უპატიებელი შეცდომა იქნება, თუ ძალისხმევას არ გამოვიჩენთ ამ პროექტის დასასრულებლად

უპატიებელი შეცდომა იქნება, თუ ძალისხმევას არ გამოვიჩენთ ამ პროექტის დასასრულებლად

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცს საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე წერილს უგზავნის.

„მაშინ, როდესაც ამ წერილს ვწერ, უკრაინისა და საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი სადაცაა მიღებული იქნება. ამჟამად ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ევროპარლამენტი განიხილავენ ე.წ. ‘შეჩერების მექანიზმს“. მაგრამ რაც ამ ფსონზე დევს, ამ პროცესის ფარგლებში გაცილებით მეტია, ვიდრე ევროკავშირის პოლიტიკურ სისტემაში ძალთა ბალანსის საკითხი. ფსონზე დევს ჩვენი მეზობელი ერების ლეგიტიმური იმედები და მისწრაფებები, ასევე ევროკავშირის რეპუტაცია“, - წერს დონალდ ტუსკი თავისი წერილის დასაწყისში.

ტუსკი აღნიშნავს, რომ მათ პარტნიორებს მკაცრი მოთხოვნები წაუყენეს, რაც მტკივნეული რეფორმებისა და ხშირად სერიოზული პოლიტიკური რისკის ფასად დააკმაყოფილეს. „მათ ეს გამოწვევა მიიღეს იმ მტკიცე რწმენით, რომ ევროკავშირი შეასრულებდა თავის ვალდებულებებსა და დანაპირებს. ნება მიბოძეთ გავიმეორო, რომ რისი დაკარგვის რისკის წინაშეც ვდგავართ, არა მხოლოდ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს, არა მხოლოდ ჩვენს მეზობლებთან ჩვენს მომავალ ურთიერთობებს მოიცავს, არამედ ჩვენდამი ნდობის დაკარგვასაც“, - აცხადებს ტუსკი.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხაზს უსვამს ევროპარლამენტის უაღრესად დადებით როლს მოლაპარაკებების პროცესში და აღნიშნავს, რომ სამწუხარო იქნება, თუკი ეს მძიმე სამუშაო სასურველ შედეგს არ გამოიღებს.

„მესმის, თუ რატომ ანიჭებთ ასეთ მნიშვნელობას ევროპარლამენტის როლს შეჩერების მექანიზმის შემუშავებაში. ასევე შემიძლია გავუგო ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ თვითონ გადაწყვიტონ, თუ ვინ გადმოკვეთს მათ საზღვრებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მხარეს აქვს საკუთარი არგუმენტები და უთუოდ კეთილი ნება, როგორც ჩანს, ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას ვფლანგავთ.

თუკი ჩვენ ვაპირებთ უვიზო მიმოსვლა რეალობად ვაქციოთ, მტკიცედ დარწმუნებული ვარ, რომ შეჩერების მექანიზმი უნდა იყოს ძლიერი და ეფექტური. შესაბამისად, თუ ჩვენ ვაპირებთ შევინარჩუნოთ ჩვენდამი ნდობა, უდა ვიპოვოთ ამ პრობლემის მოგვარების უფრო რეალისტური, ვიდრე იდეალური გზა. უპატიებელი შეცდომა იქნება, თუ ძალისხმევას არ გამოვიჩენთ ამ პროექტის დასასრულებლად. ჩვენ უბრალოდ ვერ დავუშვებთ, რომ ისინი, ვინც გვენდო, ჩვენი შიდა უთანხმოების მსხვერპლად ვაქციოთ. მჯერა, რომ ჩვენ შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით სწრაფ შეთანხმებას მოვძებნით. დრო ჩვენს მხარეს არ არის, თუმცა ჯერ კიდევ შეგვიძლია ამ რბოლაში გამარჯვება“, - წერს დონალდ ტუსკი.