საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აბსოლუტურ სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მთავრობაში ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით შეჯერებული პოზიცია არ არის.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
”გავრცელებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, აბსოლუტური სიცრუეა. ყველა მინისტრმა, გუნდის ყველა წევრმა ძალიან დეტალურად შეისწავლა ეს საკითხი, არა მარტო თავთავიანთი მიმართულებით, არამედ სრულიად. შესაბამისად, ჩვენ ყველა როგორც გუნდი პასუხს ვაგებთ იმაზეც, რომ ერთიანი პოზიცია გვაქვს ეკონომიკურ პოლიტიკასთან, მთლიანად მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, ასევე იმაზეც, რომ ეს უზრუნველყოფს სწორედ ჩვენი ეკონომიკის სწრაფ ზრდას და განვითარებას”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელმაც შემოსავლების მობილიზაციის გეგმაზე მთავრობაში ერთიანი პოზიციის არქონასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებს დაუსაბუთებელი და აბსურდული უწოდა. კვირიკაშვილის თქმით, შემოსავლების მობილიზაციის გეგმა, რომელიც ასახულია 2017 წლის ბიუჯეტში, შემუშავებულია მთელი სამთავრობო გუნდის მიერ.