ნებისმიერი საკითხი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკის აქტუალიზაციას წაადგება, მათ შორის ისეთ მაღალ ტრიბუნაზე როგორი არის გაერო, ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
მან ამ კონტექსტში ისიც აღნიშნა, რომ ძალიან ბევრია გასაკეთებელი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
“ძალიან მნიშვნელოვანია ის რეზოლუციები, რომელსაც გაერო, ჩვენი სხვადასხვა პატრნიორი ორგანიზაციები იღებენ. ეს არის არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ჩვენი მთავრობა ძალიან უწყობს ხელს დიპლომატიური არხებისა და სხვადასხვა ურთიერთობების მეშვეობით“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.
გაერო-ში უკრაინის დელეგაცია გაერო-ს უშიშროების საბჭოში საქართველოს საკითხის განხილვის ინიციატივით გამოვიდა, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნას უკავშირდება, - წერს უკრაინული გამოცემა lb.ua.
”რუსეთის პრეზიდენტის მიერ სოხუმის რეჟიმთან გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის კანონის ხელმოწერასთან დაკავშირებით 6 დეკემბერს უკრაინის დელეგაცია გაერო-ს უშიშროების საბჭოში საქართველოს საკითხის განხილვის ინიციატივით გამოვიდა“, - განაცხადა გაერო-ში უკრაინის ელჩმა ვლადიმერ ელჩენკომ.
მისი თქმით, კონსულტაციების ფარგლებში უკრაინის და სხვა ქვეყნების დელეგაციებმა დაგმეს რუსეთის ქმედებები, რაც წარმოადგენს რუსეთის მცდელობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოახდინოს უკანონოდ განლაგებული რუსეთის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმაცია.
”უკრაინის დელეგაციამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს შესთავაზა პრესისთვის ოფიციალური განცხადება გაეკეთებინათ, რომელიც ორი საკითხისგან შედგება - პირველი, უშიშროების საბჭომ საქართველოში სიტუაცია განიხილა; მეორე, უშიშროების საბჭოს წევრებმა დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. თუმცა, რუსეთის დელეგაციამ ეს წინადადება დაბლოკა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ სურს პატივი სცეს გაერო-ს წესდების პრინციპებს“, - დასძინა გაერო-ში უკრაინის ელჩმა.