ნატო–ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფორმატის შეხვედრა გაიმართა

ნატო–ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფორმატის შეხვედრა გაიმართა

ბრიუსელში ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართული ნატო–ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (Resolute Support Mission) ფორმატის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიიღო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მსვლელობისას ქვეყნებმა განიხილეს ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი მდგომარეობა და „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მიმდინარეობა. მათივე ინფორმაციით, ალიანსის წევრმა და პარტნიორმა ქვეყნებმა ცალსახა მხარდაჭერა აღუთქვეს ავღანეთს უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების გამკლავებაში. შეხვედრაზე აღინიშნა ქალაქ მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მოგერიებაში ქართველი სამხედროების მიერ შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

უწყების ინფორმაციითვე, თავის გამოსვლაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნების საერთო ძალისხმევამ გააძლიერა ავღანელი ხალხი მის მიერ ტერორიზმთან ბრძოლის წარმოებაში და შეიქმნა ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

ქართული მხარე მიესალმა ავღანეთის „ეროვნული თანხმობის მთავრობის“ მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან სამუშაოს, მათ შორის ეროვნული შერიგების პროცესის მიმდინარეობას.

ასევე აღინიშნა საქართველოს, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში აქტიური წვლილის შემტანი ქვეყნის როლი. ქართულმა მხარემ დაადასტურა, რომ იგი მხარს დაუჭერს ალიანსს მისიის განხორციელებაში 2016 წლის შემდეგ და შეინარჩუნებს არსებულ კონტინგენტს 2017 წლის ბოლომდე. გარდა ამისა, საქართველო გააგრძელებს ავღანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენას.