მაიკლ კარპენტერი:   ჩვენ ვამაყობთ თქვენს სამხედროებთან თანამშრომლობით

მაიკლ კარპენტერი: ჩვენ ვამაყობთ თქვენს სამხედროებთან თანამშრომლობით

საქართველო აშშ-ის ერთგული პარტნიორია და ჩვენ ვამაყობთ თქვენს სამხედროებთან თანამშრომლობით, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არსებობს 2009 წლიდან. ეს პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს, რომლებსაც ვიზიარებთ. საქართველომ ახლახან ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები, აშშ-შიც არჩევნები გვქონდა. აქ ახლა ვიმყოფებით თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების განსახილველად. ივლისში სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი იყო ჩამოსული საქართველოში და ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად ხელი მოვაწერეთ უსაფრთხოების სფეროში სამწლიან ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებსაც ერთად გადავდგამთ, რათა განვახორციელოთ ის, რასაც ხელი მოაწერეს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

მისი თქმით, აშშ მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას და საქართველოს ტერიტორიული თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას.

„აშშ მოხარულია წინ წაწიოს ჩვენს სამხედროებს შორის თანამშრომლობა. უფრო მეტ ერთობლივ წვრთნას ჩავატარებთ, რაც თავის მხრივ ეფუძნება ნატო-საქართველოს პაკეტს, რომელსაც უელსის სამიტზე მივაღწიეთ. ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში ბევრი კეთდება და უფრო მეტს გავაკეთებთ, რათა დავეხმაროთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს გაწვრთნაში. მომავალში ასევე უფრო მეტს გავაკეთებთ, რათა გავაძლიეროთ საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობები. ეს ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. საქართველო აშშ-ის ისეთი ერთგული პარტნიორია, რომ ჩვენ ვამაყობთ თქვენს სამხედროებთან თანამშრომლობით“, - დასძინა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე მაიკლ კარპენტერმა.