საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის წერილი ევროპარლამენტისადმი კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირისთვის საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის პრიორიტეტულობას.
როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, წერილით რომელიც გასაჯაროვდა, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხის პრიორიტეტულობას, როგორც ევროპული ინსტიტუტებისთვის, ასევე ზოგადად ევროპული პოლიტიკისთვის.
მისი განცხადებით, ეს ასევე დადასტურდა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე, სადაც ცალსახად დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან.
"საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ეს წარმოადგენს ევროპული პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერით და ინტერესით ეს პროცესი მალე დასრულდება"-აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებში აქტიურად მიმდინარეობს ე.წ. შეჩერების მექანიზმზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი და როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში კოლეგა მინისტრებთან გამართული შეხვედრების დროს, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხის პარალელურად განხილვის ერთ-ერთი თემა სწორედ ვიზალიბერალიზაციაა და საქართველოს ამ პროცესში აქვს პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოების სრული მხარდაჭერა.