საკონსტიტუციო კომისიამ იმუშავა, დადო თავისი პროექტი, გარკვეული ვერსია, ეს არ უნდოდათ, შესაბამისად, ჯერ თქვას უმრავლესობამ რისი შეცვლა უნდა კონსტიტუციაში, - ამის შესახებ ”რესპუბლიკური პარტიის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციატივას, საკონსტიტუციო კომისიის შესაძლო თანათავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, კორძაიამ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ინიციატივა კარგია, ვინაიდან ის არის დამაკავშირებელი რგოლი და თუ პრეზიდენტი შეძლებს ამ პროცესის გაკეთილშობილებას, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.
”საკონსტიტუციო კომისიას და კონსტიტუციური ცვლილებების იდეას ოპტიმისტურად არ ვუყურებ. მიუხედავად იმისა, თუ როგორი გახსნილობის სურვილიც არ უნდა გამოხატოს დღევანდელმა უმრავლესობამ, ეს პროცესი ღია არ იქნება, არ გამოვა თანამონაწილეობითი, რადგან თუ ვინმეს უნდოდა თანამონაწილოებითი პროცესი, ამის საუკეთესო საშუალება არსებობდა წინა პარლამენტში. ახლა კი, აბსოლუტური უმრავლესობა აქვს ”ქართულ ოცნებას” და მას ეს არ სჭირდება, რასაც უნდა იმას გააკეთებს. ფასადური გამჭვირვალობა ნაკლებად მნიშვნელოვანია”, - განაცხადა კორძაიამ.
მისივე თქმით, კომისიის შექმნა კანონით დადგენილი ვალდებულებაა, უნდა შეიქმნას და იმუშაოს, თუმცა კომისიამ უკვე იმუშავა და გარკვეული მოდელიც დადო.
”ჯერ უნდა თქვან რისი შეცვლა უნდათ. თუ მხოლოდ იმის შეცვლა უნდათ რომ პრეზიდენტი არჩეული იქნას პარლამენტის მიერ, ეს უკვე ცალსახად ნათელია და ეს მიუღებელი იქნება როგორც ”რესპუბლიკელებისთვის”, ისე სხვა ბევრი პოლიტიკური ძალისთვის. უნდა ვნახოთ რისი შეცვლა უნდათ კონსტიტუციაში, რა არის ის ფუნდამენტური საკითხები, რისი შეცვლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ის არ უნდა იყოს მხოლოდ პრეზიდენტის არჩევის წესის ავტომატური ცვლილება”, - განმარტა თამარ კორძაიამ.