მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ვიზების გარეშე ევროპის ქვეყნებში მიმოსვლას შეძლებენ, -განაცხადა ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელება „ქართული ოცნების“ და პრემიერ-მინისტრის დამსახურებაა, თუმცა აქვე კალაძე აღნიშნავს, რომ ეს პროცესი წლების წინ დაიწყო.
„ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება, ეს არის პრემიერ-მინისტრის დამსახურება. მისი ბოლო ვიზიტი განსაკუთრებით მინდა გამოვყო. არ მინდა, ეს პროცესი მთლიანად მიიწეროს „ქართულმა ოცნებამ“. ამ მიმართულებით მოძრაობა ძალიან ბევრი წლის წინ დაიწყო. ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმები იქნა გატარებული ჩვენს ქვეყანაში, როგორ წინა ხელისუფლების დროს, ასევე იმის წინა ხელისუფლების დროს. ჩვენ ფაქტობრივად გვაქვს შესაძლებლობა იმისა, რომ ეს ყველაფერი დავაგვირგვინოთ“,- აღნიშნა კახი კალაძემ.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტები ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა, ვიზების გარეშე იმგზავრონ ევროპულ ქვეყნებში, საქართველოს მოქალაქეები აუცილებლად იმაგზაურებენ უვიზოდ.