“ფოტოგრაფების საქმეზე“ კითხვის ნიშნები არსებობდა, მაგრამ ჩვენი მხრიდან დღევანდელი პროკურატურის ნდობა არის ეჭვქვეშ, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა თენგიზ გუნავამ განუცხადა.
გუნავას თქმით, პროკურატურამ ძალიან ბევრი გახმაურებული საქმე სუბიექტური მიდგომით გამოიყენა და არსებობს ეჭვი, რომ ის მიკერძოებულია, რაც არის პრობლემა.
“ძალიან ბევრი საქმის გამო დღევანდელი პროკურატურის ნდობა ეჭვქვეშ დგას. საქმის გადასინჯვა პრობლემას არ წარმოადგენს. ამ საქმესთან დაკავშირებით იყო კითხვის ნიშნები, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს იმის აღნიშვნას, რომ მიდგომა უნდა იყოს ობიექტური და არა სუბიექტური. სამწუხაროდ, დღევანდელ პროკურატურას ძალიან ბევრ გახმაურებულ საქმეზე აქვს სუბიექტური მიდგომა“, - განაცხადა თენგიზ გუნავამ.
მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, პროკურატურამ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზე დაკავებულ იქნა საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.
ამავდროულად, პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ფოტორეპორტიორების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე და პროკურატურა მათ მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების დადგომას მოითხოვს.
პროკურატურის ინფორმაციით, ფოტორეპორტიორების დაპატიმრება და გამოგონილი ბრალდებით - ჯაშუშობაში დადანაშაულება, წარმოადგენდა წინა ხელისუფლების ანგარისწორებას, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ფოტოების გავრცელების გამო.