თამარ კორძაია - არ ვისურვებდი ბატონი კვირიკაშვილის ადგილას ყოფნას, რადგან უმძიმეს მდგომარეობაშია

თამარ კორძაია - არ ვისურვებდი ბატონი კვირიკაშვილის ადგილას ყოფნას, რადგან უმძიმეს მდგომარეობაშია

მოქალაქეები, რომლებმაც კონსტიტუციური უმრავლესობა აჩუქეს ამ გუნდს, მინიმუმ იმსახურებენ, რომ ვინმემ რამე გასაგებ ენაზე აუხსნას და ლეგენდებით არ იკვებონ, - ამის შესახებ ”რესპუბლიკური პარტიის” წევრმა თამარ კორძაიამ ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსის” ეთერში განაცხადა.

თამარ კორძაიას თქმით, ის, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე, გულშემატკივარია, რომ ქვეყანაში მდგომარეობა გამოსწორდეს, ვინაიდან ეს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში შედის.

”პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები გამოდიან და ერთ განცხადებას აკეთებენ, ხოლო მერე გამოდიან ამავე გუნდის პარლამენტის წევრები, სხვა განცხადებებს აკეთებენ და ეს ყველაფერი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მათ არ აქვთ შეჯერებული პოზიციები. მოქალაქეები, რომლებმაც კონსტიტუციური უმრავლესობა აჩუქეს ამ გუნდს, მინიმუმ იმსახურებენ, რომ ვინმემ რამე გასაგებ ენაზე აუხსნას და ლეგენდებით არ იკვებონ. იმ ლეგენდებით, რომ ერთი მინისტრის მეორე მინისტრით შეცვლა ვითარებას გამოასწორებს. ძალიან მძიმე ვითარებაა. არ შეიძლება არ ვთქვა, რომ ამ პოლიტიკურ გუნდს ლიდერი არ ყავს და ვერ ეყოლება, რადგან ყველას მზერა და აზრი არის მიმართული ბიძინა ივანიშვილისკენ. არ ვისურვებდი ბატონი კვირიკაშვილის ადგილას ყოფნას და არც ვუსურვებდი არავის, რადგან უმძიმეს მდგომარეობაშია”, - განაცხადა თამარ კორძაიამ. 

ყოფილი დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანაში ვითარება დასტაბილურდება და ყოველ დღე ადამიანები იმის შიშით არ გაიღვიძებენ, რომ ერთი დოლარი სამი ლარი ეღირება.