ვარაუდები, თითქოს ”ქართული ოცნება” არ არის ისეთი პროდასავლური, როგორც ჩვენი წინამორბედები, რეალობისგან ძალიან შორს არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოცემა POLITICO-ს ჟურნალისტ დევიდ ჰერცენჰორნთან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტი დაინტერესდა რას ფიქრობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის, მოლდოვისა და ბულგარეთის ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით, კერძოდ ასახავს თუ არა ისინი კურსის შეცვლას რუსეთის მიმართულებით. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ამ ქვეყნებში ჩატარებული არჩევნებიდან არ გასულა საკმარისი დრო იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ, იხრებიან თუ არა ეს ქვეყნები მოსკოვისკენ.
„ჩემი აზრით, უბრალოდ უნდა დაველოდოთ მათ შემდგომ ნაბიჯებს“, -განაცხადა კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, რომ მსგავსი ვარაუდები რუსეთისკენ კურსის შეცვლის შესახებ გამოითქვა 2012 წელს, როდესაც ”ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ”ეს ვარაუდები, თითქოს ”ქართული ოცნება” არ არის ისეთი პროდასავლური, როგორც ჩვენი წინამორბედები, რეალობისგან ძალიან შორს არის”.
”რით განვსხვავდებით ჩვენ? იმით, რომ ჩვენ უფრო პრაგმატული ვართ და ვცდილობთ რუსეთთან ურთიერთობებში დაძაბულობის დეესკალაციას. რატომ ვაკეთებთ ამას? იმიტომ, რომ უზრუნველვყოთ სათანადო სტაბილურობა რეგიონში, პირველ რიგში, ვიყოთ თანამიმდევრული დასავლეთთან, ევროკავშირსა და ნატო-სთან მიმართებით და, რა თქმა უნდა, შევქმნათ ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელი სტაბილურობა. რასაკვირველია, ჩვენ გვინდა ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ ამისთვის აუცილებელი პირობაა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ქართული მხარე თვლის, რომ ე.წ. თანამშრომლობის შესახებ სხვადასხვა შეთანხმების ხელმოწერით ხორციელდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი შთანთქმა რუსეთის პოლიტიკური, სამხედრო და ბიუროკრატიული სივრცის მიერ.
”რასაკვირველია, ეს ძირს უთხრის სტაბილურობას რეგიონში. მიუხედავად ამისა, ჩვენ განუხრელად ვაგრძელებთ ჩვენი პრაგმატული დეესკალაციის პოლიტიკის გატარებას, რადგან ვაცნობიერებთ, რომ არ არსებობს ამ კონფლიქტის მოგვარების სამხედრო გზა. ეს ძალიან რთული საკითხია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.