სოფო კილაძე:   ნამდვილად ვერ დავადასტურებ, რომ გუნდში რაიმე უთანხმოებაა

სოფო კილაძე: ნამდვილად ვერ დავადასტურებ, რომ გუნდში რაიმე უთანხმოებაა

ნამდვილად ვერ დავადასტურებ, რომ გუნდში რაიმე უთანხმოებაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განუცხადა.

კითხვაზე, ვის გულიხმობს პრემიერ-მინისტრი, როცა ის იმის შესახებ საუბრობს, რომ ვერავინ შესძლებს შეუშალოს ხელი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმების გატარებაში, კილაძემ განაცხადა, რომ “უპრიანია, ამის შესახებ თავად პრემიერს ვკითხოთ“.

“კრიტიკა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან ისმის, არახალია - დემოკრატიულ სახელმწიფოში ეს ასეც უნდა იყოს და ასეც არის. რაც შეეხება გუნდში უთანხმოებას, ამას ნამდვილად ვერ დავადასტურებ. პრემიერ-მინისტრმა სწორად ბრძანა, რომ ჩვენ 4-პუნქტიან გეგმას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. იმ მიზნებს, რომელიც დავისახეთ და დავპირდით ხალხს, შევასრულებთ“, - აღნიშნა კილაძემ.

მიუხედავად მცდელობისა, ვერავინ შეძლებს ხელი შეგვიშალოს ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმების გატარებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც პრემიერი შემოსავლების მობილიზაციის გეგმაზე მთავრობაში ერთიანი პოზიციის არქონასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმიანება.

გიორგი კვირიკაშვილი ამ ბრალდებებს დაუსაბუთებელსა და აბსურდულს უწოდებს.

”მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო საზოგადოებისთვის, რომ მთავრობის შემოსავლების მობილიზაციის გეგმა, რომელიც ასახულია 2017 წლის ბიუჯეტში, შემუშავებულია მთელი სამთავრობო გუნდის მიერ - ეს არის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის განსახორციელებლად გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ეს არის მთელი სახელისუფლებო გუნდის შეთანხმებული პოზიცია, რომელიც ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების სწრაფად დაძლევასა და მომავალ განვითარებას ემსახურება. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ გეგმის განხორციელებაზე. მიუხედავად მცდელობისა, ვერავინ შეძლებს ხელი შეგვიშალოს ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმების გატარებაში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის კეთილდღეობისა და ქვეყნის სწრაფი განვითარებისკენ არის მიმართული. რაც მთავარია, საზოგადოებას და ჩვენს მოქალაქეებს ესმით, რომ ამა თუ იმ ნაბიჯს, რომელიც დღეს შეიძლება ბევრისთვის მარტივი არ იყოს, აუცილებლად მოჰყვება ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება და უკეთესი მომავალი”, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.