ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაცია ფარულად მოხდა, შესაბამისი ექსპერტიზა ჩატარდა და არაფერი არ აღმოჩნდა.
როგორც ზოდელავამ კიევიდან ჩართვისას, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს განუცხადა, ზურაბ ჟვანიას საქმეზე გამოძიების პირველადი ვერსია სწორია და მისი საპირისპირო მტკიცებულებები არ არსებობს.
მისივე თქმით, ზურაბ ჟვანიას საქმე პოლიტიზებულია, ”ქართულმა ოცნებამ” ამ საქმისადმი იტერესი დაკარგა და ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები ამიტომაც არც საპარლამენტო სიაში და არც მაღალ თანამდებობებზე არ მოხვდნენ.
"ჩემი ინფორმაციით, ფარულად მოხდა ზურაბ ჟვანიას გვამის ექსჰუმაცია, შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება და არაფერი არ აღმოჩნდა. ამ საკითხის მიმართ ”ქართულმა ოცნებამ” დაკარგა ყოველგვარი ინტერესი, ამიტომაც გოგლა ჟვანია არ იყო საპარლამენტო სიაში, მისი მეუღლე არ არის მინისტრის პირველი მოადგილე. ადამიანები, რომლებიც ამ საქმეზე ციხეში ისხდნენ, პატიმრობაში აბსოლუტურად არაფრის გამო იმყოფებდნენ”, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.