მე ვარ გიორგი კვირიკაშვილის გულშემატკივარი, მაგრამ ის უშვებს ძალიან ბევრ შეცდომას, ვერ ყალიბდება ლიდერად

მე ვარ გიორგი კვირიკაშვილის გულშემატკივარი, მაგრამ ის უშვებს ძალიან ბევრ შეცდომას, ვერ ყალიბდება ლიდერად

მე ვარ პირადად გიორგი კვირიკაშილის გულშემატკივარი, მაგრამ ის უშვებს ძალიან ბევრ შეცდომას, ვერ ყალიბდება ლიდერად, - ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას განაცხადა.

ხუხაშვილის თქმით, გაზაფხულზე ჩამოყალიბდება რაღაც ტიპის ეკონომიკური კრიზისი და გამორიცხული არ არის, ხელისუფლების შიგნით ვიღაც იყოს ჩასაფრებული პრემიერ-მინისტრის ადგილის დასაკავებლად.

„ნებისმიერ ხელისუფლებაში, ნებისმიერ პარტიაში არის ჯგუფები, რომლებიც შიდა ძალაუფლებისთვის იბრძვიან და ვიღაც შეიძლება არის ჩასაფრებული და კრიზისის შემთხვევაში ემზადება კვირიკაშვილის წინააღმდეგ იმ მიზნით, რომ მერე თვითონ დაიკავოს ეს ადგილი. მე ვფიქრობ, ის დრამატიზმი, რომელიც კვირიკაშვილის განცხადებაში იგრძნობა, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად თითქოს არაფერს ამბობს, განპირობებულია იმით, რომ მან დაინახა გარკვეული რისკები. თუმცა მე არ ვარ დარწმუნებული, რომ შიგა ბრძოლების გამო გააკეთა ეს განცხადება. არ გამოვრიცხავ, რომ გარედან კრიტიკაზეც მისცა რეაქცია. მე ვარ პირადად მისი გულშემატკიარი, მაგრამ ის უშვებს ძალიან ბევრ შეცდომას, ვერ ყალიბდება ლიდერად. მას სჭირდება მასშტაბური რეფორმა და არა დეკლარაციების კრებული“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეიძლება იყოს კვირიკაშვილის ალტერნატივა, ხუხაშვილი აცხადებს, რომ ჭორაობას არ დაიწყებს, მითუმეტეს, მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ლიდერები საერთოდ ვერ ჩამოყალიბდნენ.

„ქართულ ოცნებაში“ არ არსებობენ ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ სერიოზული სისტემური გადაწყვეტილების მიღება და საკუთარ თავზე რეალური პასუხისმგებლობის აღება. რატომ არის დღემდე აპელირება ბიძინა ივანიშვილზე? - იმიტომ, რომ არავის აქვს განცდა, რომ რომელიმეს იქ შეუძლია მის გარეშე რამის გაკეთება. ეს ასეა თუ არა, სხვა საკითხია, მაგრამ განცდა არის ასეთი“, - დასძინა გია ხუხაშვილმა.