეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს, რომ ფაქტია, არ არის ჩახედული ამ საქმეში. რეალურად იქ შესვლა ეკრძალება ყველას. ჩვენ გვეუბნებიან, რომ პრობლემა არ აქვთ მხოლოდ სასულიერო პირებს, ანუ რა უნდათ, რომ სასულიერო პირები გამიჯნონ ერისაგან? შევახსენებ ყველას, რომ სასულიერო პირი ერისგან განუყოფელია. ერს თუ აქვს პრობლემა ეს ეკლესიის პრობლემაა. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ტერიტორიის წართმევაში აზერბაიჯანის მხარდაჭერას ჩვენი სახელმწიფო პირებისგან იღებს. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ამბობენ, რომ მათ აქვთ ბრძანება, რომ ეკლესიის ტერიტორიაზე არ შეუშვან არავინ. ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ და დაფიქრებულად უნდა იმოქმედოს, თუმცა ამის ნაცვლად ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს ვისმენთ," - აცხადებს "რეზონანსთან" არქიმანდრიტი ილარიონი.

"როგორც ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია (თუმცა ეს არ არის დადასტურებული ოფიციალური პირების მიერ) აზერბაიჯანმა რუსეთთან მოაგვარა საზღვრის პრობლემები და ახლა გადმოვიდა საქართველოსკენ. ახლა უკვე ცდილობენ რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღონ ჩვენგან. როგორც ვიცით, ეს პროცესი მხოლოდ დავით გარეჯში არ დგას და სხვაგანაც დაწყებულია. იგივე საძოვარ მიწებზე, ნაკვეთებზე და ა.შ. თუმცა, დავით გარეჯი არის ჩვენი სიწმინდე და ამ საკითხს მეტი სიფრთხილე სჭირდება, რაც მთავრობის წარმომადგენლებს, როგორც ჩანს, არ ესმით."