მილანის ახალი ფოტოები სააკაშვილის ადმინისტრაციას ტყუილში ამხელს!

მილანის ახალი ფოტოები სააკაშვილის ადმინისტრაციას ტყუილში ამხელს!

"გამოქვეყნდა თუ არა "ალიაში" ეს ფოტოები, ატყდა ერთი ამბავი. მიშისტების ერთი ნაწილი ამტკიცებდა, ეს ფოტოები სხვა დროსაა გადაღებულიო, ხოლო მეორე ნაწილი "დედაზე იგინებოდა" - ფოტომონტაჟიაო! ჩაატარა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციული ბრიფინგი, ვერ გაექცა საკითხს და აღიარა, რომ ფოტოები ნამდვილია და სააკაშვილი მილანში მართლაც იმყოფებოდა, მაგრამ თქვა: პრეზიდენტი ამერიკაში რომ გაფრინდა, ეს რეისის მილანში რამდენიმესაათიან გაჩერებას ითვალისწინებდაო", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით მილანის ახალი სკანდალური ფოტოები სააკაშვილის ადმინისტრაციას ტყუილში ამხელს!!! 

"პრეზიდენტის ადმინისტრაცია "ალიამ" ტყუილებში გამოიჭირა, რომელსაც ძველთან ერთად, ახალი სურათებიც ადასტურებს! მანჯგალაძეს რომ დავუჯეროთ, სლოვენიიდან მიშა საქართველოში დაბრუნდა (ეს ფაქტია, რადგან 15 მაისს 17 საათზე საგანგებო თათბირი ჩაუტარა ქალაქის მერსა და ფინანსთა მინისტრს, რაც ნაციონალური ტელევიზიებითაც გადაიცა) და ამის შემდეგ გაფრინდა მილანის გავლით ამერიკაში - ეს აშკარა ტყუილია, რადგან ყველა ფოტოზე, მენიუში მითითებულია გადაღების თარიღი. ეს ფოტოები კი 15 მაისს, მილანის დროით 10 საათსა და 10 წუთიდან, 10 საათსა 25 წუთამდე - ანუ 15 წუთის ინტერვალითაა გადაღებული. მილანისა და თბილისის დრო 2 საათით განსხვავდება ერთმანეთისგან. იქ რომ 10 საათია, ჩვენთან არის 12 საათი: შესაბამისად, სააკაშვილი 17 საათზე თათბირის ჩატარების შემდეგ მილანში ვერ აღმოჩნდებოდა, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მილანში სლოვენიიდან ჩაფრინდა, "იშოპინგა" და მერე, ვთქვათ 16 საათზე ჩამოფრინდა საქართველოში და ჩაატარა თათბირი - მილანიდან საქართველოში ჩამოფრენისთვის 3 საათი სრულიად საკმარისია", - აღნიშნავს გამოცემა.

"ახლა რაც შეეხება იმას, მართლა "იშოპინგა" თუ არა სააკაშვილმა მილანში. ჩვენ ის ინფორმაციაც გვაქვს, რომ სააკაშვილი მონტე ნაპოლიზე ანუ მილანის ყველაზე ძვირადღირებულ უბანში, სადაც მილიარდერები ვაჭრობენ, მაღაზიებში მანამდეც დადიოდა, სანამ მას ფოტოობიექტივი დააფიქსირებდა, მაგრამ მოდით, იმაზე ვისაუბროთ რის დოკუმენტური დასაბუთებაც გვაქვს: ახალ ფოტოებში კარგად ჩანს, რომ სააკაშვილი შესულია საათების მაღაზია "Officine Panerai"-ში - ესაა მაღალი კლასის შვეეიცარიული საათების მაღაზია, სადაც საათების ფასი (რომლებიც, სხვათა შორის, შეზღუდული რაოდენობით იწარმოება) 2000 დოლარიდან იწყება და 50 000 დოლარამდე, ან კონკრეტულ შემთხვევებში 100 000 დოლარამდეც კი ადის. ერთი ფაქტიც - "Officine Panerai"-ს საათს რუსეთის პრეზიდენტი პუტინიც ატარებს" - აღნიშნავს გამოცემა.

"თუ ეს "შოპინგი" არ იყო, საათების მაღაზიაში სააკაშვილის საქართველოს განვითარების ან ნატო-ში ინტეგრაციის მიზნით შევიდა? არ გაგიკვირდეთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ესეც იკადროს. ჩვენ კი ჩვენს საქმეს გავაგრძელებთ. როგორც ჩვენი იტალიელი და ამერიკელი "აგენტების" დაგვპირდნენ, ფოტომასალას კიდევ მოგვაწვდიან და ორშაბათის "კვირის ქრონიკაში" ამ "შოპინგის" ამსახველ ფოტორეპორტაჟს სრულად შემოგთავაზებთ!" - დასძენს გამოცემა.