ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიასა და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იან კელის შეხვედრაზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. ეკონომიკის მინისტრის რანგში ეს გიორგი გახარიას აშშ-ს ელჩთან პირველი შეხვედრა იყო.
შეხვედრაზე, იან კელიმ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. როგორც აღინიშნა, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ორივე ქვეყანა მნიშვნელოვნად არის დაინტერესებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებით ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში. ელჩთან შეხვედრაზე გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ეკონომიკურ რეფორმებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება ამერიკელი ინვესტორებისთვის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე.
გიორგი გახარიამ იან კელის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების თანადგომა სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებისა და ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობის მიმართულებით მნიშვნელოვანი საფუძველია ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის.