პრემიერ-მინისტრმა საკუთარ განცხადებაში აქცენტები ძალიან ცხადად დასვა - თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ 4-პუნქტიანი გეგმა და პრემიერის ინიციატივები რაიმე თვალსაზრისით მიუღებელია, ის მაინც განხორციელდება, რადგან მიზანი არსებული გამოწვევებისა და პრობლემების დაძლევაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა.
ამასთან, როგორც ბესელიამ განმარტა, მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან გამართული შეხვედრისას დაისვა ყველა კითხვა, ყოველგვარი სიმწვავისა და დაპირისპირების გარეშე.
“ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, სადაც დაისვა ყველა კითხვა, ყოველგვარი სიმწვავისა და დაპირისპირების გარეშე. ვისაც სურვილი გვქონდა, მეტი ინფორმაცია მიგვეღო ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით, ამ თემებზე ძალიან გულღიად ვისაუბრეთ. არავითარი შეუთანხმებლობა, საკითხი, რომლის თაობაზეც გუნდის შიგნით განსხვავებული პოზიციები გამოიკვეთა, არ მომისმენია. ბიუჯეტის პროექტის სესიაზე საბოლოოდ განხილვამდე, სამუშაო შეხვედრები კიდევ გაიმართება. ეს იმას ემსახურება, რომ ახალი ინიციატივები სწორად იყოს გაგებული და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმასთან იყოს თანხვედრაში“, - განაცხადა ბესელიამ.
მიუხედავად მცდელობისა, ვერავინ შეძლებს ხელი შეგვიშალოს ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმების გატარებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც პრემიერი შემოსავლების მობილიზაციის გეგმაზე მთავრობაში ერთიანი პოზიციის არქონასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმიანება.
გიორგი კვირიკაშვილი ამ ბრალდებებს დაუსაბუთებელსა და აბსურდულს უწოდებს.
”მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო საზოგადოებისთვის, რომ მთავრობის შემოსავლების მობილიზაციის გეგმა, რომელიც ასახულია 2017 წლის ბიუჯეტში, შემუშავებულია მთელი სამთავრობო გუნდის მიერ - ეს არის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის განსახორციელებლად გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ეს არის მთელი სახელისუფლებო გუნდის შეთანხმებული პოზიცია, რომელიც ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების სწრაფად დაძლევასა და მომავალ განვითარებას ემსახურება. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ გეგმის განხორციელებაზე. მიუხედავად მცდელობისა, ვერავინ შეძლებს ხელი შეგვიშალოს ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმების გატარებაში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის კეთილდღეობისა და ქვეყნის სწრაფი განვითარებისკენ არის მიმართული. რაც მთავარია, საზოგადოებას და ჩვენს მოქალაქეებს ესმით, რომ ამა თუ იმ ნაბიჯს, რომელიც დღეს შეიძლება ბევრისთვის მარტივი არ იყოს, აუცილებლად მოჰყვება ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება და უკეთესი მომავალი”, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.