პარლამენტში ქალები წარმოდგენილია მხოლოდ 16%-ით, მაშინ როდესაც მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ქალია

პარლამენტში ქალები წარმოდგენილია მხოლოდ 16%-ით, მაშინ როდესაც მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ქალია

აუცილებელია, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს ცვლილება, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობოს გაზრდას, - ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის - "2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გენდერული ანალიზი, ძირითადი მიგნებები და გამოწვევები" შუალედური შედეგების პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, კვლევის მიზანია შეისწავლოს, რამდენად უწყობს ხელს საქართველოში არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა ინკლუზიურ საარჩევნო გარემოს, მათ შორის ქალთა მონაწილეობას პოლიტიკაში.

"ამ კვლევის შედეგად ნათლად ჩანს, რომ აუცილებელია საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს ცვლილებება, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას.

დღეს საქართველოს პარლამენტში ქალები წარმოდგენილი არიან მხოლოდ 16%-ით, მაშინ როდესაც მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი არის ქალი საქართველოში. ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტი არის სამართლიანად ინკლუზიური. ქალები არ არიან სათანადოდ წარმოდგენილი, ისევე, როგორც სხვა მოწყვლადი ჯგუფები. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვიაროთ იმ მიმართულებით, როდესაც პარლამენტი მაქსიმალურად იქნება ამსახველი საზოგადოებაში არსებული მრავალფეროვნების.

ძალიან მნიშვნელოვანია დავიწყოთ ეს საკითხი ქალების თანაბარი წარმომადგენლობის უზრუნველყოფით",- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს პარლამენტში პროცენტულად უფრო მეტი ქალია, ვიდრე ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, თუმცა ეს პროცენტი(16) მაინც არის ძალიან დაბალი.

"ამას რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, განაპირობებს კანონმდებლობა, რომელიც ხელს არ უწყობს ქალების პოლიტიკურ მონაწილეობას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორები არის კულტურული, სოციოლოგიური და ასევე ეკონომიკური. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ უცებ აღმოჩნდება საზოგადოებაში დიდი რაოდენობა ქალების, რომლებიც შევლენ პოლიტიკურ ბრძოლაში მაშინ, როდესაც ქალებს აქვთ ყოველდღიური პრობლემები, მათ შორის აწყდებიან ოჯახში ძალადობას და საზოგადოების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლებს",- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კვლევა "2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გენდერული ანალიზი, ძირითადი მიგნებები და გამოწვევები" პროექტის - "საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის" ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (usaid) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.