გამოვთქვამთ დიდ იმედს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი უახლოეს მომავალში წარმატებით გადაწყდება

გამოვთქვამთ დიდ იმედს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი უახლოეს მომავალში წარმატებით გადაწყდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდ იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში ვიზალიბერალიზაციის საკითხი წარმატებით გადაწყდება. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა გამოცემა POLITICO-ს ჟურნალისტ დევიდ ჰერცენჰორნთან ინტერვიუში განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, მისი პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ სწორედ ბრიუსელში შედგა, რაც სიმბოლურია.

”სიმბოლურია, რომ პირველი ვიზიტი სწორედ ევროპის დედაქალაქში იმართება, რაც ხაზს უსვამს ევროინტეგრაციის, როგორც საქართველოს სტრატეგიული მიზნის მნიშვნელობას”, - განაცხადა პრემიერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ასრულებს თუ არა ევროკავშირი საქართველოსთვის მიცემულ დაპირებებს, განსაკუთრებით, საქართველოს მხრიდან დასავლეთთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თუ ჟურნალისტი ვიზების ლიბერალიზაციას გულისხმობს, ”ეს საკითხი როგორღაც შეფერხდა ევროპულ ინსტიტუტებს შორის”.

”ვიზების ლიბერალიზაციას აქვს უზარმაზარი გარდამქმნელი ძალა, რომელიც ამოძრავებს რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების პროცესს. გამოვთქვამთ დიდ იმედს, რომ უახლოეს მომავალში ეს საკითხი წარმატებით გადაწყდება”, -განაცხადა პრემიერმა.

გარდა ამისა, კვირიკაშვილმა ძალიან მაღალი შეფასება მისცა „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით მიღებულ სარგებელს, როგორც უდიდეს მიღწევას, რომელიც საქართველოს აქცევს ევროპის სტრუქტურის ნაწილად ჯერ კიდევ ევროპულ ოჯახში მის გაწევრებამდე“.

პრემიერის ინტერვიუს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.