უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთისა და აფხაზეთის გაერთიანებული შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის საკითხის განხილვის ინიციატივით გამოვიდა

უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთისა და აფხაზეთის გაერთიანებული შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის საკითხის განხილვის ინიციატივით გამოვიდა

გაერო-ში უკრაინის დელეგაცია უშიშროების საბჭოში რუსეთისა და ოკუპირებულ აფხაზეთის მიერ გაერთიანებული შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის საკითხის განხილვის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ უკრაინულ სააგენტო LB.ua-თან ინტერვიუში გაერო-ში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა ვლადიმერ ელჩენკომ განაცხადა.

"რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ სოხუმის რეჟიმთან ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირების კანონის ხელმოწერის გამო, 6 დეკემბერს უკრაინის დელეგაცია გაერო-ს უშიშროების საბჭოში საქართველოში შექმნილი ვითარების განხილვის ინიციატივით გამოვიდა", - განაცხადა ელჩენკომ.

უკრაინის ელჩის თქმით, კონსულტაციების დროს უკრაინისა და სხვა დელეგაციებმა დაგმეს რუსეთის ქმედებები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების უკანონო განთავსების ლეგიტიმაციის მცდელობას წარმოადგენს. ასევე, აღნიშნული იყო, რომ რუსული მხარე უხეშად არღვევს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, კერძოდ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.

"ამას გარდა, უკრაინამ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, გაიყვანოს სამხედროები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან აფხაზეთსა და ცხინვალის რგეიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესაქმნელად და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად", - განაცხადა ვლადიმერ ელჩენკომ.

ელჩის თქმით, უკრაინის დელეგაციამ უშიშროების საბჭოს პრესისთვის ორპუნქტიანი განცხადების მიღება შესთავაზა, სადაც ნათქვამი იქნებოდა, რომ საბჭომ განიხილა საქართველოში არსებული ვითარება და დაფიქსირებული იქნებოდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, თუმცა ინიციატივა საბოლოოდ რუსეთმა დაბლოკა.