არ მგონია, რომ აქციზების ფასის გაზრდა გიორგი კვირიკაშვილისთვის მისაღები ყოფილიყო, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა განაცხადა.
ხუხაშვილის აზრით, ეს იდეა ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს ეკუთვნის, რომელსაც ესტონური მოდელის ამოქმედების შემდეგ ბიუჯეტის შევსების პრობლემა დაუდგება. მიუხედავად ამისა, ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ განხეთქილება დღევანდელ ხელისუფლებაში შეუძლებელია.
„განხეთქილება რომ გქონდეს, ალტერნატიული ხედვა უნდა გქონდეს, იდეათა ჭიდილი უნდა იყოს. შეიძლება, რაღაცას კრიტიკულად უყურებს ან არ უყურებს, შეიძლება ვიღაცამ იცის კიდეც რა უნდა გააკეთოს, მაგრამ აწყობს, რომ კვირიკაშვილი წარუმატებელი იყოს, რადგან „მეორე სერიაში“ უკვე თავისი გეგმები აქვს. მილიონი რაღაც შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ ის, რომ ღია დაპირისპირება იყოს, მე გამოვრიცხავ. აქციზების თემას რაც შეეხება, მე კვირიკაშვილს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ მისი შეხედულების წინააღმდეგ იყო ეს ყველაფერი. მე არ მგონია, რომ მისთვის მისაღები ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ რა მოხდა? - ქუმსიშვილი დაინიშნა ფინანსთა მინისტრად. ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან ის უყურებდა ამ პროცესს სხვანაირად, იმ სტატუსში თავადაც წინააღმდეგი იქნებოდა, მაგრამ ფინანსთა მინისტრის რანგში ქუმსიშვილს შეეშინდა, რომ ბიუჯეტს ვერ შეასრულებს და აღარ აინტერესებს უკვე ეკონომიკის სტიმულირება, რადგან თავისი პრობლემების პრიზმაში გახედა პროცესს. საიდან ამოვიღოთ ეს 500 მილიონი, რომელიც ესტონური მოდელიდან იკარგება და მოდი, აქციზებიდან ამოვიღოთო“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, ახლა ხელისუფლებაში სრული გაუგებრობაა და ეკონომიკურ საკითხებზე კომენტარებს არაპროფილური პირები აკეთებენ.
„დღეს ვაკვირდებოდი და ამ ეკონომიკურ რეფორმებზე ტელევიზიებში ძირითადად დაარბენინებენ მამუკა მდინარაძეს. რატომ უნდა პასუხობდეს ამ კითხვებს მდინარაძე, ჩემთვის გაუგებარია“, - დასძინა ხუხაშვილმა.