გიგა ბოკერია:  ივანიშვილის პროკურატურამ ისეთი დისკრედიტაცია განიცადა, რომ ნდობა არის ნულოვანი

გიგა ბოკერია: ივანიშვილის პროკურატურამ ისეთი დისკრედიტაცია განიცადა, რომ ნდობა არის ნულოვანი

დღევანდელი პროკურატურა იმ მდგომარეობაში არ არის, რომ რაიმე საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დაადგინოს - პროკურატურა პოლიტიკურად მოტივირებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საქმე თავიდანვე იწვევდა კითხვებს მტკიცებულებების თვალსაზრისით. ბოკერიას აზრით, სწორედ ამან განაპირობა დაკავებული ფოტოგრაფების საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლება.

„პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ივანიშვილის პროკურატურამ ისეთი დისკრედიტაცია განიცადა, ის იმდენად პოლიტიზებული და ერთი ადამიანის დაკვეთის შემსრულებელია, რომ ნდობა არის ნულოვანი, თუ არა მინუსებში გადასული. ამიტომ მათ დასკვნებზე სერიოზულ კომენტარსაც კი ვერ გავაკეთებ. ჩვენ გვესმის, რისთვის აკეთებენ ისინი ყველაფერს, იმის მიუხედავად, ესა თუ ის საქმე თავის დროზე იწვევდა თუ არა კითხვის ნიშნებს. პროკურატურის რეპუტაცია ისეა გაფუჭებული, რომ რაც არ უნდა გააკეთონ, ჩემში ეს ავტომატურად უნდობლობას იწვევს. თავის დროზე ფოტოგრაფების საქმეზე იყო ბევრი კითხვა, იყო სერიოზული კითხვები, ანუ საკუთარ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი კომპეტენცია არ გახლდათ. ვვარაუდობ, რომ თავის დროზე პროკურატურამ ეს საქმე საპროცესო შეთანხმებით და ფოტოგრაფების გათავისუფლებით იმიტომ დაასრულა, რომ საქმე როგორც მინიმუმ იყო სუსტი, მტკიცებულებების თვალსაზრისით. ის, რასაც დღეს ვისმენთ, არადამაჯერებელია, რადგან ამ ყველაფრის წყარო არის ივანიშვილის ჯიბის პროკურატურა, რომელსაც მხოლოდ ის აინტერესებს, რომ საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტს ავნოს“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

მისი შეფასებით, სრული აბსურდი და საღი აზრის ფარგლებს გარეთ არის განცხადება იმის შესახებ, რომ ფოტოგრაფების დაკავება 26 მაისის აქციის დაშლის ამსახველი ფოტოების გავრცელებას ეხებოდა. „26 მაისის კადრები ყველა ტელევიზიამ გადაიღო მსოფლიოში. ამის მოტივად მოყვანა სრული სისულელეა. ამას მაშინაც ასე ვთვლიდი და ახლაც ასე ვთვლი“, - აღნიშნა ბოკერიამ.